ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანას რამდენიმე უპირატესობა აქვს. დიპლომატმა BMG-სთან ინტერვიუში, პოტენციალს შორის დაასახელა მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირები და ახალგაზრდები ინოვაციური იდეებით.
“საქართველო ერთადერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყანაა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს დანარჩენ ორთან, ასევე ის არის თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანა, რომელიც უზარმაზარი სტრატეგიული აქტივია, თურქეთი ხომ ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა. ასევე მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა რუსეთთან, კვლავ გრძელდება ექსპორტ-იმპორტი ამ ორ ქვეყანას შორის. მე ვარ ისრაელიდან – ქვეყნიდან, რომელიც თითქმის იზოლირებულია გეოპოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე.
ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი 45 წლამდე ასაკის მოქალაქე, ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურად, ქვეყნის პოტენციალია. მე საქართველოში 1997-2000 წლებში ელჩის მოადგილე ვიყავი. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობდა ინგლისურად. ასევე განათლების დონე.. თბილისში და ბათუმსა და ქუთაისშიც მცირედით ვითარდება ეკოსისტემა. ადამიანები სხედან და ფიქრობენ ინოვაციურ იდეებზე სტარტაპებისთვის. ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ უზარმაზარი ინვესტიციები და დიდი სამუშაო ძალა. საკმარისია 3-4 ადამიანი შესანიშნავი იდეით, რომლებიც მიიღებენ საწყის თანხას და შემდეგ აგრძელებენ წინსვლას. უკვე არის წარმატების ისტორიები საქართველოში ამ მხრივ. ჩვენ ვმუშაობთ GITA-სთან [საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო] ერთად, რათა წავახალისოთ უფრო მეტი ადამიანი“, – აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდა ნოვატორი ადამიანების დახმარება საწყის ეტაპზე, როდესაც ისინი რაიმეს გაკეთებას იწყებენ.
“ცნობილი გამონათქვამია ამერიკაში. რთულია პირველი მილიონი დოლარის შოვნა. შემდეგ დანარჩენი უკვე მარტივია. ასე რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც 23-24 წლის არიან, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და მხარდაჭერა ძალიან თავმდაბალია – 5 000 ევრო, რათა დაიწყონ ბიზნესი. დანარჩენი უკვე უფრო მარტივად გამოდის“, – განაცხადა ელჩმა.
ისრაელის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს ამ კუთხით დიდი პერსპექტივა, ვინაიდან არ არსებობს არაფერი ისეთი მაგალითად იტალიაში, პორტუგალიაში, ისრაელსა და ესპანეთში, რაც საქართველოს არ აქვს, და თანაც ეს ყველაფერი უფრო იაფია აქ.
დატოვე კომენტარი