უნარებზე მოთხოვნები შრომის ბაზარზე გამუდმებით იცვლება და დღეს წარმატებული ადამიანისთვის აუცილებელია, ამ ცვლად მოთხოვნებს სწრაფად ერგებოდეს. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა LinkedIn-ის ( ბიზნესსა და დასაქმებაზე ორიენტირებული უდიდესი პროფესიონალური ქსელი მსოფლიოში) მომხმარებელთა მონაცემები. მსოფლიო ბანკმა ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად შეიმუშავა Industry Skills Needs-ი (ინდუსტრიის უნარების საჭიროებები) საზომი, რომელიც გვიჩვენებს, ყველაზე ხშირად რომელ უნარებსა და კვალიფიკაციებს აღმოაჩენთ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაში მომუშავე Linkedin-ის წევრის პროფილზე. შედეგად, ეს საზომი გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ, კონკრეტულად რის გამო ასაქმებენ ამ სფეროში და რაზე არსებობს მოთხოვნა ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა 100-ზე მეტი ქვეყნის 70 ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და არ აჩვენებს მხოლოდ საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ სურათს. გარდა ამისა, ეს კვლევა 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ჩატარდა და, შესაბამისად, არ ასახავს ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ციფრულ უნარებზე გაზრდილ მოთხოვნას.
სტატიაში განვიხილავთ იურიდიული პრაქტიკის სფეროში არსებულ მოთხოვნებს. ამ ინდუსტრიაში დასაქმებულებს შორის ყველაზე გავრცელებული უნარებისა და კვალიფიკაციების სია ასე გამოიყურება:
სახელშეკრულებო სამართალი – როდესაც იურისტებზე ვფიქრობთ, ჩვეულებრივ პირველ რიგში სისხლის სამართალი და პროკურატურა გვახსენდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იურიდიულ კომპანიებში ყველაზე ხშირად სახელშეკრულებო სამართლის სპეციალისტები საქმდებიან. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან დღეს კონტრაქტები ნებისმიერი ეკონომიკური თუ ბიზნესსაქმიანობის აუცილებელი ნაწილია. შესაბამისად, სახელშეკრულებო იურისტი ძალიან მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროფესიაა და სამართლის ამ ნაწილში კვალიფიცირება ზოგადად სამართალში კარგი კარიერის აშენების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შრომისა და დასაქმების სამართალი – სამართლის ეს განხრა დამსაქმებლებსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობებზე მუშაობს და მოიცავს დღევანდელობისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ანაზღაურება, საკადრო ცვლილებები, ზეგანაკვეთური სამუშაო, შვებულება, დეკრეტი. აღსანიშნავია, რომ გარკვეული მონაცემების თანახმად, შრომისა და დასაქმების სამართალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიის დროს, როდესაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხარჯების შესამცირებლად ბევრ კომპანიას თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან ხელფასების შემცირება მოუწია.
საოჯახო სამართალი – ეს საკმაოდ კომპლექსური და გამოწვევებით სავსე სფერო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განქორწინება, ქონების გაყოფა, ბავშვის შვილად აყვანა, ოჯახური ძალადობა, ანდერძი და ა.შ. ბოლო წლებში საოჯახო სამართლის სპეციალისტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება, რადგან, სამწუხაროდ, სწრაფად იმატებს განქორწინების შემთხვევები. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში განქორწინებები კიდევ უფრო ხშირი გახდა, სავარაუდოა, რომ ამ სფეროზე მოთხოვნა უფრო მეტად იქნება გაზრდილი.
ინტელექტუალური საკუთრება – ეს სამართლის შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი სფეროა, რომელიც ადამიანის ინტელექტის არამატერიალური ქმნილებების (პატენტების, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების და ა.შ.) დაცვას ემსახურება. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინტელექტუალური საკუთრება ბევრი კომპანიის ქონების ყველაზე ძვირფას ნაწილად იქცა. განვითარებასა და ინოვაციებთან ერთად, ასეთი კომპანიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იმატებს, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში კვალიფიცირებულ პროფესიონალებზეც.
კვლევა – პრაქტიკოს იურისტებს საქმისთვის საჭირო სამართლებრივი საკითხის გამოკვლევა უხდებათ, ამიტომ ამ საქმის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იურისტს შეეძლოს, ეს კვლევა რაც შეიძლება მცირე დროში მაქსიმალურად ზუსტად და ეფექტიანად ჩაატაროს. იურისტისთვის აუცილებელია, იცოდეს, სად ეძებოს, როგორ ამოიცნოს და რაში გამოიყენოს სწორი ინფორმაცია. ამიტომ გასაკვირვი არაა, რომ დამსაქმებლები ხშირად ინტერესდებიან კვლევითი უნარების მქონე იურისტებით.
ციფრული წიგნიერება – ამ უნარს დღეს დამსაქმებლები თითქმის ყველა სფეროში ითხოვენ და არც სამართალი აღმოჩნდა გამონაკლისი. ციფრული წიგნიერება ანუ ტექნოლოგიების გაგებისა და გამოყენების უნარი დასაქმებულ პრაქტიკოს იურისტთა ტოპ-10 უნარს შორის ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა.
იურიდიული პრაქტიკის სფეროში დასაქმებულთა შორის ყველაზე გავრცელებული უნარებია ასევე კრიმინალური სამართალი, მოლაპარაკებების უნარი და საერთაშორისო სამართალი.
აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლებში ციფრული წიგნიერებისა და კვლევის უნარების ადგილს 10-ეულში საგადასახადო სამართალი და ზრდის სტრატეგიები იკავებდა. ერთი პერიოდი მოწინავე პოზიციას ასევე იკავებდა კომუნიკაციის უნარიც.
იხილეთ ამავე სერიიდან: რა სჭირდებათ დამსაქმებლებს – უნარები, რომლებიც შრომის ბაზარზე დაგვაწინაურებს
სერიის მომდევნო სტატიებში სხვა აქტუალურ სპეციალობებში არსებულ მოთხოვნებსაც განვიხილავთ.
დატოვე კომენტარი