რაკეტებსა და ბუმბულებზე – საწვავის ქართული ბაზარი

რაკეტებსა და ბუმბულებზე – საწვავის ქართული ბაზარი

გასულ წელს, როდესაც საქართველოს საზღვარს ვკვეთდი ვალესთან, განცალკევებით მდგომი ბენზინგასამართი სადგური შევნიშნე, ზედ სასაზღვრო გამშვები პუნქტის უკან, რამდენიმე კილომეტრში უახლოესი ქალაქიდან. არ გამკვირვებია, რადგან ბენზინი თურქეთში საქართველოსთან შედარებით ორჯერ ძვირია, რაც ამ ბენზინგასამართ სადგურს საზღვრის მეორე მხრიდან შემოსული თურქი მძღოლების სახით საიმედო ბიზნესის გარანტიას სთავაზობს. მაგრამ, რამაც გამაოცა, ის იყო, რომ ბენზინის ფასი ამ ბენზინგასამართ სადგურზე ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახალციხეში და თუნდაც თბილისში.

იმ კონკრეტულ დღეს შეიძლება დაემთხვა, მაგრამ ჩემი მოგზაურობის განმავლობაში არაერთი მსგავსი შემთხვევა შევამჩნიე. ეულ ბენზინგასამართ სადგურებზე მთებში, სტრატეგიულ ბენზინგასამართ სადგურებზე გზატკეცილის გასწვრივ, კონკურენტებით გარშემორტყმულ სადგურებზე ქალაქებში, როგორც წესი, ფასები ერთნაირია.

ეკონომისტებმა ძალიან ბევრი ქვეყნის ბენზინის საცალო ბაზრის შესწავლის შედეგად აღმოაჩინეს ფასის ასიმეტრიული გადაცემა, ე.წ. „რაკეტებისა და ბუმბულების“ წესი. როდესაც საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე იზრდება, ადგილობრივი ფასებიც იზრდება – რაკეტის სისწრაფით. მაგრამ, თუ საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე იკლებს, ადგილობრივი ფასი ბუმბულივით ნელა ეცემა. ფასების ასიმეტრიული გადაცემა რამდენადაც მიმზიდველია კომპანიებისთვის, იმდენად თავსატეხია ეკონომისტებისთვის. თუ დავუშვებთ, რომ კომპანიები რეალურად არიან ერთმანეთის კონკურენტები, მაშინ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების შემდეგ შეეცდება ფასის შეცვლის გაჭიანურებას, კონკურენტები ბოლოს მოუღებენ. იმისთვის, რომ გავიაზროთ ფასების ასიმეტრიული გადაცემის რაობა, უნდა დავუშვათ, რომ კომპანიებს აქვთ საბაზრო ძალაუფლება და შეუძლიათ რაღაც დროის განმავლობაში თავიანთ კონკურენტებზე მაღალ ფასად გაყიდონ საწვავი ისე, რომ მომხმარებლები არ დაკარგონ.

კარტელს, როგორც დე ფაქტო მონოპოლიას, აქვს საბაზრო ძალაუფლება. ასევე აქვთ კომპანიებსაც, რომლებიც კონკურენტები არიან, მაგრამ არ დებენ გარიგებებს ისეთ ბაზარზე, როგორიცაა საწვავის საცალო ბაზარი. თუ ერთი სადგური 1-2 თეთრით მეტს ახდევინებს სხვა სადგურებთან შედარებით, ყველა კლიენტი ვერ შეამჩნევს ამას, არც ყველა კლიენტს ენდომება დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა კონკურენტის მიერ შეთავაზებული დაბალი ფასის გამო. აი, ასე იბადება ასიმეტრიული ფასები.

მაგრამ, თუ ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებს აქვთ საბაზრო ძალაუფლება, ჩემი დაკვირვება იმის შესახებ, რომ საწვავის ფასი ყველა სადგურზე ერთნაირია, ქმნის პრობლემას. რატომ ახდევინებენ იმავე ფასს თბილისში, სადაც ირგვლივ ამდენი კონკურენტია, და სადღაც მთაში, სადაც კონკურენტის სადგური რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული? ესაა თავსატეხი, რომელიც ამოხსნას საჭიროებს. ასე დავიწყე ფასების მონაცემების შეგროვება და ციფრებთან ჭიდილი.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა სტუდენტმა, ანა მაზმიშვილმა, თავისი სამაგისტრო ნაშრომისთვის საწვავის ქართული ბაზარი შეისწავლა. ეს იყო ძალიან კარგი კვლევა. იგი იყენებდა სტატისტიკურ ტექნიკას, რათა აეხსნა, როგორ აისახებოდა მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ფასების ცვლილება ადგილობრივ ქართულ ფასებზე. მან მყარი მტკიცებულება აღმოაჩინა ასიმეტრიული ფასების არსებობისა, რაც სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. მე უახლესი მონაცემების გამოყენებით გავიმეორე მისი გამოთვლები და აღმოვაჩინე, რომ იგივე ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე რეკორდულად დაეცა. ამის ფონზე კი ქართული ფასები ოდნავ დაეცა, ბუმბულივით.

