რა სჭირს ეკონომიკას: 5 კითხვა 8 ექსპერტს

რა სჭირს ეკონომიკას: 5 კითხვა 8 ექსპერტს

მხოლოდ თებერვლის განმავლობაში, ლარის ოფიციალური, საშუალო დღიური კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.99-დან (4 თებერვალს), 2.26-მდე შეიცვალა, რაც 14%-იანი ზრდაა, და, სულ ცოტა, ბოლო თორმეტი წლის რეკორდი. 28 თებერვლის მაჩვენებელი (2.17) ორი წლის წინანდელს (1.65) 32%-ით, ერთი წლის წინანდელს (1.75) კი –24%-ით აღემატება. იმის მიუხედავად, როგორი იქნება შემდგომი დინამიკა, ცოტა თუ ვარაუდობს 2014 წლის ნიშნულებთან დაბრუნებას. კურსის ცვლილებამ უკვე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ბევრ ადამიანზე და ბიზნესზე. Forbes Georgia-მ გადაწყვიტა საკვანძო პუნქტების სახით წარმოედგინა ეკონომისტების მოსაზრებები ლარის კურსის ცვლილების ძირითად მიზეზებსა და შედეგებზე.

FORBES GEORGIA-ს შეკითხვებს პასუხობენ:

ბესო ნამჩავაძე – საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი

თამარ ჯუღელი – PMCG-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი

ვატო ლეჟავა – თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი

მაია გრიგოლია – ISET-ის უფროსი მკვლევარი

გიგა ბედინეიშვილი – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანი

ევა ბოჭორიშვილი – ეკონომისტი, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტი

ფადი ასლი – საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე

რომან გოცირიძე – ეკონომიკის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე

 

მთავრობის სამი შეცდომა, რამაც ლარის გაუფასურება და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია

ბესო ნამჩავაძე:

1. ბიზნესგარემოს გაუარესების მიზეზები (რაც ძირითადად რეგულაციების გამკაცრებაში გამოიხატება), გახლავთ ვიზების გამკაცრება, მიწების უცხოელებისთვის მიყიდვაზე შეზღუდვები, შრომითი მიგრაციის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯები, შრომის კოდექსის გამკაცრება, შრომის ინსპექციის შექმნა და სხვა. ბიზნესგარემოს გაუარესება აფერხებს უცხოური კაპიტალის შემოსვლას;

2. კერძო ბიზნესის შევიწროება. მაგალითად, მცდელობა, საფოსტო მომსახურება, ფაქტობრივად, მხოლოდ სახელმწიფო ფოსტამ განახორციელოს, სკოლის სახელმძღვანელოების ტენდერის გარეშე დაბეჭდვა, რამაც კერძო სტამბები დააზარალა, კერძო კლინიკების გამოსყიდვა და ზეწოლის გაძლიერება, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სქემით, კერძო უნივერსიტეტების დაზარალება, კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის ჯანდაცვის დაზღვევაში შექმნილი პრობლემები, ფიზიკური პირებისა და მცირე საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების გამკაცრება და სხვა. ასეთი ქმედებების გამო არავის აქვს გარანტია, რომ მომავალში მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე არსებულ კერძო ბიზნესს დააზარალებს;

3. სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, რაც გამოწვეულია მაღალი ბიუროკრატიული და სოციალური ხარჯებით. ამას ერთვის დეფიციტური ხარჯვის წლის ბოლო თვეებში გააქტიურება. ბიუჯეტის დეფიციტი ზრდის მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას და ხელს უწყობს კურსის გაუფასურებას. ასევე ზრდის ქვეყნის სახელმწიფო ვალს და აუარესებს მაკროეკონომიკურ გარემოს.

თამარ ჯუღელი:

1. უცხოელებისთვის რეგულაციების გამკაცრებამ მიგრაციასთან დაკავშირებით;

2. უცხოელებისთვის რეგულაციების გამკაცრებამ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით; აღნიშნული რეგულაციების გამკაცრება ზღუდავს როგორც ინვესტიციების შემოდინებას, ასევე უცხოელი ვიზიტორების შემოსვლას ქვეყანაში და, შესაბამისად, უცხოური ვალუტის შემოდინებასაც;

3. კოორდინაციის ნაკლებობა მთავრობის სხვადასხვა უწყებას შორის.

ვატო ლეჟავა:

ლარი (ვალუტა) ეკონომიკის სიჯანსაღის ინდიკატორია. განყენებულად ლარის პრობლემა არ იარსებებდა. პრობლემის საფუძველი არის დოლარის შემოდინების შემცირება ეკონომიკაში. სამი მთავარი შეცდომაა:

1. სამეწარმეო გარემოს გაუარესება;

2. სამეწარმეო მიმზიდველობის გაუარესება;

3. სამეწარმეო ნდობის გაუარესება.

მაია გრიგოლია:

1. სავიზო რეჟიმის გამკაცრება;

2. მიწის უცხოური მფლობელობის შესახებ კანონპროექტი;

3. შრომის მიგრაციის შესახებ კანონი და ზოგადად მოკლევადიან პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მოლოდინის რეჟიმში აგდებს უცხოელ ინვესტორებს.

გიგა ბედინეიშვილი:

1. უპასუხისმგებლო ბიუჯეტი, დიდი სოციალური ტვირთით;

2. რეგულაციების ზრდა;

3. ქსენოფობიური რიტორიკა.

ევა ბოჭორიშვილი:

1. სავიზო რეგულაციების გამკაცრება და მიგრაციის კანონმდებლობა;

2. უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაზე ბარიერების დაწესება;

3. დამატებითი ბარიერების ინიცირება შრომით ბაზარზე (შრომის ინსპექცია).

ფადი ასლი:

1. ბიზნესის მიმართ არაკეთილგანწყობილი რამდენიმე კანონის მიღებითა და შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესის შეწუხებით მთავრობამ ბიზნესის ზოგადი კლიმატი დააზიანა, რამაც ავნო ბიზნესს, ავნო ეკონომიკას და დააფრთხო ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი;

2. საიმიგრაციო კანონის მიღებამ უარყოფითად იმოქმედა ტურისტების შემოსვლაზე, რაც უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა;

3. მთავრობის მიერ ფულის მიწოდების მკვეთრი ზრდა არ შეესაბამებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპს.

რომან გოცირიძე:

1. მიზეზი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებია, რომლებიც ორი წლის განმავლობაში გროვდებოდა: საარჩევნო “დაპირებების” ნაწილობრივი შესრულება ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებისა და სხვა პოპულისტური ღონისძიებების სახით. რეგულირებისაკენ შემობრუნება დერეგულირების პოლიტიკის გაგრძელების ნაცვლად (მორატორიუმი მიწების გაყიდვაზე, სავიზო რეჟიმის გამკაცრება და სხვა). უამრავი ფონდისა და სააგენტოს შექმნა, ბიზნესის “წახალისების” არაეფექტური პროგრამები. დეფიციტური ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ პროგრამებზე და სუბსიდირებაზე და მისი დროში არათანაბარზომიერი შესრულება. პრივატიზების შეჩერება. ყოველივე ამის შედეგად დაბალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის მოქნილობის დაკარგვა გარე შოკების ზემოქმედების შემთხვევაში;

2. ბიზნესგარემოს გაუარესება პოლიტიკური დაჭერებისა და შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. კონფრონტაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის (პრეზიდენტი – პრემიერი, ეროვნული ბანკი – მთავრობა, მმართველი გუნდის დაშლა და სხვა).

3. მთავრობის (ეკონომიკური გუნდის) კომპეტენციის დაბალი ხარისხი, მომავლის განჭვრეტის უუნარობა და სახელმწიფო მმართველობის დაბალი ეფექტურობა გადაწყვეტილებების მიღების არაფორმალური სისტემის არსებობის გამო.

 

სამი საგარეო ფაქტორი, რაც ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისს ამწვავებს

ბესო ნამჩავაძე:

1.აზერბაიჯანის მიერ 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა, რამაც დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დაგვაკარგვინა;

2. რუსეთ-უკრაინის ომი, რაც 2014 წელს აისახა ფულად გზავნილებზე, ხოლო 2014 წლიდან ექსპორტის შემცირებაზეც აისახება;

3. ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება, რაც აძვირებს საქართველოს ექსპორტს და აიაფებს მათ იმპორტს საქართველოში.

