რა პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს უდიდესი ბანკები Forbes-ის 2023 წლის Global 2000-ში?

რა პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს უდიდესი ბანკები Forbes-ის 2023 წლის Global 2000-ში?

$212 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მქონე ამერიკული ბანკის, SVB-ის გაკოტრების შემდეგ საბანკო ინდუსტრია დიდი სიფრთხილით განაგრძობს სვლას. SVB-ის დაღმასვლის შემდეგ, შვეიცარიული Credit Suisse-ის UBS-ის მიერ შესყიდვამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. მიუხედავად გლობალური ინფლაციის და არასტაბილური საპროცენტო განაკვეთებისა, Forbes Global 2000-ის სიაში მაინც ბანკები და სხვა ფინანსური ფირმები დომინირებენ. 2023 წლის 2000 ყველაზე მსხვილი კომპანიის სიაში 300 ადგილს სწორედ აღნიშნული ფირმები იკავებენ. მათ ნახევარს კი ამერიკული და ჩინური ბანკები შეადგენენ.

ყველაზე დიდი ბანკის სტატუსი, Forbes-ის მიხედვით, 2023 წელს JPMorgan-მა დაიმსახურა. ბანკის დეპოზიტები $3.7 მილიარდს შეადგენს. საინტერესოა, რომ G20-ის ფინანსური სტაბილურობის საბჭომ JPMorgan-ი სისტემურად მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ბანკად დაასახელა.

რეიტინგში JPMorgan Chase-მა ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკს გადაასწრო, რომლის აქტივებმაც $6.1 ტრილიონი შეადგინა. ათეულში კიდევ ორი ჩინური ბანკი – ჩინეთის სამშენებლო ბანკის კორპორაცია ($4.9 ტრილიონის აქტივები) და ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი ($5.3 ტრილიონის აქტივებით) მოხვდნენ.

მეექვსე პოზიციას $3.1 ტრილიონის მოცულობის აქტივებით კიდევ ერთი ამერიკული ბანკი, Bank of America იკავებს. Wells Fargo $1.8 ტრილიონის აქტივებით მე-17 ყველაზე დიდ ბანკად დასახელდა, Citigroup-ი $2.4 ტრილიონის აქტივებით 24-ე, Morgan Stanley $1.1 ტრილიონის აქტივებით 30-ე, ხოლო Goldman Sachs-ი $1.5 ტრილიონის აქტივებით 33-ე ადგილს იკავებს.

ჩინური და ამერიკული ბანკების გარდა მოწინავე პოზიციებზე ფრანგული BNP Paribas-ი ($2.8 ტრილიონის აქტივები), ესპანური Santander-ი ($1.9 ტრილიონის აქტივები) და შვეიცარიული UBS-ი ($1 ტრილიონის აქტივები) არიან. $2.9 ტრილიონის მოცულობის აქტივებით HSBC ყველაზე დიდ ბანკებს შორის მე-20 პოზიციაზეა წარმოდგენილი.