საწვავის ბაზარი მგრძნობიარეა გარიგებებისადმი. დღემდე არაერთი კარტელი გამოაშკარავდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, რუმინეთი, უკრაინა. კარტელის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების პოვნა ძნელია, რადგან ყველაზე კარგად შესწავლილი ფასები შეიძლება შეესაბამებოდეს როგორც გარიგებულ, ისე კონკურენტულ ფასს. თუმცა ეს არც კარტელისთვისაა ადვილი. პრობლემა, რომლის წინაშეც გარიგებული კომპანიები დგანან, ისაა, რომ ცალკეული კომპანიებისთვის მოგებიანია გარიგებული ფასებისგან გადახვევა სხვა კომპანიების ხარჯზე. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ კომპანიები განსხვავდება ფასის ფორმისა და ზომის მიხედვით, რაც ართულებს გარიგების შედეგად მიღებული მოგების განაწილებას მასში ჩართულ კომპანიებს შორის.

რაც მე და წინათ ჩემმა სტუდენტმა აღმოვაჩინეთ, ყველაფერს ვერ ხსნის. შესაძლოა, გარიგება მართლაც შედგა, მაგრამ მონაცემები ამას ცხადად ვერ ადასტურებს. შემდეგ გამახსენდა თავსატეხი, რომელმაც გამოიწვია ეს ყველაფერი – ფასები ერთნაირია ყველა სადგურზე. ასევე გამახსენდა პრობლემა, რომელიც ჩემს სტუდენტს ჰქონდა თავიდან – ფასები უცვლელია დღეების, ზოგჯერ კი კვირების განმავლობაში, რაც სტანდარტული სტატისტიკური ტექნიკის გამოყენებას ართულებს. ეს ყველაფერი უცნაური ჩანდა, რადგან სხვა ქვეყნებში საწვავის ფასები ბევრად განსხვავდება სხვადასხვა სადგურზე, სხვადასხვა დროს. მაგალითად, გერმანიაში უჩვეულო არაფერია იმაში, რომ საწვავის ფასები დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს და ერთსა და იმავე ქალაქში არსებულ სადგურებზე სხვადასხვა ფასი იყოს.

უარესიც, შევამჩნიე, რომ ზოგჯერ სხვადასხვა ბრენდის ფასები დღეების განმავლობაში განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი ბრენდი გამუდმებით აჭიანურებს ფასების შეცვლას, მაშინ როცა სხვები მაშინვე ცვლიან. ეს ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. ჩვენ შეიძლება ველოდეთ ფასების განსხვავებას სხვადასხვა სადგურზე, მაგრამ არა ბრენდებს შორის. ჩვენ შეიძლება ველოდოთ ფასების ხშირ ცვლას, მაგრამ არა ყოველ რამდენიმე დღეში ან კვირაში. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ზოგი კომპანია თავს გაიტანს ფასების შეცვლის გაჭიანურებით, მაშინ როცა სხვები მაშინვე ცვლიან.

მაგრამ, როგორც კი დავუშვი, რომ ეს კომპანიები კონკურენტები არ არიან და ერთმანეთს გაურიგდნენ, ყველაფერი ნათელი გახდა. კარტელი მოითხოვს, შენარჩუნებულ იქნას ფასების წესრიგი წევრებს შორის, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურებზე ფასები ერთნაირი იქნება და იშვიათად შეიცვლება. თუ კომპანიები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფასის სტრუქტურითა და ზომით, კარტელსაც დასჭირდება მოლაპარაკება, როგორ განაწილდეს გარიგების შედეგად მიღებული მოგება მონაწილე კომპანიებს შორის. სტანდარტული მექანიზმის თანახმად, ზოგიერთ წევრს უფლება აქვს, გააჭიანუროს ფასების შეცვლა მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების პასუხად, რითაც ზოგი კომპანია გარიგების შედეგად მიღებულ მოგებას სხვა კომპანიებს გადასცემს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქარ თული კომპანიები ერთმანეთს გაურიგდნენ? დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. მყარი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ქართული ბაზრის ამ მეტად უცნაური ფასების ალტერნატიული ახსნაც შეიძლება მოიძებნოს. თუმცა ეს ახსნები ნაკლებად დამაჯერებელი და მოსალოდნელია.

(მაიკლ ფუნფციგი არის თბილისში მოღვაწე ეკონომისტი და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის ასისტენტ–პროფესორი. იგი არის ბონის უნივერსიტეტის მაგისტრისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელი ეკონომიკაში. მასთან დაკავშირება შესაძლებელია ელ-ფოსტით: M.FUENFZIG@ISET.GE).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *