არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ საქართველოსთვის – როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის – ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ამაში დიდი წვლილი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიუძღვის, რომელიც, როგორც ირკვევა, ორიოდ კვირაში ელექტროენერგიის შესყიდვის ახალ მოდელს წარმოადგენს. აღნიშნული მოდელი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის, ე.წ. „PPA-მექანიზმის“ ჩამანაცვლებლად მოიაზრება, რომელზეც 2017 წელს მორატორიუმი გამოცხადდა.
იმ დროს, როცა საქართველოში ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი, ანუ PPA-ი არსებობდა, სახელმწიფო, როგორც მთავარი მოქმედი პირი, ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორთან მოლაპარაკებების შედეგად ელექტროენერგიის გარანტირებული წესით და კონკრეტული ფასით შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა, რომელიც ახალი ჰესის მშენებლობისთვის ინვესტიციის მობილიზების ერთ-ერთ დასაყრდენად ითვლება – ინვესტორისთვის ერთგვარ გარანტიას სწორედ ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა. მარტივად რომ ვთქვათ, PPA-მექანიზმი ინვესტორებს მინიმალურ გარანტიებს სთავაზობდა.
თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, თავის დროზე PPAმექანიზმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციის საფუძველზე გაუქმდა – ფონდის მტკიცებით, ამგვარი მექანიზმით ხელმძღვანელობისას მთავრობა საკუთარ თავზე დიდ ვალდებულებას იღებდა და პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბიუჯეტს სოლიდური თანხების გადახდა მოუწევდა, რაც სახელმწიფოს ფისკალური რისკის წინაშე აყენებდა. ისე კი, პარალელურად ამისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში PPA-მექანიზმის გაუქმების კიდევ ერთი არგუმენტი არსებობდა – გაუმჭვირვალობა და არასტანდარტულობა, რაც სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების განსხვავებული მოცულობითა და ვადიანობით გამოიხატებოდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის გაუქმებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა კერძო სექტორი – არგუმენტებს შორის ენერგეტიკული სექტორის მოთამაშეები ამ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტემპის შენელებას ასახელებდნენ. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ კერძო სექტორის ეს პოზიცია გაიზიარა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ PPA-მექანიზმის გაუქმებამ „გარკვეულწილად შეაფერხა ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების შემოდინება“.
ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება შედარებით ახალია, სექტორში ინვესტიციების შემცირების რისკებს, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ამ დრომდეც ხედავდა, რის გამოც, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის ჩამანაცვლებელი მოდელის შესახებ საზოგადოებას არაერთხელ მოახსენა – აღნიშნული მექანიზმის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობდა IMF-იც. თავდაპირველად საუბარი იყო ე.წ. „ფიდ-ინ-პრემიუმზე“, რომელიც ინვესტორებს არასრულ, მაგრამ ნაწილობრივ დამატებით დახმარებას სთავაზობდა. მექანიზმს შემდეგნაირად უნდა ემუშავა: თუ კონკრეტულ დღეს ელექტროენერგიის ფასი ბირჟაზე მთავრობის მიერ დადგენილ წონასწორულ ფასზე ნაკლები იქნებოდა, ამ სხვაობას „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“, ანუ ესკო დაფარავდა, მაგრამ არაუმეტეს 1.5 ცენტის ფარგლებში. ამგვარად, ესკოს ტარიფის შემავსებლის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კერძო სექტორი პრობლემებს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ მოდელშიც ხედავდა. ენერგეტიკული სექტორის მოთამაშეების ნაწილისთვის ე.წ. „ფიდ-ინ პრემიუმი“ საინტერესო მოდელს წარმოადგენდა, მაგრამ მათ შეკითხვები ჰქონდათ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზღვრებთან – როგორც ელექტროენერგიის მინიმალური გამომუშავების, ასევე წონასწორული ფასის მიმართულებით. ამასთანავე, კერძო სექტორს შენიშვნები ჰქონდა მხარდაჭერის სქემის არაერთგვაროვნებასთან დაკავშირებით, რადგან საჯაროდ არ იყო განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა თანახმად სახელმწიფო მისთვის პრიორიტეტულ სადგურს არჩევდა და, შესაბამისად, განსხვავებულ პირობებს სთავაზობდა. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ე.წ. „ფიდ-ინ პრემიუმის“ მოდელი დღემდე არ ამოქმედებულა.
როგორც „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბიემჯისთან“ ივნისში შემდგარი საუბრისას განაცხადა, მთავრობის მიერ შემოთავაზებული პრემიალური დანამატები, ინვესტორების თქმით, მათ არასაკმარის გარანტიებს სთავაზობდა. ამავე ინტერვიუში დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახალ მექანიზმზე მუშაობდნენ, რომელიც PPA-მექანიზმთან შედარებით უფრო მოქნილი და ინვესტორებისთვის მეტი გარანტიის მიმცემი უნდა ყოფილიყო.
