ამერიკელმა ავტორმა და საკომუნიკაციო სტრატეგიების ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მენეჯერმა მარიან სალცმანმა 2021 წლის ტრენდების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ყოველწლიური ანგარიში ბიზნესისა და სოციალური მიმართულებებით მზარდ ტრენდებსა და ტენდენციებს მოიცავს და ის სამუშაო კვირის ხანგრძლივობით დაწყებული, ელექტრონული კომერციისა და დრონების უფრო ინტენსიურად გამოყენების ფენომენებს შეეხება.
ტრენდების ანგარიშში სალცმანი აღნიშნავს, რომ პანდემია იყო ფაქტობრივად პირველი სტრეს-ტესტი იმისთვის, რომ მსოფლიოს დაენახა, თუ როგორ იყო შესაძლებელი მსოფლიო ეკონომიკას, მილიონობით დასაქმებულსა და კომპანიებს სრულად დისტანციურად, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით გაეგრძელებინათ საქმიანობა. “2020 წლის დასაწყისში ტრაფიკის 70%-იანი ზრდის გამო არსებობდა შეშფოთებაც, რომ ინტერნეტის უწყვეტი ფუნქციონირება რისკის ქვეშ დადგებოდა. ქსელის გადატვირთვისგან დასაცავად ზოგიერთმა კომპანიამ საკუთარი სერვისის სიჩქარეც კი შეამცირა, თუმცა ინტერნეტმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერი გამოწვევის მიმართ მოქნილ და ელასტიურ პასუხს ინარჩუნებს,”- წერს სალცმანი.
პანდემიამ კომპანიები აიძულა სახლიდან მუშაობა მათი ოპერაციების განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო, მათ საქმიანობის გაგრძელების უკეთესი ალტერნატივა არც ჰქონდათ. “ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს, რომ ამან გაამართლა, შედეგად ახლა სულ უფრო მეტი დამსაქმებელი და დასაქმებული ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აქციოს სახლიდან მუშაობა საკუთარი სტანდარტული ოპერირების ერთ-ერთ ნაწილად.
პაციენტებმა აღმოაჩინეს, რომ სამედიცინო სერვისების დისტანციური გზით მიღება და ექიმთან ვიდეოზარით ან ტელეფონით გასაუბრება ხშირად უფრო ეფექტიანია ვიდრე ფიზიკური ვიზიტი და ექიმის კაბინეტის წინ რიგში დგომა. ტელემედიცინის პრაქტიკა რა თქმა უნდა ახალი არაა, თუმცა, COVID-19-ის პანდემიის შემდგომ ამგვარი მომსახურება უფრო მოთხოვნადი უნდა გახდეს.
ვხედავთ, რომ ადამიანები ახალ სახლს მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ყიდულობენ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო კი სხდომებს დისტანციურად განიხილავს, შესაბამისად ჩვენ არ უნდა დავსვათ კითხვა თუ რისი გადატანა შეგვიძლია ინტერნეტში, ამ კითხვის სწორი ფორმულირებაა რისი გადატანა არ შეგვიძლია ინტერნეტში,”- აღნიშნავს სალცმანი.
მარიან სალცმანის შეფასებით, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა სავარაუდოდ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი ბიზნესში, რასაც არაერთი წამყვანი კომპანიაც უჭერს მხარს.
ჩვენ ვხედავთ უფრო აქტიურ დისკუსიას ამ მიდგომის შესახებ, მათ შორის მისი სარგებლისა, როგორც მოსახლეობის, ასევე გარემოს მიმართ. Microsoft-ის იაპონიის ოფისის მიერ მიერ ოთხდღიან გრაფიკზე გადასვლის ექსპერიმენტმა დასაქმებულთა პროდუქტიულობის 40%-ით გაზრდას შეუწყო ხელი. სხვა კომპანიებიც განიხილავენ მის დანერგვას, მათ შორის ამერიკული სწრაფი კვების ქსელი Shake Shack-ი, ახალ ზელანდიური მენეჯმენტ კომპანია Perpetual Guardian-ი და სხვები. როგორი რევოლუციური იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ მცირე რაოდენობის საათებში დასაქმებულებს უფრო ეფექტიანად მუშაობა შეეძლებათ,”- წერს სალცმანი.
სოციალური დისტანცირების შედეგად, დიდი ქალაქების მიმზიდველობა შემცირდა. ის რაც ქალაქების, მათი კულტურული ცხოვრებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მხრივ უპირობო უპირატესობად ითვლებოდა დღეს ახალი ვირუსის მასობრივი გავრცელების მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
მარიან სალცმანის აზრით, პანდემიის დასრულებიდან გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტად გაძლიერდება ტრენდი ქალაქებიდან გარეუბნებსა და რეგიონებში გადასახლების მიმართულებით.
“თუმცა ქალაქების წინააღმდეგ ფსონის დადება არ ღირს, რადგან მათმა უმეტესობამ პანდემიაზე მძიმე გამოწვევებს გაუძლო (ომები; ქოლერას ეპიდემია; შავი ჭირი და სხვა) თუმცა ამის მიუხედავად, მაინც შეძლეს აღდგენა,”- ნათქვამია 2021 წლის ტრენდების ანგარიშში.
მარიან სალცმანი
მარიანი კომპანია Philip Morris International-ის გლობალური კომუნიკაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც ამჟამად მასშტაბურ ტრანსფორმაციას გადის დასახული მიზნის – უკვამლო მომავლის მისაღწევად. მარიანი Forbes-ის კონტრიბუტორი, ასევე არაერთი წიგნის ავტორი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი პრაქტიკოსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
დატოვე კომენტარი