რა სიახლეებს სთავაზობს G&T TRADER-ი მომხმარებლებს?

რა სიახლეებს სთავაზობს G&T TRADER-ი მომხმარებლებს?

საინვესტიციო ბანკი GALT & TAGGART-ი ქართველ მომხმარებლებს ორ ათწლეულზე მეტია ემსახურება. მათთვის უკეთესი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და ტექნოლოგიურ პროგრესთან ფეხის ასაწყობად კომპანიამ 2015 წელს ფასიანი ქაღალდების სავაჭრო ონლაინ პლატფორმა G&T TRADER შექმნა. პლატფორმის გაშვებიდან GALT & TAGGART-ი პროდუქტის დახვეწასა და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებას მუდმივად ცდილობს. სწორედ ამ მიზნით, საინვესტიციო ბანკმა ცოტა ხნის წინ რამდენიმე განახლების შესახებ განაცხადა. როგორ მუშაობს G&T TRADER-ი და რა სიახლეებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს პლატფორმა მომხმარებლებს, ამის შესახებ Forbes Georgia-ს GALT & TAGGART-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე ესაუბრა.

ბატონო დავით, პირველ რიგში, რა არის G&T Trader-ი?

G&T Trader-ი არის ფასიანი ქაღალდების სავაჭრო ონლაინ პლატფორმა, რომელიც Galt & Taggart-ის მეშვეობით ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით მომხმარებელს წვდომა აქვს მსოფლიოს 45-ზე მეტ წამყვან საფონდო ბირჟაზე და 35,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე.

როდის იგრძენით ამ პროდუქტის შექმნის აუცილებლობა? რამ გიბიძგათ ამისკენ?

როგორც იცით, Galt & Taggart-ი საქართველოს ბაზარზე 2000 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ტრადიციულ საბროკერო მომსახურებას, რაც გულისხმობს ბროკერის დახმარებით ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციებს. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესის ზრდასა და ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, 2015 წელს გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემდა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა ინვესტიციები ისეთ წამყვან ბაზრებზე, როგორიცაა ამერიკის, ევროპისა თუ აზიის საფონდო ბირჟები. G&T Trader-პლატფორმით მომხმარებლისთვის ინვესტიციისა და ვაჭრობის პროცესი უფრო მარტივი, სწრაფი, ხელმისაწვდომი და საინტერესო გავხადეთ. ამ პროდუქტის შეთავაზებით, საქართველოს მოქალაქეებსაც გაუჩნდათ იგივე შესაძლებლობები, თუნდაც საერთაშორისო საჯარო კომპანიაში აქციის დამოუკიდებლად შეძენის, რაც დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს უკვე ჰქონდათ.

როგორ მუშაობს G&T Trader-ის პლატფორმა?

პლატფორმა საკმაოდ ინტუიციურია და მორგებულია სხვადასხვა რისკის მქონე ინვესტორისა თუ ტრეიდერისთვის. პლატფორმაში არსებული ინსტრუმენტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კლიენტმა განახორციელოს როგორც გრძელვადიანი ინვესტირება ქონების დაგროვების მიზნით, ასევე ტრეიდინგი, რაც გულისხმობს მოკლევადიანი სავაჭრო პოზიციების გახსნას, რათა ისარგებლოს აქციის ფასის ზრდით ან შემცირებით. ასევე, ბაზარზე შექმნილი ხელსაყრელი მომენტის გამოყენებით. ამისთვის, მომხმარებელმა უნდა გახსნას Galt & Taggart-ის ანგარიში, რაც მარტივი პროცედურაა და ამის შემდეგ ის უკვე შეძლებს საკუთარი იუზერით და პაროლის მეშვეობით, დამოუკიდებლად ივაჭროს ფასიანი ქაღალდებით.

პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც ტელეფონის, ისე დესკტოპ და ტაბლეტის მოწყობილობებზე (რომლებიც არ საჭიროებს პროგრამულ ინსტალაციას). ასევე შესაძლებელია პროფესიონალური ვერსიის გადმოწერაც, რომელიც გამოცდილ ტრეიდერებს კიდევ უფრო მეტ ფუნქციონალს სთავაზობს.

ვინ არის აპლიკაციის ძირითადი მომხმარებელი?

G&T Trader-ის ძირითადი მომხმარებლები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა ვემსახურებით როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სასიხარულოა, რომ ადგილობრივ ინვესტორთა ინტერესი და აქტიურობა პლატფორმისა და ინვესტიციების მიმართ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. ამას მოწმობს ის, რომ მომხმარებლები ტრადიციული საინვესტიციო პროდუქტებისგან განსხვავებული საინვესტიციო შესაძლებლობებით უფრო მეტად ინტერესდებიან. ამასთანავე, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს განახლებული ინფორმაცია ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და სიახლეებზე, როგორც თავად პლატფორმაში არსებული research-ის მოდულით, ასევე Galt & Taggart-ის ყოველკვირეული გლობალური ბაზრების მიმოხილვისა და კვლევების მეშვეობით.

რა პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს სთავაზობს მომხმარებლებს G&T Trader-ის პლატფორმა?

პლატფორმაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო და სავაჭრო ინსტრუმენტი, ისეთი როგორიცაა აქციები, კორპორაციული თუ სახელმწიფო ობლიგაციები, CFD, ოფციონები, ფიუჩერსები და სავალუტო წყვილები. აღნიშნულ პროდუქტებს აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული საინვესტიციო რისკიანობა, შესაბამისად, G&T Trader-ის პლატფორმა საინტერესოა სხვადასხვა ტიპის ინვესტორისთვის.

გვიამბეთ პოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი განახლებების შესახებ – როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ პროცესებს?

სულ რამდენიმე კვირის წინ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი განახლება. კერძოდ, მკვეთრად შევამცირეთ პლატფორმაზე არსებული სავაჭრო საკომისიო, რითაც მომხმარებლისთვის აქციებით ვაჭრობა კიდე უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ. კერძოდ, ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობის მინიმალური საკომისიოს $15 სამჯერ შევამცირეთ და შეადგენს $5-ს, ხოლო იმავე ბირჟაზე არსებული აქციების CFD-ით ვაჭრობის მინიმალური საკომისიო გავანახევრეთ და უკვე $20-ის ნაცვლად $10 შეადგენს. აგრეთვე, დამატებით განვაახლეთ ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტულია. ამასთან, ის აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით. ჯამში, ამ გაუმჯობესებებით მომხმარებლისთვის ვაჭრობის პროცესი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული გავხადეთ.

რამდენი მომხმარებელი სარგებლობს G&T Trader-ის აპლიკაციით და რომელ ბირჟებსა და ბაზრებზე აქვთ წვდომა მათ აპლიკაციის დახმარებით?

როგორც აღვნიშნე, ჩვენი მომხმარებლების რიცხვი საკმაოდ მზარდია. ის სარგებელი, რაც ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას მოაქვს, იქნება ეს კაპიტალის ზრდის თუ დივიდენდის სახით, საინტერესო და მიმზიდველია ნებისმიერი პირისთვის. ჩვენი ამოცანაა, დაინტერესებულ პირებს მივცეთ შესაძლებლობა, განახორციელონ ინვესტირება მათთვის სასურველ ფასიან ქაღალდებში. G&T Trader-ის საშუალებით მათ ვაძლევთ წვდომას ამერიკის, კანადის, ლონდონის, ევროპის, ავსტრალიისა და აზიის წამყვან საფონდო ბირჟებზე. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნება ამერიკისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე, სადაც ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციები. ისეთები, როგორიცაა Apple-ი, Google-ი, Microsoft-ი და სხვა.

მოდი, ვისაუბროთ კონკურენციაზეც – მსგავს პლატფორმებთან შედარებით, რა უპირატესობები აქვს G&T Trader-ის აპლიკაციას?

სანამ პლატფორმის კონკურენტულ უპირატესობას განვიხილავთ, მინდა, ხაზი გავუსვა გუნდის უპირატესობას. პლატფორმის უკან დგას ძლიერი და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გუნდი. ეს გვაძლევს ძალას, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გუნდით. მათი გამოცდილება და სიძლიერე ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. რაც შეეხება G&T Trader-ის პლატფორმას, იგი მორგებულია როგორც დამწყები ინვესტორის, ასევე გამოცდილი ტრეიდერების საჭიროებებს და პრეფერენციებს. შესაბამისად, პლატფორმა მომხმარებელს საინვესტიციო ინსტრუმენტების მრავალფეროვნებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ინვესტირების პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად პლატფორმაში ჩაშენებულია ისეთი დამხმარე ხელსაწყოები, როგორიცაა: Screener,-ი Watchlist-ი, Research-ის მოდული თუ ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორები და ხელსაწყოები. პლატფორმაში ჩაშენებული Research-ის მოდულის მეშვეობით, ინვესტორებს შეუძლიათ, პლატფორმიდან გაუსვლელად მიიღონ ინფორმაცია ბაზრის სიახლეებზე, გაეცნონ ფინანსური შედეგების კალენდარს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ასევე შესაძლებელია პორტფელის სრული ანალიზი და შედარება სხვადასხვა ინდექსთან. ჩვენი პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც ტელეფონის, კომპიუტერისა და ტაბლეტის მოწყობილობაზე, ასევე G&T Trader PRO-ს სახით, რომელიც გამოცდილ ტრეიდერებს კიდე უფრო მეტ ფუნქციონალს სთავაზობს. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ჩვენს პლატფორმას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის ბაზარზე.

ბოლოს, სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეთ.

ჩვენი მიზანია, საქართველოში ყველას ჰქონდეს ინფორმაცია იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც გლობალურ ფინანსურს ბაზარზე ინვესტირება ჰქვია. რისკების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ინვესტირება და დივერსიფიკაცია განახორციელოს წამყვანი კომპანიის აქციებში, ობლიგაციებში თუ უფრო რთულ ფინანსურ ინსტრუმენტებში. ამასთანავე, სარგებელი მიიღოს განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების წინსვლიდან და ეს ყველაფერი გააკეთოს საქართველოდან, ფონდებში ინვესტირებით. რომ შევაჯამოთ, გვსურს, ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ინვესტიციის ალტერნატიულ გზებზე, რათა მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად და რაში განათავსონ თავისუფალი ფინანსური სახსრები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *