სექტემბერი ახლოვდება და, ტრადიციულად, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში Apple-სგან სიახლეებს უნდა ველოდოთ: ამჯერად, ახალი თაობის iPhone-ები განახლებული, უფრო მძლავრი კამერებით იქნება აღჭურვილი, რომელთაც ვიდეოს გადაღება არამხოლოდ Portrait Mode-ში შეეძლებათ, არამედ უკეთესი ხარისხის ფორმატში ProRes. მოდელების დიზაინი სავარაუდოდ უცვლელი დარჩება, თუმცა A15 ჩიპი სმარტფონს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
ახალი ProRes ვიდეო-ფორმატში გადაღებისას, iPhone-ის მომხმარებლები ვიდეოს უფრო მაღალი ხარისხით გადაღებას შეძლებენ, რაც ვიდეორედაქტორებს საქმეს გაუმარტივებს. ცნობისთვის, ამ ფორმატს პროფესიონალები ისედაც იყენებდნენ, თუმცა ის მასობრივ წარმოებაში აქამდე არ გამოუყენებიათ, რადგან ამ ფორმატში გადაღებული ფაილების ზომა საკმაოდ დიდია. ProRes ფორმატში ვიდეოს გადაღებას HD და 4K რეზოლუციით შეძლებთ. თუმცა, ეს ფუნქცია მხოლოდ iPhone Pro მოდელებში შეგვხვდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი iPhone-ები, კოდური ნომრებით D16, D17, D63 და D64, მხოლოდ ნაწილია იმ პროდუქტების, რომელთაც Apple მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოგვიდგენს: კომპანიაში ასევე მუშაობენ ახალ, უფრო მძლავრ MacBook Pro-ზე, რომელიც M1X ჩიპით იქნება აღჭურვილი; განახლებული დიზაინის მქონე iPad mini-ზე და ახალ iPhone-ზე, რომლის სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები შეადგენენ. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ განახლებულ და უფრო ზუსტ Apple Watch-ებს და AirPods-ის ახალ მოდელებს.
ცნობისთვის, Apple-მა ჯერ კიდევ ივლისში დაადასტურა, რომ 2021 წელს 90 მილიონი iPhone-ის გამოშვებას გეგმავდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 20%-ით მეტია.
დატოვე კომენტარი