ჰაკერულმა დაჯგუფება Prana Network-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეილის სერვერებში შეაღწია და Shahed-ის ტიპის დრონების რუსეთისთვის მიყიდვის მონაცემები მოიპოვა. ჯგუფი 10 გიგაბიტის მოცულობის ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს. მონაცემები მოპოვებულია ირანული კომპანია Sahara Thunder-ის ბაზებიდან, რომელიც რუსეთსა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს შორის დრონების მიყიდვის საკითხზე ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებს. შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ რუსეთისათვის მიწოდებული Shahed-ის ტიპის დრონებს რუსული არმია უკრაინაზე შეტევების განსახორციელებლად აქტიურად იყენებს.
დრონების მწარმოებელი და პროექტის ავტორი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქოლგა ორგანიზაცია Shahed Aviation Industries Research Center-ი გახლავთ. მათ მიერ წარმოებული Shahed-131/136 მოდელების საოპერაციო მანძილი 800-დან 1400 კილომეტრამდე მერყეობს.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ The Guardian-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ერთეული Shahed-ის ტიპის დრონის წარმოების ღირებულება $20,000-ს შეადგენდა. თუმცა ჰაკერული ჯგუფის Prana Network-ის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, ეს თანხა $375,000-ს უტოლდება. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, ირანი და რუსეთი დიდი რაოდენობით შეძენის შემთხვევაში უფრო დაბალ ფასზე შეთანხმდნენ.
მოპოვებული მონაცემების თანახმად, რუსეთსა და ირანს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 6,000 ერთეული Shahed-ის შემთხვევაში ღირებულება $193,000-ით განისაზღვრებოდა, 2,000 ერთეულის შემთხვევაში კი – $290,000-ით. საბოლოოდ კი, შეთანხმების შემდეგ ირანმა რუსეთისგან $1.8 მილიარდი მიიღო სალიცენზიო გადასახადის ჩათვლით.
სალიცენზიო გადასახადი რუსეთისათვის Shahed-ის ტიპის დრონების ადგილობრივად წარმოების შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს. ცნობისთვის, რუსეთმა გასულ თვეს Shahed-ის ტიპის დრონების ბიუჯეტური ვერსიის, Hawk-ის ადგილობრივად წარმოების გადაწყვეტილება დააანონსა.
რუსულ სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Hawk-ის ტიპის დრონის საოპერაციო მანძილი 350 კილომეტრი იქნება და მას 16 კილოგრამი საბრძოლო მასალის გადატანა შეეძლება. დრონის წარმოების დაწყების სავარაუდო თარიღად 2024 წლის პირველ ნახევარს ასახელებენ.