გასულ კვირას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა ირანის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გაფრთხილება გასცა. აშშ-ის სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, თეირანისთვის განკუთვნილი სანქციების ახალი პაკეტი დღის სინათლეს რამდენიმე დღეში იხილავს. აშშ-ის მთავარი ხაზინადრის განმარტებით, ახალი სანქციები ირანის მიერ ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობების შემცირებისაკენ იქნება მიმართული. თუმცა, ახალი სანქციების დაწესებამდე, მიმოვიხილოთ თუ რა სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ს ირანისთვის ამჟამად და რა შეუძლია მოიმოქმედოს მათ გასამკაცრებლად.
რა მასშტაბები აქვს უკვე დაწესებულ სანქციებს?
კონგრესის კვლევითი სამსახურის (CRS) მონაცემებით, ამჟამად ირანისთვის დაწესებული სანქციებით ქვეყანას აშშ-სთან თითქმის ყველა სახის ვაჭრობა ეკრძალება. გარდა ამისა, ირანის მთავრობის წევრებს აშშ-ში აქტივების ფლობაც აკრძალული აქვთ. შეზღუდვა ეხება აშშ-ის საგარეო დახმარების პაკეტების ხელმისაწვდომობასა და შეიარაღების შესყიდვასაც. გასული წლის მონაცემებით, ამერიკული სანქციები ირანისა თუ ირანთან დაკავშირებული უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქეს აქვს დაწესებული.
აშშ-ის მთავრობის მიზანი ირანის მთავრობის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ცვლილებაა და ის ირანის ბირთვულ პროგრამას, ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებსა თუ ირანის მიერ ტრანსნაციონალური და ლოკალური ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებს ეხება.
კიდევ რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ის მთავრობას?
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ოფიციალური პირის, პიტერ ჰერელის მოსაზრებით, ირანთან მიმართებით აშშ-ის სანქციების გამკაცრების მთავარი მიმართულება ირანული ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობების შეზღუდვა უნდა იყოს. მისი განმარტებით, აშშ უფრო აგრესიული უნდა იყოს ირანული მსხვილი კომპანიებისა და ფინანსისტების შეზღუდვასთან მიმართებით.
გარდა ამისა, პიტერ ჰერელის შეფასებით, აშშ-ის მიზანი ირანის წინააღმდეგ სანქციების ევროკავშირთან ერთად დაწესება უნდა იყოს. თეირანის წინააღმდეგ მულტილატერულ აკრძალვებს უფრო დიდი შედეგი ექნება, რადგან ამჟამად სანქციების უმეტესობა ირანის მიმართ მხოლოდ აშშ-ს აქვს დაწესებული.
რა შესაძლებლობებს განიხილავს კონგრესი?
რესპუბლიკელი კონგრესმენები ამერიკის პრეზიდენტს პასიურობის გამო აკრიტიკებენ და განმარტავენ, რომ ჯო ბაიდენი უკვე დაწესებული სანქციების აღსრულებაშიც სისუსტეს იჩენს. შესაბამისად, რესპუბლიკელი კანონმდებლები ირანის წინააღმდეგ სანქციების კონტროლის ახალი კანონის მიღებას გეგმავენ.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში იგულისხმება სანქციების კონგრესის მიერ ზედამხედველობის ბერკეტის გაზრდა, ამერიკული საქონლისა და ტექნოლოგიების ირანში ექსპორტის შეზღუდვების გამკაცრება და ადმინისტრაციის მხრიდან ჰუმანიტარული გამონაკლისების შემცირება.
რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ ახალი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის მომზადების შემთხვევაშიც, ინიციატივამ მხარდაჭერა ჯერ დემოკრატების უმრავლესობის მქონე სენატში უნდა მოიპოვოს, შემდეგ კი მას ხელი ასევე დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. შესაბამისად, ძნელად სავარაუდოა, იქნება თუ არა რესპუბლიკელების ინიციატივა წარმატებული ან როდის უნდა ველოდოთ კონკრეტული კანონების შემოღებას.
ცნობისათვის, კონგრესში კენჭი წარმატებით უყარეს ირან-ჩინეთის ენერგოსანქციების აქტს, რომელიც ირანისაგან ყოველწლიურ ანგარიშს მოითხოვს იმის გასარკვევად, მონაწილეობდა თუ არა ჩინური ფინანსური ინსტიტუტები ირანული ნავთობის ტრანზაქციების ოპერაციებში. ასეთების არსებობის შემთხვევაში კი, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს მათთან საქმიანობა აეკრძალებათ. თუმცა სენატში აღნიშნული აქტის წარმატების საკითხიც ეჭვქვეშ დგას.
აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული შეზღუდვების მთავარი მიმართულებები
აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები ირანის ბირთვული შესაძლებლობების, ენერგეტიკული და თავდაცვის სექტორების, მთავრობის წევრების, ბანკებისა და ირანის ეკონომიკის სხვა ასპექტების წინააღმდეგაა მიმართული. მაგალითად:
- აშშ-ს სანქციები დაწესებული აქვს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციისათვის. ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულნი არიან ირანის ბირთვულ პროგრამასთან, მათ შორის ირანის კერძო ბანკებისა და ცენტრალური ბანკისთვისაც.
- ამერიკული სანქციების ქვეშ არიან ირანის ნავთობის ეროვნული კომპანია, ნავთობის სამინისტრო და სხვა სუბიექტები, რომლებიც ირანული ნავთობისაგან ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობენ. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მოქმედი კომპანიები, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც ირანთან ნავთობპროდუქტებით და ბენზინით ვაჭრობენ.
- აშშ-ს სანქციები დაწესებული აქვს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის (IRGC), „კუდსის ძალებისთვის“, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკისთვის. IRGC და „კუდსის ძალები“ აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს აღიარებული.