უნარებზე მოთხოვნები შრომის ბაზარზე გამუდმებით იცვლება და დღეს წარმატებული ადამიანისთვის აუცილებელია, ამ ცვლად მოთხოვნებს სწრაფად ერგებოდეს. საქართველოში ე.წ. Skill Mismatch-ის ანუ უნარების შეუსაბამობის პრობლემა განსაკუთრებულად მწვავეა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 31%-ს უმაღლესი განათლება აქვს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოს მსგავსი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, არამედ მაღალშემოსავლიანი ევროპული სახელმწიფოებისთვისაც კი. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე პირების დიდ ნაწილს დასაქმებისთვის საჭირო უნარები არ გააჩნია და ისინი ხშირად ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, რომლებიც გაცილებით დაბალ კვალიფიკაციებს მოითხოვს. 2010 წელს ჩატარებული ბიზნესგამოკითხვაში მონაწილე დამსაქმებლების 34%-მა განაცხადა, რომ უჭირთ ქვეყანაში საჭირო პერსონალის პოვნა, 13% კი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების დაქირავება ურთულდება. შედეგად, სახელმწიფოში ასეთი მაღალი უმუშევრობის დონის პირობებში (18.5%), დამსაქმებლები მათთვის საჭირო უნარების, კვალიფიკაციებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ვერ პოულობენ.
ეს საკმაოდ ღრმა პრობლემაა, რომლის საწყისები დევს როგორც ეკონომიკის სტრუქტურასა და განათლების სისტემაში, ისე საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ რწმენებსა და კულტურულ სტიგმებში: უმაღლესი განათლება პრესტიჟულად მიიჩნევა, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი იღებს განათლებას იმ სფეროში, რომელზე მოთხოვნა მიწოდებასთან შედარებით ძალიან დაბალია. საბედნიეროდ, დღეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ ადამიანს აქვს საშუალება სხვადასხვა მონაცემისა და კვლევის საშუალებით გაიგოს, თუ ზუსტად რა უნარებზე არსებობს მოთხოვნა ბაზარზე და შესაბამისი მიმართულებით განვითარდეს. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა LinkedIn-ის (მსოფლიოში უდიდესი ბიზნესსა და დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიონალური ქსელი) მომხმარებელთა მონაცემები. მსოფლიო ბანკმა ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად შეიმუშავა Industry Skills Needs (ინდუსტრიის უნარების საჭიროებები) საზომი, რომელიც გვიჩვენებს, ყველაზე ხშირად რომელ უნარებსა და კვალიფიკაციებს აღმოაჩენთ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაში მომუშავე Linkedin-ის წევრის პროფილზე. შედეგად, ეს საზომი გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ, კონკრეტულად რის გამო საქმდებიან ამ სფეროში და რაზე არსებობს მოთხოვნა ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა 100-ზე მეტი ქვეყნის 70 ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და არ აჩვენებს მხოლოდ საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ სურათს. გარდა ამისა, ეს კვლევა 2019 წელს, COVID 19-ის პანდემიის დაწყებამდე ჩატარდა და, შესაბამისად, არ ასახავს ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ციფრულ უნარებზე გაზრდილ მოთხოვნას.
მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ პანდემიამდეც კი თითქმის ყველა სფეროში უნარების ტოპ-10-ეულში მოხვდა ციფრული წიგნიერება. თუ 2015 წელს ეს უნარი ინდუსტრიების მხოლოდ 70%-ში იყო ყველაზე გავრცელებული, 2019 წელს ეს რაოდენობა თითქმის 90%-მდე გაიზარდა. ციფრული წიგნიერება გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების უნარს. კვლევის ავტორები კი ამ უნარს უფრო კონკრეტულად შლიან ისეთი პროგრამების ცოდნად, როგორიცაა: Microsoft Office/Excel/Word/ PowerPoint/Outlook/ Access, Office 365, Mac, Spreadsheets. ციფრული სფეროდან აღსანიშნავია სოციალურ მედიასთან ურთიერთობის უნარი, რომელიც პროფესიათა თითქმის 35%-ში ერთ-ერთი მოთხოვნადი უნარია. კვალიფიკაციები გრაფიკულ დიზაინსა (Adobe Photoshop /Illustrator /InDesign/Creative Suite, Web Design, Art Direction, Logo Design, Illustration) და მონაცემთა მეცნიერებებში (SQL, Analytics, Statistics, R, IBM SPSS, PL/SQL, Tableau, Statistical Data Analysis,Big Data) კი პროფესიათა 14%-ში აღმოჩნდა აქტუალური.
ამასთანავე, კვლევის ავტორებმა უნარები 5 დიდ კატეგორიად დააჯგუფეს: ინდუსტრიის სპეციფიკური უნარები, ტექ.უნარები, ბიზნესუნარები, რბილი უნარები და ე.წ. დამანგრეველი (disruptive) ტექ.უნარები. ამ კატეგორიებიდანაც ინდუსტრიის სპეციფიკური უნარების შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი ტექ.უნარები აღმოჩნდა.
გარდა ამისა, განსაკუთრებით მოთხოვნადია ლიდერობის, ჯგუფური მუშაობისა და კვლევის უნარები. ამათ მოსდევს კომუნიკაციის უნარი, უცხო ენების ცოდნა, პროექტების მენეჯმენტისა და მოლარაკებების უნარები.
სერიის მომდევნო სტატიებში უფრო ღრმად განვიხილავთ, თუ რა იგულისხმება ამ უნარებში და დეტალურად გავშლით კონკრეტულ სპეციალობებში არსებულ მოთხოვნებს.
დატოვე კომენტარი