თამარ ჯუღელი:

1. დოლარის გაცვლითი კურსის გამყარება სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის მიმართ, მათ შორის – ჩვენი სავაჭრო პარტნიორების (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა);

2. საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო (-5.7 მლნ აშშ დოლარი). 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 12%- ით არის გაზრდილი 2013 წელთან შედარებით, რაც განპირობებულია ამ პერიოდში ექსპორტის შემცირებითა (-1.6%) და იმპორტის გაზრდით (7%). ექსპორტი საგრძნობლად არის შემცირებული 2015 წლის იანვარშიც (-30%) 2014 წლის იანვართან შედარებით. ექსპორტის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ისეთმა საგარეო ფაქტორებმა, როგორიცაა კრიზისი რუსეთსა და უკრაინაში და მანქანების იმპორტზე გარკვეული რეგულაციების დაწესება აზერბაიჯანში, სადაც საქართველოდან ავტომობილების დიდი ნაწილის რეექსპორტი ხდებოდა;

3. საქართველოში შემოსული უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება.

ვატო ლეჟავა:

არ მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკონომიკის პრობლემები იმპორტირებულია, თუმცა ჩვენი ეკონომიკური სისუსტეები გაამძაფრა პრობლემებმა ქვეყნებში:

1. საიდანაც ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წილი მოდის;

2. რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია;

3. აშშ ეკონომიკის თვალსაჩინო ზრდის შედეგად დოლარის გაძლიერებამ.

მაია გრიგოლია:

1. უცხოური გზავნილების შემცირება. მთლიანად 2014 წელს ჯამური გზავნილების მოცულობა შემცირდა 1,4 მილიარდი დოლარით (რუსეთიდან გზავნილების მოცულობა შემცირდა 11,5%-ით, ხოლო უკრაინიდან –32%-ით). 2014 წელს განსაკუთრებით რთული თვე გამოდგა დეკემბერი, როდესაც გზავნილები 25%-ით შემცირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით;

2. სავაჭრო დეფიციტის ზრდა. 2014 წელს ჯამური ექსპორტის მოცულობა საქართველოდან შემცირდა 1,6%-ით 2013 წელთან შედარებით და 2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში იმპორტის მოცულობა გაიზარდა 9%-ით 8,6 მილიარდ დოლარამდე. შედეგად სავაჭრო დეფიციტი 2014 წელს 15%-ით გაიზარდა;

3. ტურისტების ნაკადის შენელება. საერთაშორისო შემოსვლების რაოდენობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით მხოლოდ 1,9%-ით გაიზარდა (მაშინ როდესაც გაორმაგება იყო პროგნოზირებული). 2015 წლის ინავარში კი, 2014 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში 3,1%-ით ნაკლები უცხოელი შემოვიდა.

გიგა ბედინეიშვილი:

1. რუბლის დევალვაცია;

2. ჰრივნის დევალვაცია;

3. მანათის დევალვაცია.

ევა ბოჭორიშვილი:

1. საგარეო მოთხოვნის შესუსტება, რაც ექსპორტის ვარდნაზე აისახება;

2. ტურისტების რაოდენობის შემცირება;

3. ფულადი გზავნილების შემცირება.

ფადი ასლი:

1. ქართული პროდუქციისთვის რუსული და უკრაინული ბაზრების ნაწილობრივი დაკარგვა;

2. ამ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის გამო ფულადი გზავნილების შემცირება რუსეთიდან და უკრაინიდან;

3. ნავთობის საერთაშორისო ფასების კლება, რამაც ნავთობმწარმოებელი ქვეყნების შემოსავლებზე იმოქმედა და ავნო მათ ეკონომიკებს და რამაც ირიბად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზეც.

რომან გოცირიძე:

1. რუსეთ-უკრაინის ომი, სანქციები და ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტების დევალვაცია. ექსპორტის კლება ომით გამოწვეული ბაზრების დეზორგანიზაციისა და ფიზიკური და იურიდიური პირების მსყიდველობითუნარიანობის მკვეთრი შემცირების გამო;

2. საზღვარგარეთიდან ემიგრანტების გადმორიცხვების შემცირება;

3. უცხოური ინვესტიციების კლება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუარესების გამო.

