რა შემოსავალი მიიღო ბიონსეს „რენესანსის“ ტურნემ ევროპიდან?

რა შემოსავალი მიიღო ბიონსეს „რენესანსის“ ტურნემ ევროპიდან?

Billboard-ის მონაცემებით, ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბიონსეს „რენესანსის“ მსოფლიო ტურნემ მხოლოდ ევროპაში ჩატარებული 21 კონცერტიდან 1 მილიონზე მეტი ბილეთის გაყიდვა და 154.4 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. ბიონსემ ტურნეს ევროპული ეტაპი ოთხშაბათს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული საკონცერტო შოუთი დაასრულა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, Billboard-ის მონაცემებით ირკვევა, რომ ბიონსეს „რენესანსი“, მომღერლის მიერ ჩატარებული პირველი ცხრა შოუს წყალობით, მაისის თვის ყველაზე შემოსავლიან ტურნეს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი შემოსავალი და დასწრების უმაღლესი მაჩვენებელი ბიონსეს მიერ აქამდე ჩატარებული ტურნეების ევროპული ნაწილიდან.

მაგალითად, 2016 წლის The Formation-ის მსოფლიო ტურნესა და 2018 წლის On the Run II ტურნეზე (Jay Z-სთან ერთად), $87 მილიონი შეგროვდა, რაც ამჟამად დაფიქსირებული შედეგის 77%-ით ზრდას გულისხმობს. „რენესანსის“ ტურნეს ფარგლებში ჩატარებულმა 21 შოუმ ბიონსეს მიერ კარიერის განმავლობაში საკონცერტო შოუებიდან მიღებული საერთო შემოსავალი $921.7 მილიონამდე გაზარდა. თუმცა ტურნე გრძელდება და უახლოეს მომავალში ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება.

ბიონსე „რენესანსის“ ფარგლებში კიდევ 36 საკონცერტო შოუს გამართავს აშშ-სა და კანადაში. კონცერტების სერია ტორონტოში 8-9 ივლისიდან დაიწყება. თუ მომღერალი ამ ტემპით გააგრძელებს „რენესანსის“ ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში 1.8 მილიონი ბილეთის გაყიდვასა და 264 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავებას შეძლებს.

როგორც Billboard-ი ვარაუდობს, ტურნეს დასრულების შემდეგ, ბიონსეს მიერ კარიერის განმავლობაში გლობალურად გამომუშავებული თანხა $1 მილიარდს მიაღწევს, გაყიდული ბილეთების რაოდენობა კი 10 მილიონს.