რა შეიძლება გვასწავლონ ქალებმა ფულის შესახებ

რა შეიძლება გვასწავლონ ქალებმა ფულის შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები დღეს ძირითად ეკონომიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. მათ ამჟამად ამერიკის კერძო ბიზნესის 40% და ქვეყნის შემოსავლის ნახევარი ეკუთვნით, რომელიც 11 ტრილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული და 2020 წლისთვის 22 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება. სტატისტიკურად ათი გათხოვილი ქალბატონიდან ორის შემოსავალი მისი მეუღლის შემოსავალს აღემატება; გარდა ამისა, ქალების 90% ოჯახის შემოსავალს თავად აკონტროლებს.

შესაბამისად, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ქალის, როგორც შემოსავლის მიმღების, ინვესტორისა და გონიერი დიასახლისის, როლი ეკონომიკური კვლევის მნიშვნელოვანი და სულ უფრო მზარდი ნაწილია. კვლევის შედეგები კი საგულისხმო და, გარკვეული კუთხით, მოულოდნელიცაა.

მაგალითად, ფულის დაბანდების დროს ქალები მოსალოდნელი წარმატება-წარუმატებლობის, საფრთხის, რისკისა თუ მოლოდინის შესახებ, როგორც წესი, იდეალურად არიან ინფორმირებულები და, შესაბამისად, ხშირად მამაკაცებზე უფრო წარმატებულ გათვლას აკეთებენ. ამასთან, ქალები სერიოზულ საკითხთან მიმართებაში ხშირად უკიდურეს კონსერვატიულობას იჩენენ. საბოლოოდ ჯამში ქალების ფინანსური ქცევა უდავოდ საინტერესოა ინვესტორისთვის, რომელი სქესისაც არ უნდა იყოს ის.

უტყუარი ინფორმაციის მოძიება

კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები ხშირად გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ ფინანსურ შესაძლებლობებს, ქალები კი ამ დროს უტყუარ ინფორმაციას ეძებენ: კითხულობენ აზრს, რჩევას, იღებენ დახმარებას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი მათი გადაწყვეტილება, როგორც წესი, რეალურ ფაქტებს ეყრდნობა. Spectrem Group-ის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, მდიდარი ქალების 46% და ძალიან მაღალი წლიური შემოსავლის მქონე ქალების 82% ფინანსურ საკითხებში სხვის აზრს კითხულობს და რჩევას აუცილებლად ითვალისწინებს. გარდა ამისა, უშუალოდ მოქმედებაზე გადასვლის წინ ქალებს გარკვეული და კონკრეტული ფაქტები სჭიდებათ; ისინი სვამენ კითხვას: რას მივიღებ ფულის დაბანდების შედეგად? ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით მოაზროვნე ადამიანების წლიური შემოსავალი პროცენტულად ყოველთვის აღემატება მათ შემოსავალს, ვინც ექსპერტთა რჩევებს უგულვებელყოფს. ერთ-ერთი ეკონომიკური ჟურნალი სქესისა და ქცევის შესახებ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცები, პირიქით, საკუთარ ქმედებებში ზედმეტად არიან დაჯერებულნი და სარისკო სიტუაციას არა უკან დახევის მიზეზად, არამედ გამოწვევად აღიქვამენ.

კარგად გააზრებული ნაბიჯი

ქალებს თავიანთი სავაჭრო მოქმედებების განსაზღვრა მამაკაცებზე უკეთ შეუძლიათ. მათ პრიორიტეტებში უკვე არსებულის დაცვა ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სარისკო მოქმედებების განხორციელების ხარჯზე შემოსავლის გაზრდა (Spectrem-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან ექვსი მდიდარი ქალი სწორედ ასე ფიქრობს). მიჩიგანის უნივერსიტეტის საპენსიო კვლევითი ცენტრის მონაცემების მიხედვით, მამაკაცები უფრო ხშირად და უსარგებლოდ ყიდიან თავიანთ ანაბრებს, რასაც „ფასიანი ქაღალდების არაგეგმაზომიერი განკარგვა” ეწოდება. ყველა სხვა მაჩვენებლებლის თანასწორობის პირობებში მამაკაცებმა ქალბატონებზე 56%-ით მეტი ფასიანი ქაღალდი გაყიდეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არცთუ წარმატებულად. ეს კი,მკვლევარების აზრით,„ მცდარი შეფასების შედეგია”.

აქციების დაბანდების დროს სქესთა შორის განსხვავებებზე ორიენტირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები ნაადრევად ყიდიან ან ახალზე ცვლიან თავიანთ აქტივებს და საბოლოო ჯამში ხშირად წაგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ქალები, პირიქით, ხანგრძლივ დაკვირვებას ამჯობინებენ და მიაჩნიათ, რომ მოგებიანი ქმედების განსაზღვრისთვის დრო გადამწყვეტი ფაქტორია.

ფაქტები გადაჭარბებული ოპტიმიზმის წინაამღდეგ

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები თავიანთი ცხოვრების ნაკლებად აქტიური (საპენსიო) პერიოდისთვის უფრო მეტი თანხის საჭიროებას ხედავენ, ვიდრე ახალგაზრდობის წლებში; მაშინ როცა მამაკაცებს რეალობისთვის თვალის გასწორება ხშირად არ სურთ და ასაკში შესვლასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ფიქრს თავს მაქსიმალურად არიდებენ. არადა, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით რეალობის ადეკვატური აღქმა გადამწყვეტიც კია. ნაკლები ოპტიმიზმი ქალებს საშუალებას აძლევს მამაკაცებთან შედარებით უფრო კონსტრუქციულად მოემზადონ მოსალოდნელ სიძნელეებთან გასამკლავებლად. კვლევამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ქალები გარკვეულ ასაკში შემოსავლის რაციონალურად ხარჯვისა და დანაზოგის გაკეთების მიზნით საყიდლებზე გაწეული დანახარჯების ოდენობას ამცირებენ.

უარყოფითი მხარეები და მათი მოგვარების გზები

სამწუხაროდ, ფინანსურ საკითხებში ქალების ძლიერი მხარეები მათ ერთმნიშვნელოვან უპირატესობას მაინც არ ნიშნავს. მაგალითად, ქალებს შვილებისა თუ მოხუცებული მშობლების მოსავლელად უფრო ხანგრძლივი შვებულების აღება უწევთ, რაც ამცირებს მათ სტაჟს დამქირავებელი კომპანიის მიერ შემუშავებულ საპენსიო გეგმაში და, შესაბამისად, ამ სქესის წარმომადგენლებს სამუშაო გამოცდილების წლებს აკლებს; ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ქალებს შეიძლება გამოელიოთ ფულადი სახსრები ან გაუთვალისწინებელი თანხა დასჭირდეთ ჯანმრთლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. ბუნებრივია, მათ ასევე შეიძლება შეცდომა დაუშვან პოტენციური რისკის თავიდან აცილების ყველა შესაძლო გათვლის დროსაც კი. შედეგად, მათ ისეთი სტრატეგია სჭირდებათ, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ძლიერ მხარეებს ხაზს გაუსვამს და რამდენიმე კონკრეტულ პრობლემასაც მოუგვარებთ.

დროული დასაწყისი

ხანგრძლივი მოთმინების წყალობით სასურველი შედეგის მისაღწევად და ინვესტიციების ჩასადებად ქალებმა ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმონ და „შავი დღისთვის” საკმარისი ფულადი სახსრები მოიძიონ. ეს დანაზოგის გაკეთებაზე დროულად დაწყებულ ზრუნვას ნიშნავს. სტაბილურად გადანახულ ერთი შეხედვით მცირე თანხასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მომავალში. სამწუხაროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა ფულის შენახვას დროულად არ იწყებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსურ საკითხებში მრჩეველთან დროული კონსულტაცია.

ოქროს შუალედი

ზედმეტი რისკის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. კარგად ინფორმირებულობა ქალებს ზედმეტი დანაკარგებისგან იხსნის, მეორე მხრივ კი უკიდურესმა სიფრთხილემ და გაუბედაობამ შეიძლება მნიშნელოვანი მოგება დააკარგვინოს მათ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები თავიანთი აქტივების 20% -ს მოქმედ ანგარიშებზე იტოვებენ. ხელის შემშლელი ფაქტორია დაუბალანსებელი ოჯახური და პროფესიული ცხოვრებაც. ამ შემთხვევაში ქალს, უბრალოდ, შეიძლება დრო არ ჰყოფნიდეს საკუთარი ფასიანი ქაღალდებისა და აქტივების გადასახედად.

დაბოლოს

მოემზადეთ: ქალებისთვის დამახასიათებელი რეალობის შეგრძნება ყოვლისმომცველი სულაც არ არის. ამას თავისი მიზეზები აქვს: შესაძლებელია მათ ვერ შეძლონ ხანგრძლივი ცხოვრების ხარჯების ფინანსური სტრატეგიის კუთხით განსაზღვრა. სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ამერიკელი ქალები მამაკაცებზე ხუთი – შვიდი წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ; 65 წლის ასაკის ქალბატონების სიცოცხლე შესაძლებელია დამატებით 20 წლით გახანგრძლივდეს. გახანგრძლივებული სიცოცხლე კი სამედიცინო ხარჯების გაზრდასაც ნიშნავს: კვლევის მიხედვით, პენსიაზე გასულ 65 წლის ასაკის ქალბატონს შესაძლებელია 242,000 აშშ დოლარის შენახვა დასჭირდეს ჯანმრთელობის, სადაზღვევო და სხვა ხარჯების დასაფარავად. ყველაფერი ეს პოტენციური ფინანსური სირთულეების სათანადოდ გააზრებასა და პრევენვიული ზომების მიღებას მოითხოვს. სხვა ფაქტორებთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საპენსიო ასაკში მყოფი ამერიკელი ქალების უმეტესობა მოგზაურობს, მათ აქვთ ჰობი, აქვთ საშუალება დაკავდნენ იმ საქმით, რომელიც მოსწონთ და სიამოვნებას ანიჭებთ. ზემოთ აღნიშნული ქმედებების განხორციელებას კი იმის წყალობით ახერხებენ, რომ დანაზოგის გაკეთებაზე დროულად და გონივრულად იზრუნეს.

რასაკვირველია, მაინც სადავოა, მნიშვნელოვნად განსხვავდება თუ არა ქალების ფინანსური მოქმედებები და უპირატესობები ამ სფეროში მამაკაცების ქმედებებისა და უპირატესობებისაგან. თუმცა ფულის დაბანდებისა და შენახვისადმი ქალების ფრთხილი, წინდახედული და ინფორმირებული მიდგომა იმის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა უკეთესად განკარგოს საკუთარი ფინანსები.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *