ყველას უნდა შვეიცარიის ბანკებში დეპოზიტზე მილიონობით დოლარი ედოს. მათაც უნდათ, ვისაც ბანკები არ უყვარს. ძირითადად ორი მიზეზის გამო არ უყვართ: როდესაც ბანკი სესხს არ აძლევთ ან როდესაც სესხს აძლევთ, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებას სთხოვს. ის ავიწყდებათ, რომ როცა დეპოზიტზე ფულს ინახავ, თუნდაც შვეიცარიის ბანკში, მაშინ შენც ფულის გამსესხებელი გამოდიხარ, ბანკს ასესხე და პროცენტს გიხდის. ვფიქრობ, ბანკებისადმი ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება უბრალოდ პირადი უპასუხისმგებლობისა და ინფანტილიზმის შედეგია, მაგრამ სხვა საკითხია ის ტრადიცია, რომელმაც ჯერ კიდევ მევახშეობად წოდებული ფულის გასესხება სათაკილო საქმედ აქცია. ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, რადგან ორი ისეთი მიზეზი განაპირობებს, რაც სხვადასხვა დროს ყველა ქვეყანაში მეტ- ნაკლებად აქტუალური იყო.
ერთი მიზეზი ის არის, რომ ბევრი თვლიდა და თვლის, რომ მევახშე (თუნდაც ბანკირი) პროდუქციას არ ქმნის და სარგებელს დაუმსახურებლად იღებს. ეს აზრი მცდარია. ფული კაპიტალია, კაპიტალი კი სიმდიდრეს ქმნის. ფული წარმოების საბაზისო ფაქტორია, რომლითაც უნდა შეიძინო შრომა, ნედლეული, ტექნოლოგიები და სხვა რესურსები. როგორც მრავალი სხვა რამ, ფულიც არ არის უფასო. ფულის ფასი მისი სარგებლის (პროცენტის) განაკვეთია. ფულის გამოყენების ეფექტიანობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენად შეგიძლია იმაზე მეტი აშოვნინო, ვიდრე მასზე პროცენტის გადახდა გიწევს. ფასი გაუსესხებელ ფულსაც აქვს. თუ ფულს სახლში ინახავ, არც დეპოზიტზე დებ და არც სესხად გასცემ, ამ ფასს კარგავ. ამას ეკონომიკაში ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას უწოდებენ. ფულზე სარგებლის მოთხოვნას ისიც ამართლებს, რომ ვინც ფულს ასესხებს, ის ფულს ზოგავს, არ ხარჯავს. ფულის ხარჯვა რომ სიამოვნების მომტანია, ამის განმარტება, მგონი, ზედმეტია. შესაბამისად, ვინც არ ხარჯავს და გარკვეულ დღევანდელ სიამოვნებაზე უარს ამბობს, მან მომავალში სანაცვლოდ სარგებელი უნდა მიიღოს. თუ ფული კაპიტალი არ იქნება და მისი გასესხება სარგებელს არ მოუტანს მის მფლობელს, აღარავინ შეიკავებს თავს დახარჯვისგან და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუგინდ ტექნოლოგიურ პროგრესსა და განათლებაში, დამატებითი ინვესტიციები ფაქტობრივად შეწყდება. შიმშილის, უმუშევრობის, თუ სხვა ნებისმიერი გლობალური პრობლემა უფრო ნელი ტემპით დაიძლევა (თუ საერთოდ დაიძლევა), ვიდრე ეს დღეს ხდება.
მევახშეობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მეორე მიზეზი იყო რელიგია. მრავალი საუკუნის განმავლობაში ფულის გასესხება სარგებლის მიღების მიზნით რელიგიური დოგმების მიხედვით (მათ შორის ქრისტიანობაში) ცოდვად იყო მიჩნეული. ეს შეხედულება ევროპაში თანდათანობით მე-16 საუკუნიდან, საეკლესიო რეფორმაციის შედეგად შეიცვალა. ამის შემდეგ დიდგვაროვნებმაც კი “იკადრეს” ფულის გასესხება და ბანკების დაარსება. არც დღევანდელი მართლმადიდებლური რელიგია მიიჩნევს ცალსახად ფულის გასესხებასა და საბანკო საქმეს (ბანკში მუშაობას, დეპოზიტის ან სესხის ფლობას) ცოდვად, თუმცა სასულიერო პირებს მევახშეობა დღემდე ეკრძალებათ. დღეს საბანკო ოპერაციებითა და პროდუქტებით თავად ეკლესიაც სარგებლობს და ამაში ცუდი არაფერია. აქვე აღსანიშნავია, რომ ქართველებს გვყავს ისეთი წმინდანი, ვინც თავად იყო საქართველოში პირველი ბანკის დამაარსებელი. რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეს ვგულისხმობ, რომელმაც, სხვებთან ერთად, 1874 წელს ტფილისის სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკი დააფუძნა და 32 წლის განმავლობაში თვითონ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ბანკს.
ცალკე საკითხია ის აგრესია, დღეს ხშირად ბანკების მიმართ რომ წარმოიქმნება, მათ შორის, ქართული კომერციული ბანკების მიმართაც. ის ნასაზრდოებია როგორც იმ ძველი ტრადიციებითა და შეხედულებებით, რაზეც ზემოთ ვწერდი, აგრეთვე გარკვეულწილად ჩვენი სოციალისტური წარსულითაც, როდესაც კერძო ბანკის არსებობა და ზოგადად კერძო საწარმოს არსებობა, მოგების მიღება, აკრძალული იყო.
