საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველომ აზერბაიჯანთან ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო 1.5 მილიონი აზერბაიჯანელი ტურისტი დაკარგა და დაახლოებით $400 მილიონის მოცულობის შემოსავალი დაკარგა. ცნობისთვის, აზერბაიჯანმა საკუთარი სახელმწიფოს სახმელეთო საზღვრები კოვიდპანდემიის დროს ტურისტული მიმოსვლისთვის მეზობელ სახელმწიფოებთან დახურა. საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გახსნის თარიღი ამ პერიოდში თითქმის 10-ჯერ გადავადდა.
2019 წელს, პანდემიამდელ პერიოდში, აზერბაიჯანი ვიზიტორების რაოდენობით მეზობელ სახელმწიფოებში ლიდერობდა. 2019 წელს აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა. მათ მიერ დახარჯული თანხის მოცულობა კი $237 მილიონი გახლდათ. კოვიდპანდემიის პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 5-ჯერ შემცირდა და 2020 წელს 295 ათასი, 2021 წელს კი 82 ათასი შეადგინა. თუმცა ვიზიტორების რაოდენობა პანდემიის დასრულების შემდეგაც არ გაზრდილა. ამის მიზეზი კი ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარია. აზერბაიჯანელი ვიზიტორები საქართველოში ვიზიტისთვის მეტწილად სწორედ სახმელეთო საზღვარს იყენებდნენ. გასულ წელსაც აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვმა მხოლოდ 199 ათასი, მათ მიერ დახარჯულმა თანხამ კი $143 მილიონი შეადგინა.
სახმელეთო საზღვრის კვეთის შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვებზე. სატვირთო ავტომობილები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს უწყვეტ რეჟიმში კვეთენ.
უკანასკნელი ინფორმაციით, საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გახსნის თარიღად 2024 წლის ივლისია დასახელებული.