ადამიანის სამუშაო ადგილმდებარეობა ხშირ შემთხვევაში მის საცხოვრებელ არეალსაც განსაზღვრავს. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, მივიღოთ ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილებები, რათა ლოგისტიკურმა საკითხებმა ზედმეტად არ შეგვაწუხოს. თუმცა COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ადამიანის აზროვნება ამ საკითხთან მიმართებითაც შეცვალა. იმისდა მიუხედავად, რომ სიტყვა „შეზღუდვას“ ნეგატიური კონოტაცია აქვს, დისტანციური მუშაობის სფეროში მან ბევრი ახალი პერსპექტივა გააჩინა. მაგალითისათვის, Gallup-ის განცხადებით, ამჟამად შეერთებული შტატების მოსახლეობის 30% დისტანციურად მუშაობს, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 5 წლის წინ 5%-ს შეადგენდა.
სწორედ ამიტომ, ახალი შესაძლებლობების კვალდაკვალ გაჩნდა ახალი გამოწვევებიც. თუკი დისტანციური სამუშაო გარემო გაძლევთ საშუალებას, რომ არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლი, არამედ ქვეყანაც კი შეიცვალოთ, მაშინ აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.
საცხოვრებელი ხარჯები
ადამიანის გადაწყვეტილებაზე – გადავიდეს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში – ხშირად ისეთი ფაქტორები მოქმედებს, როგორიცაა სახლის ხარჯების შემცირება, ნაკლები გადასახადები და ხშირ შემთხვევაში საკვების ღირებულებაც კი. თუმცა არსებობს ფაქტორებიც, რომლებმაც შესაძლოა, ჩვენი რელოკაცია, ეკონომიის ნაცვლად, უფრო ხარჯიანი გახადოს. მაგალითად, შესაძლოა, დამსაქმებელმა ხელფასი შეუმციროს დასაქმებულს იმის მიხედვით, თუ რამდენად უფრო ნაკლებხარჯიან ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად. ამგვარ ნაბიჯებს მიმართეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორიცაა Facebook-ი და Twitter-ი. ამიტომ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე გარემოებების წინასწარ განსაზღვრაა საჭირო.
გადასახადები
დაბალი გადასახადები ყოველთვის წარმოადგენს იმ მაცდურ ფაქტორს, რამაც შესაძლოა, სხვა შტატში ან ქვეყანაში გადაბარგებისაკენ გიბიძგოს. მაგალითად, შეერთებული შტატების შვიდ შტატს საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არა აქვს, რაც მეტად სარფიანი მოცემულობაა. თუმცა საშემოსავლო გადასახადების საკითხი შესაძლოა საზიანოც კი გამოდგეს ჩვენთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობ და მუშაობ, შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადით ორჯერ დაიბეგრო.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დაბალი საშემოსავლო გადასახადი ყოველთვის არ ნიშნავს სხვა გადასახადების ლოიალურობასაც. მაგალითისათვის, ტეხასის შტატში საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება დასაქმებული, თუმცა ქვეყანაში სიდიდით მე-7 ქონების გადასახადი მოქმედებს. სწორედ ამიტომ, წინდახედულობა ამ შემთხვევაშიც აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს მანამ, სანამ გადასვლის გადაწყვეტილებას მივიღებთ.
კომპანიასთან კავშირი
დისტანციური მუშაობა ერთი შეხედვით ამარტივებს დასაქმებულთა ცხოვრებას, თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. თუკი ადამიანთა ნაწილი საოფისე ცხოვრებას დაუბრუნდება, დისტანციურად მომუშავე თანამშრომელმა შესაძლოა, ვერ ისარგებლოს ყველა პრივილეგიით. მაგალითად, კალიფორნიის სანტა-ბარბარას კვლევების უნივერსიტეტმა აღმოაჩინა, რომ დისტანციურ მუშაობას შესაძლოა, კარიერული განვითარების პრობლემები მოჰყვეს. მათი განცხადებით, დაწინაურების მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია ოფისში მომუშავე ადამიანებთან მიმართებით.
ადგილობრივი ბაზარი
თუკი საცხოვრებელ გარემოს იცვლი, ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყო. აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუკი სამსახურს დავკარგავთ და ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებას მოვისურვებთ. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად კი კარგად უნდა შევისწავლოთ ადგილობრივი ბაზარი და ჩვენი პროფესიის მიმართება მასთან.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამაბრკოლებელი გარემოებები არ უნდა გახდეს. მთავარია, ყველა ამ რისკის შესახებ გარკვეული ინფორმაცია წინასწარ გვქონდეს მიღებული.
დატოვე კომენტარი