პოპულარულია აზრი, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ძალიან მაღალი, არასამართლიანი მოგებისთვის მუშაობენ, ე.წ. “ზემოგებისთვის”. თუმცა არავინ იცის, მოგების რამდენპროცენტიანი მარჟის შემდეგ იწყება “ზემოგება”. ზოგიერთს კი “ზემოგება” მხოლოდ ბანკების შემთხვევაში ახსენდება. მაგალითად, თუ ის სახინკლე, სადაც ხინკალი მოგწონს, 100%-იანი მოგებისთვის მუშაობს, მაშინ მოგების ნებისმიერი სიდიდე სამართლიანია, მაგრამ თუ ბანკის წლიურმა მოგებამ 10%-ს გადააჭარბა, ეს უკვე უსამართლოდ მაღალ მოგებადაა შერაცხული. 2011-2015 წლებში საბანკო სექტორის მოგება (წლიური მოგება ამ ბიზნესში ჩადებული კაპიტალის მიმართ) 6-16%-ის ფარგლებში მერყეობდა. თუ ვნახავთ ყველა დარგის მიერ გამომუშავებული მოგების წილს საქართველოს ეკონომიკაში, 2011-2015 წლებში ის საშუალოდ 29% იყო, ანუ 2-ჯერ მეტი, ვიდრე საბანკო სექტორის მოგებაა.
ერთ-ერთი საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, სესხზე მაღალი სარგებლის განაკვეთია. დღეის მდგომარეობით ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 20%-ია, ხოლო დოლარში გაცემულ სესხებზე – 10%. გაცილებით დაბალია სესხზე სარგებლის განაკვეთი (2-5%) ევროკავშირისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ასეთი სხვაობის პირველი მიზეზი არის გასასესხებელი ფულის ნაკლებობა საქართველოში. ნებისმიერ ერთ დიდ წამყვან ევროპულ ან ამერიკულ ბანკს უფრო მეტი ფული აქვს გასასესხებლად, ვიდრე საქართველოში მოქმედ 19 ბანკს, ერთად აღებულს. რადგან საქართველოში რეალურად კაპიტალის დეფიციტია, ბანკებს დეპოზიტების მოსაზიდად მაღალი განაკვეთის დაწესება უწევთ. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური განაკვეთი 8.6%-ია, ხოლო დოლარში განხორციელებულზე – 4%-მდე. აქედან გამომდინარე, როდესაც ბანკს თვითონ აქვს ფული ნასესხები იმაზე მეტ პროცენტში, ვიდრე ევროპაში სესხზეა, შეუძლებელია, დაბალ პროცენტში გასცეს სესხი. ასეთ შემთხვევაში ბანკი გაკოტრდება. ამას ემატება ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ინფლაცია საქართველოში, უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები, ბანკის მიმდინარე ხარჯები და საბოლოოდ გამოდის, რომ 20%-ად გაცემულ სესხშიც კი მოგების სიდიდე მაღალი არ არის.
ზოგადად, დაბალი საპროცენტო განაკვეთი არა მარტო კონკრეტული მსესხებლებისთვის არის კარგი, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, რაც უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მით უფრო სწრაფი იქნება. საქართველოში სესხზე პროცენტი ეკონომიკის განვითარებისა და მეტი კომერციული ბანკის არსებობის შემთხვევაში თანდათანობით შემცირდება, როგორც ეს უკვე მოხდა. 2003 წელს ლარში სესხებზე წლიური განაკვეთი 30%-მდე იყო, ხოლო დოლარში სესხებზე 25%-მდე. 2014 წელს კი ლარში სესხებზე განაკვეთი 18%-მდე იყო ჩამოსული, დოლარში – 10%- ზე. ანუ თუ გვინდა, სესხები გაიაფდეს, ბანკებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, მათ გამრავლებასა და განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. სხვა ყველაფერი პოპულიზმია, რაც საბოლოოდ უარეს დღეში ჩაგვაგდებს, ვიდრე დღეს ვართ.
ცალკე საკითხია ბანკების, როგორც ფინანსური შუამავლების, როლი. ისინი არა მარტო ადამიანის ცხოვრებას აიოლებენ (თანხის საიმედოდ შენახვა, პლასტიკური ბარათის გამოყენება, გადარიცხვები, კონვერტაცია, საბანკო ანგარიშები და ა.შ.), არამედ სხვა დარგის ბიზნესების განვითარების აუცილებელ პირობასაც წარმოადგენენ. თანამედროვე ბიზნესსამყარო წარმოუდგენელია ბანკების გარეშე, არა მარტო როგორც სესხის წყარო, არამედ როგორც ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელების ადგილი. ბევრი თვლის, თუ რამდენი ადამიანი ან კომპანია გააკოტრა ბანკის ვალმა (თუმცა ავიწყდებათ, რომ ბანკმა კი არ გააკოტრა, შანსი მისცა მათ, არსებობა გაუხანგრძლივა), მაგრამ აქვე არ თვლიან, რამდენმა ადამიანმა და კომპანიამ ისარგებლა ისე, რომ მათი საქმე წინ წავიდა. წარმატებულები ყოველთვის მეტია წარუმატებლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ბანკიც გაკოტრდება.
ბოლოს, რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ კონკრეტული ბანკი ან ზოგადად ბანკები არ მოგწონს და მეტიც, გძულს, მათთან საქმის დაჭერას არავინ გავალდებულებს. ხოლო, თუ მათთან საქმეს მაინც დაიჭერ, არ დაგავიწყდეს, რომ პასუხისმგებლობა შენზეცაა. ბანკს არ სჭირდება გაკოტრებული კლიენტი, მისთვის წარმატებული კლიენტია მოგებიანი.
დატოვე კომენტარი