კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დემოკრატიული სახელმწიფოების წინაშე დადგა ამოცანა, მიეღოთ გადამწყვეტი ზომები, რათა აღარ გამეორებულიყო პირველი და მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიები, რომელთა შედეგად სისხლისგან დაიცალა და მიწასთან იქნა გასწორებული ევროპა. აგრეთვე, ძალიან სწრაფად გამოიკვეთა საბჭოთა კავშირის საპირწონედ დემოკრატიული ქვეყნების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების აუცილებლობა. რამდენიმე ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების შემდეგ, კერძოდ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ საბჭოთა კავშირის ან გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებისა და ალიანსის გაფორმების, იმავე დანკერკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რომელსაც 1948 წელს ბენელუქსის ქვეყნებიც მიუერთდნენ დასავლეთ ევროპის კავშირის შექმნის მიზნით და მათ უკვე ბრიუსელის შეთანხმების ორგანიზაცია ეწოდათ, 1949 წლის 4 აპრილს, ანუ ზუსტად 70 წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ნატოსფრად ირიჟრაჟა. აშშ-ის, კანადისა და ათი ევროპული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით (ზემოხსენებულ ევროპულ სახელმწიფოებს შეუერთდნენ პორტუგალია, იტალია, ნორვეგია, დანია და ისლანდია), შეიქმნა დღემდე ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი – ნატო.
დიდწილად სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამსახურებაა, რომ 70 წლის მანძილზე შესაძლებელი გახდა ახალი გლობალური კატაკლიზმების თავიდან აცილება. 1949 წლიდან მოყოლებული, 40 წლის განმავლობაში ნატო-ს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას საბჭოთა კავშირის შეკავება წარმოადგენდა. როგორც მოგეხსენებათ, ალიანსი ამ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდა. ცივი ომის დასრულების, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ გაჩნდა განცდა, რომ თითქოს ნატო-მ თავისი მისია შეასრულა და საკუთარი თავიც ამოწურა. თუმცა იუგოსლავიის დაშლამ და ბალკანეთში წარმოქმნილმა სისხლისმღვრელმა კონფლიქტმა კვლავ წარმოაჩინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, როგორც მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტის, მნიშვნელობა.
მილოშევიჩის რეჟიმის დამარცხების შემდეგ იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რის შემდეგაც პირველად დადგა მე-5 მუხლის ამოქმედების აუცილებლობა, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ერთზე ითვლება თავდასხმად ყველაზე. ნატო ამ დრომდე ახორციელებს “მტკიცე მხარდაჭერის” ოპერაციის ფარგლებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისიას, ამჯერად უკვე 29-წევრიანი შემადგენლობით, რომელსაც სულ მალე შეუერთდება 30-ე წევრი.
ნატო-ს დაფუძნებაში 12 სახელმწიფო მონაწილეობდა. მას შემდეგ მას შეუერთდნენ გერმანია, საბერძნეთი და თურქეთი, ცოტა მოგვიანებით – ესპანეთი, 1990 წელს მოხდა გერმანიის გაერთიანება. ჩვენი გადმოსახედიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ალიანსში 1999 წელს გაწევრიანდნენ ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი, ხოლო ოდნავ მოგვიანებით შედგა დიდი გაფართოების ტალღა, როდესაც ალიანსში სხვებთან ერთად შევიდნენ ბალტიის ქვეყნები (“ბიგ ბენგ” – ასე ეწოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოსგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ნატო-ში გაწევრიანდა). ალბანეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს შემდეგ სულ მალე ნატო-ს რიგებში 30-ე წევრად ოფიციალურად გაწევრიანდება ჩრდილოეთი მაკედონია, რომელმაც ბოლო-ბოლო მოახერხა საბერძნეთთან შეთანხმების მიღწევა სახელთან დაკავშირებით და ამით გაიხსნა გზა ნატო-სა და ევროკავშირისკენ.
ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – ღია კარის პოლიტიკა – უმნიშვნელოვანესია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ ნამდვილად ვართ ყველაზე ღირსეულ პარტნიორთა შორის და წარმოვადგენთ ასპირანტ, ანუ გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რომელიც ალიანსის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გახდება მისი წევრი. ამისთვის ქვეყანას აქვს ყველა, გაწევრიანებისთვის აუცილებელი, ინსტრუმენტი და, რაც მთავარია, ხალხის ურყევი ნება. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ არ მოგვენიჭა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რასაც, საერთაშორისო შეფასებით, მოჰყვა კიდეც რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელება, საქართველოს მოსახლეობაში არასდროს ყოფილა 60%-ზე ნაკლები გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა. ეს კი ბევრ წევრ სახელმწიფოსთან შედარებითაც კი მაღალი მაჩვენებელია. თავად ნატო-ში არის ჭარბი უმრავლესობის მხარდაჭერა ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ კონსენსუსი ჯერჯერობით მიღწეული არ არის. მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორს ისევ და ისევ რუსეთი წარმოადგენს. მართალია, ოფიციალურ განცხადებებში თქვენ ვერ შეხვდებით ამ არგუმენტს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა საუბრებში ბევრი გეტყვით, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაძლო გამეორების საფრთხე მნიშვნელოვნად აფერხებს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას. ადრეც ასე მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ ეს მიდგომა არასწორია: რუსეთი ცნობს მხოლოდ ძალისმიერი პოზიციიდან განხორციელებულ გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან მიმართებითაც ალიანსის მხრიდან პრინციპული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, შეეგუოს ახალ რეალობას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა სხვა ახალი წევრების მიღების შედეგად.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ალიანსმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისი წევრების უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით და დღეს ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში ნატო-ს ძალები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში პატრულირებენ. შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა ნატო-სთვის, ისევე როგორც ბოლო დროის გამოწვევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა კიბერსივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ტრადიციულ სამ განზომილებას – ხმელეთს, ჰაერსა და ზღვას უკვე ოფიციალურად დაემატა მეოთხე – კიბერგანზომილება, სადაც ნატო წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
ნატო-ს წევრებს შორის შეთანხმებულ ურთიერთქმედებათა ხარისხს, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებსა და ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცეში ურთიერთობათა სიმტკიცეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოთა ლიდერების პოზიციონირება და მათ შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება. ნატო-ს არსებობის მანძილზე იყო სიტუაციები, როდესაც პრინციპული უთანხმოების გამო მიიღებოდა რადიკალური გადაწყვეტილებები. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც საფრანგეთმა ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობა დატოვა. იმავე 2008 წელს ბუქარესტში, გერმანიის ხისტი პოზიციის გამო ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ასევე აქტუალურ საკითხს მუდმივად წარმოადგენდა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ის შეთანხმებულ 2%-მდე გაზრდის საკითხი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს თემა განხილვის საკითხიდან აშკარა პრობლემად გადაიქცა. რომ არაფერი ვთქვათ დონალდ ტრამპის მიერ ნატო-ს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი არ უშვებს შესაძლებლობას, იქნება ნატო-ს სამიტი, ორმხრივი უმაღლესი დონის შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, ინტერვიუები თუ მისი საყვარელი ტვიტერ-გზავნილები, და ყველგან ხაზს უსვამს, რომ მის პრეზიდენტად არჩევამდე იყო ნატო-ს დაფინანსების უსამართლო სისტემა და ევროპელები უზრუნველყოფდნენ საკუთარ უსაფრთხოებას აშშ-ის ხარჯზე. ეს ყველაფერი ხდება მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი 2014 წელს ოფიციალურად შეთანხმდა, რომ 2024 წლისთვის 2%-იან მაჩვენებელს ყველა სახელმწიფო შეასრულებდა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპის ასეთმა ხისტმა პოზიციამ კიდეც განაპირობა ევროპული სახელმწიფოების მიერ თავდაცვის დაფინანსების მილიარდობით ზრდა, მაგრამ გვაქვს ასევე უკუეფექტიც. კერძოდ, ევროპის ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ – გერმანიამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება მომავალი წლის ბიუჯეტში თავდაცვის დაფინანსების ზრდის შეჩერებაზე. აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულებამ, მისმა საჯარო თუ კულუარულმა განცხადებებმა ნატო-ში ყოფნა/არყოფნის შესახებ საქმე იქამდეც კი მიიყვანა, რომ კონგრესმა საკანონმდებლო დონეზე მიიღო გადაწყვეტილება, თუ რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყანა ალიანსის დატოვებას, უფრო ზუსტად კი მიიღო ისეთი საკანონმდებლო აქტი, რომლის შედეგად პრეზიდენტი პრაქტიკულად ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას.
ალბათ სწორედ ასეთი ურთიერთდამოკიდებულების შედეგი უნდა იყოს ის, რომ 70 წლის იუბილეზე ვაშინგტონში კვლავ ნატოსფრად ირიჟრაჟა, ოღონდ შედარებით მოკრძალებულად. ალიანსი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეიკრიბა აშშ-ის დედაქალაქში. თუმცა ეს მინისტერიალი მაინც იყო სხვებისგან გამორჩეული. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, პირველად ნატო-ს არსებობის ისტორიაში, კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომას მიმართა.
სკეპტიკოსებს ტყუილად არ გეგონოთ, რომ ფოიერვერკი არ იქნება. საიუბილეო სამიტის ჩატარება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონშია დაგეგმილი. სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთში ნატო-ს სამიტები საქართველოს კარგად აქვს დაცდილი. 2014 წელს ჩვენი დელეგაცია ამ სამიტიდან არსებითი პაკეტით, ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გადაწყვეტილებით და “ოქროს ბარათის” ჯგუფის წევრის სტატუსით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ყველაფერი წინ არის. მოვა დრო – სასურველია, რაც შეიძლება მალე – და ჩვენც ვიტყვით: საქართველოში ნატოსფრად ირიჟრაჟა!
დატოვე კომენტარი