საქართველოში ეკონომიკური პრობლემები თუ ოპოზიციურ პარტიებს ვერ ბრალდება, შემდეგი რიგში საგარეო ფაქტორებია, განსაკუთრებით – ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები.
ზოგ შემთხვევაში, ეს სიმართლეა, პრობლემები ნამდვილად არის გამოწვეული თუ არა, გამძაფრებული მაინც რეგიონში მიმდინარე მოვლენებით. პირიქითაც ხდება – ჩვენი მეზობელი ქვეყნების დადებითი დინამიკა საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს საკმაოდ ღია ეკონომიკა აქვს და, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ვაჭრობით, ტურიზმით, ტრანზიტით, ენერგეტიკით, ფულადი გზავნილებითა და ინვესტიციებით. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში – თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. განვიხილავთ ბოლო ხუთი წლის (2015-2019) ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ჩვენს რეგიონში, ბოლო ხუთ წელიწადში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ვალუტის კურსის სტაბილურობის მხრივ ყველაზე კარგი შედეგი სომხეთს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე და უფრო რთული პოლიტიკური მოვლენები გამოიარა. შემდეგ საქართველო მოდის, თუმცა 2015 წლიდან დღემდე საქართველომ რეგიონში ყველაზე ნაკლებად მწვავე პოლიტიკური მოვლენები გამოიარა. რუსეთსა და აზერბაიჯანზე დიდი ნეგატიური გავლენა ჰქონდა ნავთობის ფასის მკვეთრად შემცირებასაც.
ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად თურქეთში გაუფასურდა, ყველაზე ნაკლებად კი სომხეთში. ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონის ხუთი ქვეყნიდან, საქართველო გამონაკლისია, რომლის ვალუტამაც გაუფასურება განაგრძო.
თურქეთი
ბოლო წლებში თურქეთმა მნიშვნელოვანი სირთულეები გამოიარა: ტერორისტული აქტები, სამთავრობო კრიზისი და 2015 წელს ორჯერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, გაუარესებული ურთიერთობები რუსეთთან, რასაც რუსეთის მხრიდან სავაჭრო სანქციების დაწესება მოჰყვა. დემოკრატიის დონის მკვეთრად დაცემა და მასობრივი დაპატიმრებების დაწყება, დასავლეთთან ურთიერთობის გართულება.
ეკონომიკური ზრდა: აღნიშნული პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა 2015-2017 წლებში წლიურად საშუალოდ 5.6%-ით იზრდებოდა, 2018 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.6%-მდე შემცირდა. 2019 წლიდან თურქეთი ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ეკონომიკის 2.5%-ით კლებაა მოსალოდნელი.
ვალუტის კურსი: ბოლო ხუთ წელიწადში თურქული ლირა დოლარის მიმართ 148%-ით გაუფასურდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 8%-ით არის გამყარებული. ინფლაცია: 2015-2017 წლებში ინფლაციის წლიური ტემპი 10% იყო, რაც საკმაოდ მაღალია. 2018 წელს ლირებში გამოსახული სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 20%-ით გაიზარდა. 2019 წლის რვა თვეში კი ინფლაციამ 15% შეადგინდა.
უმუშევრობა: ბოლო წლებში უმუშევრობის დონე თურქეთში 10.7% იყო, რაც 2019 წლის ბოლომდე სავარაუდოდ 12.7%-მდე გაიზრდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2018 წელს თურქეთში 13.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შევიდა, რაც 21%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ 22%-ით ნაკლებია 2015 წლის მოცულობაზე. 2019 წლის ექვს თვეში, 2018 წლის ექვს თვესთან შედარებით, ინვესტიციები 6.3%-ით გაიზარდა.
რუსეთი
რუსეთის ეკონომიკაში განსაკუთრებული პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, რაც ნავთობის ფასის მკვეთრმა დაცემამ და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა. რუსეთის ექსპორტის 60%-მდე ნავთობისა და გაზის ექსპორტზე მოდის. ასევე, ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების 50%-ს ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს.
ეკონომიკური ზრდა: რუსეთისთვის ყველაზე რთული 2015 წელი იყო, როცა ეკონომიკა 2.5%-ით შემცირდა. 2016 წლიდან რუსეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, 2016-2018 წლებში საშუალოდ 1.4%-ით იზრდებოდა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკის 1.2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
ვალუტის კურსი: ბოლო ხუთ წელიწადში რუსული რუბლი დოლარის მიმართ 68%-ით გაუფასურდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 4%-ით არის გამყარებული. ინფლაცია: 2015 წელს რუსეთში 13%-იანი ინფლაცია იყო. 2016-2018 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 4% იყო. 2019 წლის რვა თვეში კი ინფლაციამ 4.3% შეადგინდა, წლის ბოლომდე 5%-ია პროგნოზირებული.
