Eurostudent 2016-2018 წლების კვლევას აქვეყნებს, რომელიც ევროპის 26 ქვეყნის, საქართველოსა და თურქეთის სტუდენტების სოციალურ და აკადემიურ შედეგებს აერთიანებს.
კვლევაში მონაწილე ქვეყნების სტუდენტების საშუალო ასაკი 25 წელია, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქართველი სტუდენტები ყველაზე ახალგაზრდები არიან. ჩვენთან სტუდენტის საშუალო ასაკი 22-ია, მაშინ როდესაც მაგალითად ისლანდიაში სტუდენტის საშუალო ასაკი 29.7-ია, ფინეთში 28.2, ნორვეგიაში 28 და ა.შ. მიზეზი, რის გამოც 28 ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტები ასაკით ყველაზე პატარები აღმოჩნდნენ ის არის, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სკოლის მერხიდან პირდაპირ უნივერსიტეტის აუდიტორიაში მოხვედრის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. კერძოდ, 28 ქვეყანას შორის საქართველო ამ მხრივ „მოწინავეა“. სკოლის დამთავრებიდან 2 წლის განმავლობაში უმაღლესში ახალგაზრდების 96% აბარებს, ევროპაში კი საშუალო მაჩვენებელი 86%-ია. ყველაზე გვიან კი სტუდენტობას სერბი ახალგაზრდები ირჩევენ, – 72%.
კვლევაში მონაწილე ქვეყნების სტუდენტების 10%-ს ჰყავთ შვილები. საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი – 7%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ისლანდიაში, სადაც სტუდენტების 33%-ს ჰყავთ შვილები. თუმცა ისლანდიაში როგორც ავღნიშნეთ სტუდენტის საშუალო ასაკიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
რაც შეეხება სწავლის შეწყვეტას, ეს მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ბოლო 2 სემესტრის განმავლობაში, საქართველოში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 4%-ია, ევროპის საშუალო 7%, ყველაზე მაღალი კი უნგრეთშია – 25%. სწავლის შეწყვეტის მიზეზებს შორის სახელდება: მოტივაციის ნაკლებობა (34%), სამსახურთან დაკავშირებული მიზეზები (24%), ფინანსური პრობლემები (23%).
რაც შეეხება სწავლისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას, კვირაში ანაზღაურებად სამუშაოზე სტუდენტები საშუალოდ 12 საათს ხარჯავენ. საქართველოში ეს მაჩვენებელი კვირაში 9 საათია, ყველაზე მეტს კი როგორც აღმოჩნდა ესტონელი სტუდენტები მუშაობენ, – კვირაში 20 საათი. საქართველოზე ნაკლებ დროს უთმობენ სამუშაოს თურქი (კვირაში 8 საათი), დანიელი (კვირაში 7 საათი) და იტალიელი (კვირაში 5 საათი) სტუდენტები.
კვლევა სტუდენტების ყოველთვიურ ხარჯებსაც აანალიზებს. შედეგებიდან ჩანს, რომ სტუდენტის საშუალო ხარჯის 89% საცხოვრებელი ხარჯია. ხარჯის 89% კი შემდეგნაირად ნაწილდება – 60% თავად სტუდენტის მიერ გადახდილი თანხაა, 29% კი ოჯახის წევრების მიერ. განსხვავებულია სურათი სტუდენტის შემოსავლის საცხოვრებელზე დახარჯული თანხის მიხედვით. კერძოდ, საშუალო მაჩვენებელი 36%-ია, საქართველოში კი სტუდენტი შემოსავლის 28%-ს ხარჯავს საცხოვრებელზე.
სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, – მხოლოდ 2%. ევროპაში კი საშუალოდ სტუდენტების 18% ცხოვრობს სტუდენტურ საცხოვრებელში.
სტუდენტების 28% მშობლებთან ერთდ ცხოვრობს. მშობლებთან ცხოვრების მაჩვენებლითაც ქართველი სტუდენტები მოწინავე ადგილზე არიან – 65%. ამ მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ მალტა და ლიეტუვა უსწრებს. მშობლებისგან ყველაზე დამოუკიდებლები კი ფინელი სტუდენტები აღმოჩნდნენ, – მათი მხოლოდ 4% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
საქართველოში საკმაოდ დაბალია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით მობილობაც. კერძოდ, თუკი საშუალო მაჩვენებელი 63%-ია, საქართველოში ის 45%-ს ჩამოუვარდება.
დატოვე კომენტარი