საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 69.5%-ია. ინტერნეტით მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი თბილისშია უზრუნველყოფილი (85.5%), შემდეგ მოდის აჭარა (80.3%) და სამეგრელო ზემო სვანეთი (66%).
საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის 92.4% სოციალური ქსელების მოხმარების მიზნით იყენებს. ასევე ინტერნეტის გამოყენების მიზნებს შორის მაღალია ონლაინ ახალი ამბების კითხვაც (52.5%). ელ ფოსტის სარგებლობისთვის ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 51%-ია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის 51.6% ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს. საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს 30.8% იყენებს, სამუშაოს ინტერნეტში 20% ეძებს, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობისთვის ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი კი 26.1%-ია. წინა წლის მონაცემებთან შეარებით, ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი თითქმის ყველა სფეროში გაზრდილია, თუმცა მაგალითად ელ ფოსტის შემოწმების მიზნით თუკი გასულ წელს ინტერნეტს 52.5% იყენებდა, წელს ეს მაჩვენებელი 51.9%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით, ინტერნეტს ყველა ასაკობრივ ჭრილში მაღალი მაჩვენებელი აქვს: 15-29 წლის ასაკის პირებში 95.7%; 30-59 წლამდე პირებში – 89.7%; 60 წელს ზევით – 70.8%.
საქართველოში ინტერნეტით ვაჭრობის მაჩვენებელი იზრდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 15 და მეტი ასაკის მოსახლეობის 20%-ს შეუძენია ან შეუკვეთია საქონელი/მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16.7% იყო, ხოლო 2016 წელს კი 18.6%.
2018 წლის ივლისის მონაცემებით, ინტერნეტ ვაჭრობას უპირატესობას ქალები უფრო მეტად ანიჭებენ (21.8%), ვიდრე კაცები (19.3%). ქალაქებში ინტერნეტ ვაჭრობით მოსახლეობის 25% სარგებლობს, ხოლო სოფლებში კი 9.8%. ამასთან, ინტერნეტ ვაჭრობის ყველაზე დიდი წილით 15-დან 29 წლამდე პირები გამოირჩევიან.
დატოვე კომენტარი