რა პრინციპით უნდა შევაფასოთ ცვლილებები შეფასების სისტემაში სკოლის თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების დონეზე? არ არსებობს ერთი მოდელი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს; ყველა სისტემას, რომელთაც სადმე იყენებენ და ადამიანს შეიძლება თავში მოუვიდეს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. განათლების სპეციალისტებს თითოეულის მიმართ პრეტენზიები აქვთ. აბსოლუტურ ტერმინებში ვერც ერთს ვერ შევაფასებთ: შეგვიძლია მხოლოდ პოზიტივსა და ნეგატივს შორის ბალანსი გამოვიყვანოთ, ოღონდ ეს კონკრეტული ქვეყნის კონტექსტში გავაკეთოთ.
ჩვენი კონტექსტი, უპირველეს ყოვლისა, ისაა, რომ ძალიან უკმაყოფილო ვართ ჩვენი განათლების ხარისხით, განსაკუთრებით – სასკოლო დონეზე, და ამის სერიოზული საფუძველი გვაქვს. ამ მხრივ, შემოთავაზებული ცვლილებები რა ხედვას ემყარება და რის გაუმჯობესების იმედს გვაძლევს?
ჯერ გავიხსენოთ შეფასების სისტემის რეფორმირების წინა მცდელობები. 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება, ალბათ, ამ სფეროში ყველაზე წარმატებული ინოვაცია იყო. ამის ერთი მიზეზია, რომ ძალიან ცუდი საწყისი მდგომარეობის ფონზე თვალსაჩინო პროგრესი, მყარი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, შედარებით ადვილი მისაღწევი იყო. რეფორმას საფუძვლად ედო პრიორიტეტების მკაფიო ხედვა: მთავარი იყო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების შერჩევის პროცესიდან კორუფციის გამოდევნა და მერიტოკრატიული პროცედურის დანერგვა. უნივერსიტეტებმა უკეთესი სტუდენტები მიიღეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში გაჩნდა რწმენა: საქართველოში მერიტოკრატიამ შეიძლება რეალურად იმუშაოს. სწავლას, შრომას აზრი აქვს, ქრთამი და საქმის ჩაწყობა წარმატებული სტრატეგია არ არის.
თუმცა ის რეფორმა სულაც არ იყო უდანაკარგო: უმაღლესი სკოლები პრაქტიკულად ჩამოაშორეს საკუთარი სტუდენტების შერჩევის პროცესს. ეს მათი ავტონომიის შეზღუდვაა. შერჩევის პროცესის ერთგვარი ავტომატიზაცია გამორიცხავს განსაკუთრებული ნიჭის ან დამსახურების გათვალისწინებას. მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებებს სწამდათ და საზოგადოება ეთანხმებოდა, რომ თუ სტუდენტების მიღების პროცესს უნივერსიტეტების ხელში დავტოვებდით, კორუფციას თავს ვერ ავარიდებდით. ეს რწმენა დიდწილად დღესაც ძალაშია.
2010-11 წლებში განხორციელებული რეფორმა, რომელიც სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღებას გულისხმობდა, ნაკლებპოპულარული აღმოჩნდა და კრიტიკოსიც მეტი ჰყავდა. მაგრამ მასაც გასაგები მოტივი ჰქონდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ყოფნის ხანმოკლე პერიოდის დროს მახსოვს, რომ მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლში ვიყავით: სკოლამ ფუნქცია დაკარგა, მაღალ კლასებში ბავშვები გაკვეთილებზე აღარ დადიან, ყველა მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. სახელმწიფოს ამ კრიტიკის საპასუხოდ ადრე თუ გვიან რაღაც უნდა ეღონა. მის მიდგომაში გამოჩნდა უნდობლობა სკოლების მიმართ: ჩაითვალა, რომ ისინი სანდოდ ვერ შეაფასებდნენ საკუთარი მოსწავლეების შედეგებს, ამიტომ შემოიღეს საატესტატო გამოცდების ცენტრალიზებული და სტანდარტიზებული სისტემა. ეს სკოლის მუშაობის შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმიც იყო.
თავდაპირველი ჩანაფიქრით, ეს რეფორმა უმაღლეს სკოლაში მიღების პრინციპსაც ცვლიდა: სტუდენტები უნდა შერჩეულიყვნენ სკოლის გამოცდების პლუს უნარ-ჩვევების ტესტის საფუძველზე (ასეთი სისტემის ანალოგი ისრაელში არსებობს). ჩემი აზრით, ასეთი ცვლილება საკმაოდ აზრიანი იქნებოდა: ის გაზრდიდა სკოლის როლს, მოსწავლეების მოტივაციას სკოლაში უფრო ფართო განათლების მისაღებად და შეინარჩუნებდა ობიექტურ, მერიტოკრატიულ სისტემას. მაგრამ ამასობაში ახალი მთავრობა მოვიდა და რეფორმის ეს ნაწილი შეაჩერა, თუმცა საატესტაციო გამოცდები დატოვა. რატომ? ჩემი შთაბეჭდილებით, იმიტომ, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო.