უმუშევრობა: 2015 წელს უმუშევრობის დონე 5.6%-მდე გაიზარდა, შემდეგ წლებში კლების ტენდენცია ჰქონდა და 2018 წელს 4.8% შეადგინა. 2019 წლისთვის უმუშევრობის 4.8%-ზე შენარჩუნებაა პროგნოზირებული.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2018 წელს რუსეთში 9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შევიდა, რაც 69%-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ 28%-ით მეტია 2015 წლის მოცულობაზე. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ინვესტიციები 31%-ით გაიზარდა და ჯამში 10 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის წლიურ მოცულობაზე მეტია.
აზერბაიჯანი
ნავთობისა და გაზის ინდუსტრია აზერბაიჯანის ეკონომიკის 50%-ს შეადგენს, ხოლო ნავთობ- პროდუქტებისა და გაზის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 85%-ია. შესაბამისად, 2014 წლის ბოლოდან ნავთობის ფასის განახევრებამ აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად დააზარალა. ასევე, 2016 წლის აპრილში საომარი მოქმედებები განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 1994 წლის შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტაკება იყო, სადაც ორივე მხრიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ეკონომიკური ზრდა: 2015 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა, რასაც 2016 წელს 3.1%-იანი რეცესია მოჰყვა. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა ნულთან ახლოს იყო, ხოლო 2018 წელს 1.3%-ით გაიზარდა. 2019 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკის 3.4%-ით ზრდაა პროგნოზირებული სავალუტო ფონდის მიერ.
ვალუტის კურსი: ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემცირებულმა სავალუტო ნაკადებმა აზერბაიჯანული მანათის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. 2015 წლის თებერვლამდე აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, მანათის დოლარის მიმართ ფიქსირებული კურსი ჰქონდა, ერთი დოლარი 0.78 მანათი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ მანათის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად აზერბაიჯანმა ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დახარჯა (სულ 15 მილიარდ დოლარამდე რეზერვი ჰქონდა), 2016 წლის ბოლოსთვის მანათი 131%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი 1.80 მანათს გაუტოლდა. ბოლო ხუთ წელიწადში მანათი დოლარის მიმართ 118%-ით გაუფასურდა. ბოლო ერთ წელიწადში კი მანათის კურსი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, 1 დოლარი 1.7 მანათი ღირს.
ინფლაცია: 2015-2017 წლებში აზერბაიჯანში მაღალი ინფლაცია იყო, წელიწადში საშუალოდ 11%. 2018-2019 წლებში კი საშუალო წლიური ინფლაცია 2.4%-ია.
უმუშევრობა: კრიზისის ფონზეც კი უმუშევრობის დონე უმნიშვნელოდ გაიზარდა და ბოლო ხუთი წელია, 5%-თან ახლოს არის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2018 წელს აზერბაიჯანში 4.1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შევიდა, რაც 28%-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე, 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ინვესტიციები 21%-ით შემცირდა.
სომხეთი
სომხეთს მცირე ეკონომიკა აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე, საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებსა და სესხებზე. 2015 წლიდან სომხეთი „ევრაზიული კავშირის“ წევრი გახდა და, შესაბამისად, მისი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა. 2018 წლის გაზაფხულზე სომხეთში ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა.
ეკონომიკური ზრდა: 2015 წელს სომხეთის ეკონომიკა 3.3%-ით გაიზარდა. 2016 წელს კი რუსეთის კრიზისის გამო ზრდის ტემპი 0.3%-მდე შემცირდა. 2017 წლიდან სომხეთს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს. 2017-ში ზრდა 7.5% იყო, ხოლო 2018-ში – 5.6%. 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა 7%-მდეა, როცა სავალუტო ფონდის წლიური პროგნოზი 4.6%-ია.
ვალუტის კურსი: ბოლო ხუთ წელიწადში სომხური დრამი დოლარის მიმართ 17%- ით გაუფასურდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 1.2%-ით არის გამყარებული.
ინფლაცია: 2015-2016 წლებში სომხეთში დეფლაცია იყო, ფასები 1.2%-ით შემცირდა. 2017-2018 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია საკმაოდ დაბალი – 2.3% იყო. 2019 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა.
უმუშევრობა: სომხეთი მაღალი უმუშევრობის დონით ხასიათდება. 2016 წელს უმუშევრობის დონე 20.2% იყო, მომდევნო წლებიდან კლება დაიწყო და 2019 წლის ბოლოსთვის 18%-მდე შემცირებაა პროგნოზირებული.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: უცხოური ინვესტიციების მიღებით სომხეთი არ გამოირჩევა. 2018 წელს სულ 254 მლნ დოლარის ინვესტიცია შევიდა, რაც 4 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე. 2019 წლის კვარტალების მაჩვენებლები ვერ მოვიპოვეთ.
დატოვე კომენტარი