რაკიღა დეკემბერი, აწ უკვე ოფიციალურად, შეჯამებისა და სამომავლო მიზნების დასახვის თვედ გამოგვიცხადებია, საინტერესო იქნებოდა უმაღლესი განათლების სფეროშიც შეგვეხედა, რათა გვენახა, თუ რა გველის 2022 წელს და მას იქით. ამ სულისკვეთებას იზიარებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, IE University-ის პრეზიდენტი, სანტიაგო ინიგესი, რომელმაც პანდემიით, გლობალიზაციითა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციით შეცვლილი უმაღლესი განათლების სექტორისთვის 2022 წლის მთავარ ტრენდებად ლიკვიდური განათლება, მრავალფეროვნების ბალანსი ინკლუზიურობასა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან, ჰუმანიტარული, STEM და მონაცემთა მეცნიერებების შეზავება და გამოყენებითი განათლება დაასახელა.
მომავალი ლიკვიდურ განათლებაშია
სანტიაგო ინიგესის თქმით, ის ჰიბრიდული რეალობა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებსა და სამსახურებში დადგა – არსად გაქრება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ მოსწავლეებს სწავლა ფიზიკურად ურჩევნიათ, ვიდრე ონლაინ. უმაღლესი განათლების მომავალი – ინდივიდუალურობაშია, რომელიც შეუძლებელია მრავალმხრივი, მათ შორის სინქრონული და ასინქრონული რესურსების გამოყენების გარეშე.
„პოსტპანდემიური სამყარო ადაპტაციისა და ცვლილების აუცილებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს. დასაქმებული ადამიანების ცხოვრება სულ უფრო აღრეული იქნება, ხოლო მათი სამუშაო გარემო – უფრო და უფრო ჰიბრიდური და ლიკვიდური. დასაქმებულები იმუშავებენ ჯგუფებში – როგორც ფიზიკურად, ასევე სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე როგორც ოფისებში, ასევე სახლიდან და მთელი ეს კონტინუუმი გასცდება მანძილსა და დროს და საგრძნობლად გაზრდის ჩვენს პროდუქტიულობას. ადამიანები სულ უფრო მეტ დროს გაატარებენ ვირტუალურ შეხვედრებზე კოლეგებთან, რომლებიც სხვა ნახევარსფეროსა და დროის სარტყლებში იქნებიან და განსხვავებული კულტურისა და მსოფლმხედველობის მქონე მეგობრებს შეიძენენ“, – აღნიშნავს სანტიაგო ინიგესი.
ამასთანავე, სანტიაგო ინიგესის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უნივერსიტეტების პროფესორებსა და დასაქმებულებს ეკისრებათ, რადგან ტექნოლოგია და სასწავლო მასალა, რაგინდ განვითარებული და დახვეწილი უნდა იყოს ის, სულ მალე მოხმარების პროდუქტად იქცევა ხოლმე, ხოლო გამოცდილება, რომელსაც პროფესორები და დასაქმებულები ავრცელებენ – რეალური აქტივია, რომელიც დროსა და სივრცეს უსწრებს.
როგორ დავაბალანსოთ მრავალფეროვნება – ინკლუზიურობასა და ინტელექტუალურ თავისუფლებასთან
სანტიაგო ინიგესის თქმით, სიტყვები „უნივერსიტეტი“ და „უნივერსალური“ ერთსა და იმავე ფუძეს იზიარებენ – უნივერსიტეტი არის ის სივრცე, რომელშიც ადგილი ყველასათვის უნდა მოიძებნოს. აქედან გამომდინარე, მრავალფეროვნების წახალისება როგორც პროფესორ-მასწავლებლებში, ასევე დასაქმებულ ადამიანებსა და მოსწავლეებში – სამომავლოდ უაღრესად მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც კვლევას, სწავლას და, ზოგადად, საუნივერსიტეტო გამოცდილებას უკეთესს ხდის.
ჰუმანიტარული, STEM და მონაცემთა მეცნიერებების შეზავება
IE University-ის პრეზიდენტის აზრით, მომავალი თაობის გლობალური მოქალაქეების აღსაზრდელად საჭიროა ჰუმანიტარული, STEM და მონაცემთა მეცნიერების შეზავება, რათა ადამიანმა ცოდნა რამდენიმე სფეროში გაიღრმაოს, კრიტიკული აზროვნების უნარები განავითაროს და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები გაიცნოს. ამ მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია ჰუმანიტარულ და STEM-მეცნიერებს შორის ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების დაშლა – ამ წინააღმდეგობების არარსებობის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ უამრავ წარმატებულ ანტრეპრენიორს სწორედ ჰუმანიტარული განათლება აქვს მიღებული.
უფრო დიდი აქცენტი პრაქტიკულ განათლებაზე
ჩვენი სამყაროსათვის კონკურენტულ გარემოში, სადაც რეკრუტერებისაგან წარმოუდგენელი წნეხი მოდის, სასწავლო დაწესებულებებმა უნდა მოახერხონ, რომ კურიკულუმებში უფრო მეტი პრაქტიკული დავალებები, საკონსულტაციო პროექტები, სტაჟირებები დანერგონ, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული ცოდნის მიღებაში დაეხმარებათ.
სწავლა, სწავლა და სწავლა
სანტიაგო ინიგესის თქმით, თაობათა ცვლასთან ერთად, ადამიანები უფრო მეტს და უფრო დიდხანს მუშაობენ, რის გამოც, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა, ახალგაზრდებთან ერთად, ამ სეგმენტის მუდმივ განვითარებასა და გადამზადებაზეც უნდა იფიქრონ. ამისათვის საჭიროა მუდმივი ინოვაცია, როგორც სასწავლო ფორმატებისა ქოუჩინგის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პროექტით, რომლებიც მოხუცებულთა ჯანმრთელობის თავისებურებებსა და პირად გარემოებებს გაითვალისწინებენ.
დატოვე კომენტარი