კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თითქმის სამწლიანი მოკვლევის შემდეგ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. ზოგადი ეკონომიკური ანალიზის ფარგლებში სააგენტომ შეაფასა ბაზრის ზოგადი კონკურენტუნარიანობა მედიკამენტების იმპორტის/წარმოების, საბითუმო და საცალო დონეზე. ხოლო კონკრეტული მედიკამენტების ანალიზის ფარგლებში სააგენტომ ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების 6 ჯგუფი შეარჩია – ურთიერთჩამნაცვლებელი აქტიური ნივთიერებების დონეზე სულ 120–მდე სავაჭრო დასახელების მედიკამენტი.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ: სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია (60%–70%); ფარმაცევტული ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ჰორიზონტალურია და სხვა.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ სააგენტომ გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც ასე გამოიყურება:
- გენერიკული რეცეპტის/დანიშნულების გაცემა; გენერიკული ჩამნაცვლებლის მითითება
- „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა
- ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა
- ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგების კონტროლი
- სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა
- GMP-სტანდარტების შემოღება
- ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემის დანერგვა
- სანქციების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი
- რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის საბოლოო შედეგებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.
დატოვე კომენტარი