რა არის ახალი ცვლილებების კონცეფცია, ხედვა, მოსალოდნელი შედეგი? ეს ჩემთვის ნათელი არაა. ნაწვეტ-ნაწყვეტი აზრები გვესმის: “რა საჭიროა ამდენი გამოცდა, მოსწავლეებს ზედმეტი სტრესი აქვთ”; “გამოცდებისთვის არ უნდა ისწავლო”; “გამოცდების სიმრავლე რეპეტიტორობას (“ჩრდილოვან განათლებას”) უწყობს ხელს”; “არსებული გამოცდები უფრო მეტად ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არა კომპეტენციების შემოწმებაზე”. ცალ- ცალკე თითოეულ ამ დებულებაში არის ჭეშმარიტების მარცვალი. მაგრამ რამდენად წყვეტს შემოთავაზებული ცვლილებები დასახელებულ პრობლემებს? უფროსკლასელები მაინც გამოცდებისთვის ისწავლიან და მათთვის რეპეტიტორებთან მოემზადებიან, უბრალოდ, გამოცდაც და რეპეტიტორიც ნაკლები იქნება. მოსწავლეებს ნაკლები მოტივი ექნებათ, ისწავლონ, ხოლო სკოლას – ასწავლოს საგნები, რომლებიც მოსწავლეებს “არ სჭირდებათ”, ანუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ბარდება. თუ კომპეტენციას და არა ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებას ვანიჭებთ უპირატესობას, რატომ ვხსნით მაინცდამაინც უნარ- ჩვევების გამოცდას, რომელიც მხოლოდ კომპეტენციებს ამოწმებს და არა იმას, რა მასალა დაიმახსოვრა აბიტურიენტმა?
განსაკუთრებით საკამათო და, ჩემი აზრით, მავნე იდეაა ჰუმანიტარული და ტექნიკური დარგების მკვეთრი გამიჯვნა ისე, რომ სტუდენტმა ერთი მიმართულება თუ აირჩია, მერე მას ვეღარ შეცვლის. რატომ უნდა დავუპროგრამოთ მას ცხოვრება ადრეულ ასაკში? რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, მათემატიკის სტუდენტი მერე ეკონომისტი, სოციოლოგი ან თუნდაც ფილოსოფოსი გახდეს? ხანდახან არგუმენტები მთლად უცნაური ხდება. მაგალითად, ჰუმანიტარებმა მესამე გამოცდად ისტორია უნდა ჩააბარონ. რატომ? იმიტომ რომ “სირცხვილია, ქართველმა თავისი ქვეყნის ისტორია არ იცოდეს”. ქართველი ფიზიკოსისთვის აღარ არის ეს სირცხვილი?
ზოგადად, სტანდარტიზებული გამოცდების პრინციპს ბევრი სპეციალისტი აკრიტიკებს, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა, სხვადასხვა ფორმით, მაინც იყენებს. ისინი არასრულყოფილია, მაგრამ საიმედო. ალტერნატივა უფრო ნიუანსირებული სისტემებია, რომლებიც ემყარება ინტერვიუებს, სამოტივაციო წერილებს, სხვადასხვა აქტივობისა და მიღწევის გათვალისწინებას, საშუალო სკოლაში სწავლის პროცესში მიღებულ ნიშნებს და ა.შ. მაგრამ ეს სისტემები განსახორციელებლად უფრო რთულია და ზრდის სუბიექტივიზმისა და კორუფციის საფრთხეებს. როგორც ვთქვით, საქართველოს შემთხვევაში ამ უკანასკნელის განსაკუთრებით გვეშინია. იქნებ, მაინც რისკზე უნდა წავიდეთ და კორუფციის შიში გვერდზე გადავდოთ? შეიძლება. მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, ცენტრალიზებული და სტანდარტიზებული გამოცდების რაღაც კომბინაციას უნდა დავჯერდეთ, რომლის დროსაც მოსწავლეები და აბიტურიენტები “გამოცდებისთვის ისწავლიან” და რეპეტიტორებს მოიხმარენ.
შემოთავაზებული რეფორმა განათლების პოლიტიკის პრინციპულ მიდგომებს არსებითად არ ცვლის. მაშ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? რა ზოგადი იდეაა მის უკან? შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთავარი მოტივია ყველაფერი გაადვილდეს, სკოლის დამთავრებაც და უნივერსიტეტში მოხვედრაც ნაკლები დანახარჯით გახდეს შესაძლებელი. ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ცვლილებით ხელისუფლება ესწრაფვის, ნაკლები უკმაყოფილო ხალხი მივიდეს შემდეგ არჩევნებზე. გამიგია მეორე ვარაუდიც: რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი შევუქმნათ ახალგაზრდებს, რომ სტუდენტები გახდნენ, რითაც კერძო უნივერსიტეტების ბიზნესს წავახალისებთ. ერთ-ერთი სავარაუდო შედეგი იქნება როგორც სკოლის დამამთავრებელი ატესტატის, ისე საუნივერსიტეტო დიპლომის ხარისხის შემდგომი ინფლაცია (ვიცი, რომ მათი ღირებულება, ანუ ცოდნის დონე, რასაც ისინი ადასტურებენ, არც დღესაა მაინცდამაინც მაღალი). თუ მთავარი პრობლემა და პრიორიტეტი განათლების ხარისხია, ამასთან რეფორმას არავითარი კავშირი არა აქვს.
დატოვე კომენტარი