5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ ქართველ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს ბრალი დასდო „სერიოზული დონის კორუფციაში“ და მათ სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, ამ ინდივიდებმა – მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, ირაკლი შენგელიამ და ვალერიან ცერცვაძემ ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თანამდებობები, ძირი გამოუთხარეს საქართველოში კანონის უზენაესობას და სასამართლოს მიმართ ნდობას. ზემოაღნიშნულ ხუთ პირს და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
ეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოსთვის – კერძოდ, სასამართლოსთვის დაწესებული პირველი სანქციაა. ამავე დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკა „გააგრძელებს იმ ადამიანებისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას, ვინც საჯარო თანამდებობებს პირადი მიზნებისთვის იყენებს“.
საქართველოში როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია ალბათ ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სანქციები „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის; ასევე საინტერესოა ისიც, თუ მომავალში როგორ შეიძლება გაგრძელდეს აშშ-ის გამკაცრებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.
იმისთვის, რომ აღნიშნულ საკითხს ნათელი მოვფინო, ამ სტატიაში გავაანალიზებ ამერიკის მიერ მოლდოველი და უკრაინელი ოლიგარქებისთვის დაწესებულ სანქციებს. ამით შევეცდები ვაჩვენო, თუ რა გაკვეთილები შეიძლება გამოიტანონ საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აშშ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე დაყრდნობით რეგიონის ფორმალურად პროდასავლურ ქვეყნებთან მიმართებით.
გაკვეთილი I. დაწესებული სანქციების გამკაცრება შესაძლებელია
საქართველოს ხელისუფლებისთვის დაწესებული სანქციები შეიძლება გამკაცრდეს. ეს ვიცით, მათ შორის, იქიდან, რომ აშშ, მინიმუმ, ერთხელ უკვე მოიქცა ასე მოლდოვაში.
აშშ-მ 2020 წლის იანვარში მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს დაუწესა სანქცია იმავე კანონის გამოყენებით, რომლითაც წელს ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში შესვლა აეკრძალათ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პლაჰოტნიუკი ეწეოდა კორუფციულ საქმიანობას, რომელმაც ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს მოლდოვაში.
ამის შემდეგ, პლაჰოტნიუკი აშშ-მ ხელმეორედ, 2022 წლის ოქტომბერში დაასანქცირა. ამჯერად მას შეეხო აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ იმპლემენტაციას ისახავდა მიზნად. აღნიშნული სანქცია გულისხმობდა პლაჰოტნიუკის ყველა იმ ქონების ბლოკირებას, რომელიც მდებარეობდა აშშ-ში ან იყო აშშ-ის მოქალაქეების კონტროლქვეშ.
თუმცა აღსანიშნავია ის, რომ სანქციების დაწესების დროს პლაჰოტნიუკი უკვე გაქცეული იყო მოლდოვიდან და მისი გავლენები ქვეყანაში შემცირებული იყო. იმის გამო, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გავლენა ჯერ კიდევ დიდია აწმყო დროში, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მას ისეთივე მკაცრი სანქციები შეეხოს, როგორიც მოლდოვიდან გაქცეულ პლაჰოტნიუკს დაუწესდა. თუმცა ამ ეჭვის გაქარწყლებაში ქვემოთ მოყვანილი მეორე შემთხვევა დაგვეხმარება.
გაკვეთილი II. შესაძლებელია, რომ სანქციები დაუწესდეს მოქმედ ოლიგარქს
უკრაინის მაგალითი გვიჩვენებს, რომ აშშ ჩვენს რეგიონში არა მხოლოდ წარსულში მნიშვნელოვანი გავლენების მქონე, არამედ აწმყო დროში მოქმედ ოლიგარქებსაც უწესებს ხოლმე სანქციებს. მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2021 წლის მარტში, „სერიოზული დონის კორუფციაში“ მონაწილეობისთვის, დაასანქცირა უკრაინელი ოლიგარქი, იჰორ კოლომოისკი. მას და მის ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
კოლომოისკის შემთხვევა იმით განსხვავდება პლაჰოტნიუკისასგან, რომ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნა, ეს ოლიგარქი კვლავ აგრძელებდა უკრაინაში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის მომავალს.
უკრაინაში კოლომოისკიმ (ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში) ხელი შეუწყო მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლას. თუმცა ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენას კულისებიდან ახდენდა. მისი დასანქცირებით, აშშ ეცადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოლიგარქის მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა.
კოლომოისკისა და ივანიშვილს შორის არსებული გარკვეული მსგავსებების მიუხედავად, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის, განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არა მხოლოდ ფინანსურ და არაფორმალურ გავლენებს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ კაპიტალსაც ფლობს – „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების დიდი ნაწილი დღემდე პირადად მას უცხადებს მხარდაჭერას. ამ არგუმენტის მიხედვით, ივანიშვილს აშშ-ის სანქციები ნაკლებად ემუქრება. ვფიქრობ, აღნიშნული შეხედულების გაქარწყლებაში ქვემოთ მოყვანილი მესამე შემთხვევა გამოგვადგება.
გაკვეთილი III. გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, სანქციები დაუწესდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალის მქონე ოლიგარქსაც
აშშ-მ გვაჩვენა, რომ ის მზად არის თავის მოკავშირე ქვეყნებში მაღალი პოლიტიკური წონის მქონე ოლიგარქების დასასანქცირებლად – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს სასიცოცხლო საფრთხე დაემუქრება.
ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ წარსულში აშშ-მ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა მოლდოვაში მზარდად პოპულარული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის წინააღმდეგ. აშშ-მ შორი, პლაჰოტნიუკთან ერთად, 2021 წელს დაასანქცირა. მას ბრალი დასდეს მოლდოვის პრეზიდენტისთვის, მაია სანდუსთვის ძირის გამოთხრასა და ქვეყნის პრორუსულ ორბიტაზე დაბრუნების მცდელობაში.
მიუხედავად იმისა, რომ, პლაჰოტნიუკის მსგავსად, შორიც უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან, ის მაინც ითვლებოდა მოლდოვის ერთ-ერთ ცენტრალურ პოლიტიკურ ფიგურად. დასანქცირების შემდეგ მისმა პარტიამ ანტისამთავრობო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოიყვანა, რითაც მოლდოვაში, რუსეთის სასარგებლოდ, დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცადა. თუმცა ამ შესაძლო (შიდა) პოლიტიკური რისკების მიუხედავად, აშშ-მ მაინც ჩათვალა, რომ კრემლთან დაახლოებული ოლიგარქის დასანქცირება აუცილებელი იყო.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მომავალში ბიძინა ივანიშვილიც ილან შორის გზას დაადგება და საქართველოს პროდასავლური კურსისთვის ღიად ხელის შეშლას შეეცდება, აშშ ნაკლებად გაუწევს ანგარიშს იმას, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ქართველი ამომრჩევლების ერთი ნაწილის თვალში ჯერ კიდევ საგრძნობი პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვს.
რეგიონში აშშ-ის მხრიდან სანქციების გამოყენების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამერიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შიდაპოლიტიკური კონტექსტის ანალიზს. ამერიკელები ცდილობენ რეგიონის ფორმალურად პროდასავლურად განწყობილ ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერებას, რაც, მათი პერსპექტივიდან, მოსახლეობის განწყობების გათვალისწინებას და, შესაბამისად, მოქმედებას გულისხმობს.
ახლა, როდესაც ივანიშვილი ჯერაც ცდილობს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას, უფრო სავარაუდოა, რომ ამერიკა შემოიფარგლება არა ცენტრალური, არამედ პერიფერიული პოლიტიკური ფიგურების დასანქცირებით.
თუ ეს ანალიზი სწორია, მაშინ გამოდის, რომ აშშ-ის სანქციები საქართველოს ხელისუფლების მთავარ ფიგურებს და, პირველ რიგში, არაფორმალურ მმართველს ნაკლებად ემუქრებათ, თუ ისინი დასავლეთის წინააღმდეგ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ოფიციალურად პროდასავლური ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი ქართველი ხალხი მსოფლიოს დაანახვებს, რომ მას ქვეყნის ფუნდამენტურ დონეზე დემოკრატიზაცია და ოლიგარქიაზე უარის თქმა სურს.
დატოვე კომენტარი