 

სამი რჩევა მოსახლეობას, როგორ იმოქმედოს ამ მდგომარეობაში

ბესო ნამჩავაძე:

1. გადაიტანოს სესხები ლარში;

2. არ აჰყვეს პანიკას და თუ ხარჯი დოლარში არა აქვს გასაწევი, არ შეიძინოს დოლარი ან ევრო;

3. მეტი კონტროლი განახორციელოს მთავრობაზე, არ აჰყვეს პოპულისტურ დაპირებებს.

თამარ ჯუღელი:

1. არ უნდა აჰყვეს პანიკას, რადგან სპეკულაციამ შესაძლოა უფრო მეტად დააზარალოს მოსახლეობა და დაამძიმოს სიტუაციაც;

2. სამომავლოდ, როცა სესხის ან სხვა რაიმე ვალდებულების აღებას გადაწყვეტს, აიღოს იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავლები (მათ შორის ხელფასი) აქვს;

3. არ აიღოს ვალდებულებები, თუ მათი გასტუმრების 100%-იანი გარანტია არა აქვს.

ვატო ლეჟავა:

1. ყველა ჩვენს არჩევანს თავისი ფასი აქვს;

2. ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას თავისი ფასი აქვს;

3. ჩვენ ნაცვლად ამ ფასს არავინ გადაიხდის… გარდა ჩვენი შვილებისა.

მაია გრიგოლია:

1. არ აიღოთ სესხი უცხოურ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხზე დაბალი სარგებლის განაკვეთი მოიცავს ე.წ. გაცვლითი კურსის რისკებს;

2. ნუ გადაახურდავებთ ლარში არსებულ დანაზოგებს უცხოურ ვალუტაში, მით უმეტეს, თუ მისი დახარჯვა დღეს არ გაქვთ დაგეგმილი.

3. ნუ შეისყიდით საქონელსა და მომსახურებას ინფლაციური მოლოდინების გამო. ამით მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობთ ინფლაციის ზრდას.

გიგა ბედინეიშვილი:

1. თუ სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი ლარში, მოსთხოვოს ბანკს სესხის გადაყვანა ლარში –სესხის პროცენტი გაუძვირდება, სამაგიეროდ ზუსტად ეცოდინება, შემოსავლის რა ნაწილი დასჭირდება ყოველთვიურად სესხის მომსახურებას;

2. მოითხოვოს ხელფასის გაზრდა დამქირავებლისგან. ალბათ ვერ მიიღებს, მაგრამ თუ არ მოითხოვს –ნამდვილად ვერ მიიღებს;

3. მოითხოვოს მთავრობის შეცვლა.

ევა ბოჭორიშვილი:

1. იყიდოს ქართული პროდუქცია (ამით შეიზღუდება იმპორტი და, შესაბამისად, ვალუტის გადინება);

2. ლარის კურსის ძლიერი რყევების დროს, როდესაც წონასწორული კურსი ჯერ განსაზღვრული არ არის, თავი შეიკავოს ლარის გადაცვლისგან;

3. სესხები აიღოს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი.

ფადი ასლი:

1. ნუ აჰყვებით პანიკას;

2. შეეგუეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება;

3. ბევრი იმუშავეთ, რათა ეკონომიკა სწრაფად გაძლიერდეს და, შესაბამისად, თქვენმა შემოსავლებმაც სწრაფად იმატოს.

რომან გოცირიძე:

1. არ დაიწყოს დანაზოგების კონვერტაცია. ლარის კურსი ჯერ სტაბილური არ არის და როგორც შეიძლება თავი დაიზღვიონ, ასევე შეიძლება იზარალოს;

2. თავი შეიკავოს სამომხმარებლო სესხების აღებისაგან, სანამ არ გამოჩნდება ვალუტის სტაბილიზების ნიშნები;

3. უცხოური ვალუტის რისკიანმა მფლობელებმა შეიძლება გარისკონ და შეიძინონ ლარი. შეიძლება დღევანდელი კურსი საუკეთესო აღმოჩნდეს წლის ბოლო თვეებამდე (იმ დროს რა მოხდება, ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული).

 

სამი რჩევა ხელისუფლებას, თუ როგორ იმოქმედოს ამ მდგომარეობაში

ბესო ნამჩავაძე:

1. გააუქმოს ან უკიდურეს შემთხვევაში შეარბილოს ახალი რეგულაციები. შეამციროს გადასახადები;

2. შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებით, გააუქმოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა და ღარიბებს შესთავაზოს უკეთესი სადაზღვევო პაკეტი, შეამციროს ეკონომიკის სუბსიდირება, არ აიღოს შიდა ვალი;

3. შეეშვას კერძო სექტორის შევიწროებას, პირიქით, დააჩქაროს სახელმწიფო კომპანიებისა და ქონების პრივატიზება.

თამარ ჯუღელი:

1. უნდა გადაიხედოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და გატარდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და გააუქმებს შემოღებულ შეზღუდვებს;

2. უნდა შემცირდეს ან განულდეს ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ნიშნავს ხარჯების შემცირებას;

3. უნდა გააქტიურდეს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და სხვა ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედებები ექსპორტის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.

ვატო ლეჟავა:

1. ზოგჯერ არ იმოქმედოს;

2. ზოგჯერ იმოქმედოს;

3. ისწავლოს გარჩევა, როდის იმოქმედოს და როდის –არა.

მაია გრიგოლია:

1. უცხოური Know-How-ს, ტექნოლოგიური ცოდნისა და ფინანსური კაპიტალის მოზიდვის ზრდისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები;

2. განათლების ხარისხზე ორიენტირებული რეფორმა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, რათა გაიზარდოს ადამიანური კაპიტალი და ხელი შეეწყოს წარმოებას;

3. ნუ შეისყიდით საქონელსა და მომსახურებას ინფლაციური მოლოდინების გამო. ამით მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობთ ინფლაციის ზრდას.

გიგა ბედინეიშვილი:

1. პრეზიდენტი – მოუწოდოს პარლამენტს, შეცვალოს მთავრობა;

2. მთავრობა – გადადგეს;

3. პარლამენტი – მხარი დაუჭიროს ნაციონალური მოძრაობის მიერ ნომინირებულ მთავრობას.

სამწუხაროდ, ეს არ მოხდება.

ევა ბოჭორიშვილი:

1. გადახედოს და გაამარტივოს მის მიერ მიღებული ის კანონმდებლობა, რომელიც აფერხებს საგარეო დაფინანსების შემოდინებას საქართველოში;

2. მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირება კაპიტალური პროექტების დროული და ეფექტიანი განხორციელების გზით;

3. უზრუნველყოს ბიზნესგარემოს ხელშეწყობა საგადასახადო და საკანონმდებლო კუთხით და მოიზიდოს ინვესტორები.

ფადი ასლი:

1. გააუქმეთ ყველა ბიზნეს-არაკეთილგანწყობილი კანონი და შეწყვიტეთ ბიზნესის დამაზიანებელი დამატებითი კანონების შემუშავება, იმისათვის, რომ უცხოელმა და ქართველმა ინვესტორებმა ირწმუნონ ფულის დაბანდების მოგებიანობა;

2. სწრაფად შეიმუშავეთ ექსპორტის წამახალისებელი გეგმა;

3. ფოკუსირდით სახელმწიფო აქტივების პრივატიზებაზე, რათა უზრუნველყოთ მყარი ვალუტის სწრაფი შემოდინება ეკონომიკაში.