როგორც ჩანს, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარე გულისხმობდა იმას, რაზეც ცოტა ხნის წინ საუბარი საქართველოს მთავრობამაც დაიწყო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რამდენიმე კვირაში ის საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების გეგმას წარუდგენდა. აი, სწორედ ამ გეგმის ნაწილად მოიაზრება ის ახალი მოდელი, რომელმაც PPA-მექანიზმი უნდა ჩაანაცვლოს.
მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა – მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რვათვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობა ინვესტორებს ახალ მექანიზმს შესთავაზებს. „ინვესტორებს გარკვეული გარანტიები სჭირდებათ – ეს მექანიზმები გარანტირებულია, მათში გათვალისწინებულია ის ფისკალური რისკები, რომლებზეც აპელირებდნენ და გათვალისწინებულია კონკურენციის თვალსაზრისით ევროკავშირის მიერ წამოყენებული მოთხოვნები“, – ამბობდა ლევან დავითაშვილი ოქტომბრის დასაწყისში.
როგორც გაირკვა, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის ალტერნატივად საქართველოს მთავრობა ე.წ. „CfD“-ის (ინგლ. Contract for Difference) შემოღებას განიხილავს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიის კონკრეტულ ფასად შესყიდვის სანაცვლოდ ფასის განსხვავების კომპენსირებას გულისხმობს. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს მექანიზმი უფრო კონკურენტულია და ის წაახალისებს როგორც ჰიდროელექტროენერგიის, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტების მშენებლობას – ამასთანავე, ამ მექანიზმს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც იყენებენ. როგორც მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, ეს მექანიზმი მრავალწლიანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე ერთი თვით ადრე ახალი მექანიზმის შესახებ საუბრობდა ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, რომლის თქმით, ახალი მექანიზმი აუქციონის ტიპის იქნებოდა.
„წინა ვერსიებთან მიმართებით მთავარ საკითხსა და პრობლემას პირდაპირი გარანტირებული შესყიდვა წარმოადგენდა და შევთანხმდით, რომ ჩვენი ენერგეტიკის განვითარებისთვის ეს მექანიზმი სწორი არ არის. [ახალი მექანიზმი] საბაზრო პირობებს დაეფუძნება – არ იქნება პირდაპირი შესყიდვა და მოლაპარაკებები, ის აუქციონზე იქნება დაფუძნებული. აუქციონის გამოცხადებას კონკრეტული პირობებით შევძლებთ და ის, ვინც უკეთეს პირობებს წარმოგვიდგენს, ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მიიღებს, მაგრამ ეს გარანტირებული შესყიდვა არ იქნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში და დასძინა, რომ ეს მოდელი საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც.
რაკიღა გაჟღერდა ახალი მოდელის სახელწოდება და აღინიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იყენებენ, გადავწყვიტე მეკითხა, თუ რას ნიშნავს ეს მოდელი და როგორ იყენებენ მას ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, CfD-მექანიზმი საბაზრო და შეთანხმებულ სტრაიკ-ფასს (ინგლ. Strike Price) შორის არსებულ სხვაობას ეფუძნება. თავისი არსით, სტრაიკ-ფასი ისაა, რომელშიც დეველოპერის მიერ განახლებადი ენერგიის მოპოვების ტექნოლოგიაში ჩადებული ინვესტიცია არის ასახული. იმ შემთხვევაში, თუ სტრაიკ-ფასი საბაზრო ფასს აღემატება, სახელმწიფომ ეს სხვაობა დეველოპერს უნდა აუნაზღაუროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ფასი აღემატება სტრაიკ-ფასს, სხვაობას ენერგიის მწარმოებელი იხდის. თუმცა ე.წ. „ფიდ-ინ პრემიუმისგან“ განსხვავებით, ეს მექანიზმი სააუქციონო პრინციპს ეფუძნება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის კონკრეტული მოდელი, რომლითაც საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის ჩანაცვლებას გეგმავს, ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია; უცნობია ისიც, გადმოიღებს თუ არა საქართველოს მთავრობა სხვა სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ მექანიზმს, თუ მას ჩვენი ქვეყნის კონკრეტულ საჭიროებებს მოარგებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკის განვითარება ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ PPA-მექანიზმზე მორატორიუმის გამოცხადებით შექმნილი ვაკუუმი ერთხელ და სამუდამოდ შეივსება და ქართველი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახალი მოდელი შეიქმნება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს გაზრდის. როგორც მთავრობა ამბობს, აღნიშნული მექანიზმი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ მის წარდგენას დაველოდოთ.
დატოვე კომენტარი