რომან გოცირიძე:

1. სასწრაფოდ დაიწყოს პრივატიზაცია;

2. გადახედოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და შეამციროს იგი 2%-მდე, ნაცვლად 5%-სა. ამის მიხედვით მოახდინოს ყველა ეკონომიკური პროგრამის კორექტირება. დაიწყოს ბიუჯეტის სეკვესტრი, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიმართულებით. სულ მცირე, 15%-ით შეკვეცოს ადმინისტრაციული აპარატი როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე (ამ უკანასკნელზე იმოქმედოს ტრანსფერტების შემცირების მექანიზმით);

3. გააუქმოს ყველა ის მარეგულირებელი ნორმა, რომელიც ქმნის ბარიერებს ბიზნესისა და მოქალაქეების წინაშე და რომელიც მიღებულ იქნა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

 

სამი ეფექტი, რაც ლარის გაუფასურებამ ბიზნესგარემოზე იქონია

ბესო ნამჩავაძე:

1. შექმნა არასტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და გაზარდა სავალუტო რისკები, რაც პრობლემებს უქმნის როგორც არსებულ ბიზნესს, ასევე აფერხებს ახალი ინვესტიციების მოზიდვას;

2. განსაკუთრებით დააზარალა საფინანსო სექტორი, რადგან კომერციულ ბანკებს პრობლემები შეექმნებათ გაცემული სესხების ამოღებაში;

3. გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, რაც გაზრდის სესხზე საპროცენტო განაკვეთებს. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს ახალი ბიზნესის დაწყებას და არსებულის გაფართოებას.

თამარ ჯუღელი:

1. სავალუტო რისკები არასტაბილურს ხდის ბიზნესგარემოს, შესაბამისად, შეამცირებს იმ ახალ ბიზნესწამოწყებებს/ ინიციატივებს, რომელთა დაფინანსებაც სესხით იგეგმებოდა (გეგმავდა ბიზნესმენი);

2. იმპორტიორებს გაუზრდის ხარჯებს; უარყოფითი გავლენა ექნება აგრეთვე იმ ბიზნესებზეც, რომლებიც წარმოებისთვის იყენებენ იმპორტირებულს პროდუქციას (raw materials);

3. ხარჯებს გაუზრდის და არაკონკურენტულს გახდის ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარში.

ვატო ლეჟავა:

1. გაურკვევლობა;

2. უნდობლობა;

3. პესიმიზმი.

მაია გრიგოლია:

1. მოსახლეობის მხრიდან საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ვარდნა. მომხმარებელთა ნდობის ინდექსი 2015 წლის თებერვალში 25 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2014 წლის თებერვალთან შედარებით;

2. კომპანიები, რომლებსაც დოლარში აქვთ ვალდებულებები და/ ან შუალედური საქონლის იმპორტს ახორციელებენ, ინფლაციური წნეხის გაზრდას იგრძნობენ;

3. გაიზრდება სარგებლის განაკვეთი, რომელიც საქართველოში ისედაც არის ბიზნესის კეთების ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი.

გიგა ბედინეიშვილი:

1. იმპორტიორების მოგებიანობა მკვეთრად შემცირდა;

2. ექსპორტიორებმა ოდნავ ამოისუნთქეს;

3. საგარეო ვალის მომსახურება მკვეთრად გაძვირდა, შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულება უფრო გაძნელდება, შესაბამისად, საგადასახადო უფრო აგრესიული გახდება, შესაბამისად, ბიზნესი უფრო დაფრთხება, შესაბამისად, ეკონომიკა კიდევ უფრო შენელდება.

ევა ბოჭორიშვილი:

1. ინფლაციური მოლოდინების გაძლიერება;

2. გაურკვევლობის ზრდა;

3. იმპორტიორებისთვის ფასწარმოქმნის გართულება.

ფადი ასლი:

1. საქართველოდან გასული ექსპორტი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება;

2. სერიოზული განსაცდელი ექმნება ბიზნესებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო შემოსავალი –ლარში;

3. დააფრთხობს უცხოელ ინვესტორებს, რომელთაც აღარ აქვთ საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირების შესაძლებლობა.

რომან გოცირიძე:

1. დაიხურება საწარმოები (პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში). გაიზრდება უმუშევრობა;

2. მოიმატებს ფასები და შემცირდება საწარმოების მოგება, განსაკუთრებით – საბანკო სექტორში;

3. შეფერხდება როგორც შიდა, ასევე საგარეო ინვესტირება. შემცირდება ეკონომიკური ზრდა და მისი ძველ კალაპოტში დაბრუნებას დასჭირდება წელიწად-ნახევარი. ანუ დაიკარგება დრო! სამწუხაროდ, ვიქნებით დროში ჩარჩენილები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *