გასულ კვირას კრიპტოინდუსტრიას კოლაფსის რეალური საფრთხე დაემუქრა, კერძოდ, მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟა FTX-ი ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და ოფიციალურად გაკოტრდა.
მართალია, კომპანია FTX-ი ბაზარზე ცოტა ხნის წინ, კერძოდ, 2019 წელს გამოჩნდა, თუმცა ტექნიკურად დახვეწილმა ბირჟამ მალევე მიიქცია ტრეიდერების ყურადღება და 2021 წლისთვის მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 32 მილიარდ დოლარს მიაღწია, კომპანიის დამფუძნებლის, სემ ბენკმენ-ფრიდის ქონების შეფასება კი 16 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
აღმასვლის უჩვეულოდ სწრაფი ტემპით ამერიკელმა ტეიდერმა და მეწარმემ თავად Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსაც კი გადაუსწრო, თუმცა როგორც კრიპტოვალუტებს სჩვევიათ, მისი დაღმასვლის ისტორიაც არანაკლებ მკვეთრი და სანახაობრივი აღმოჩნდა.
რეალურად, FTX-ის პრობლემები სათავეს წლის დასაწყისიდან იღებს. გლობალური ბირჟების დაღმასვლისა და კრიპტოაქტივების გაუფასურების ფონზე, 2022 წელს მკვეთრად იმატა გაკოტრებული კრიპტოპლატფორმებისა და კომპანიების რაოდენობამ. მათ შორის რამდენიმე მასშტაბური შემთხვევა კი Voyager Digital-ს, კრიპტობანკ Celsius-სა და ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ სემ ბენკმენ-ფრიდმა დასუსტებული ინდუსტრიით სარგებლობა გადაწყვიტა და შესყიდვების აგრესიულ სტრატეგიაზე გადაერთო.
წლის განმავლობაში მან არაერთი გაკოტრებული კომპანიის აქტივები შეიძინა, მათ შორის იყო Voyager Digital-ი და Celsius-იც. მართალია, ზემოხსენებული გარიგებების ღირებულება უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბენკმენ-ფრიდმა შესყიდვებზე რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯა, ეს თანხა კი რეალურად FTX-ის რეზერვებსა და საოპერაციო ხარჯებზე იყო გათვლილი და არც ბიზნესის გაფართოებაზე.
საგულისხმოა, რომ დახურულ კარს მიღმა აუქციონებში თითქმის ყოველთვის მონაწილეობდა მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აუქციონებში გამარჯვებას უმეტესწილად FTX-ი იპოვებდა, მიუხედავად ნაკლები ფინანსური რესურსებისა. თავად ეს მოცემულობა აჩენს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ Binance-ი აუქციონებში გამარჯვების საშუალებას FTX-ს მიზანმიმართულად აძლევდა.
გაკოტრებული კომპანიებით დამშვენებული საინვესტიციო პორტფელით FTX-ი არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. პირველ რიგში, კომპანიის რეზერვებიდან ამოიწურა ლიკვიდური აქტივებისა და ნაღდი ფულის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ბირჟისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ამ ფაქტს დაემატა ისიც, რომ ბირჟაზე კრიპტოაქტივების გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, მსოფლიოს მასშტაბით ტრეიდინგ აქტივობამ იკლო, რაც იმას გულისხმობს, რომ FTX-ს საოპერაციო შემოსავლები შეუმცირდა, რეზერვების შევსება კი საჭირო დროში ვერ მოხერხდა.
ხაზგასასმელია, რომ FTX-ის საერთაშორისო პლატფორმა ბაჰამის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და ის ფინანსურ ანგარიშგებას არ ასაჯაროებს. მიუხედავად ამისა, ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეებისთვის მაინც ცნობილი იყო, რომ FTX-ი არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა არავითარ შემთხვევაში გაკოტრებისა და კოლაფსის ზღვარზე.
FTX-ის არმაგედონი გასულ კვირას CoinDesk-ის ანონიმური წყაროების მიერ საგანგაშო ცნობების გავრცელებას უკავშირდება. ერთ-ერთი წყარო ამტკიცებდა, რომ FTX-ის ლიკვიდური რეზერვები პრაქტიკულად ამოწურვის ზღვარზე იყო, კომპანია კი გაკოტრებას უახლოვდებოდა. ბუნებრივია, ინვესტორთა ნაწილმა ეს სიახლე ნეგატიურად მიიღო, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებული ცნობები საგანგაშოდ არ მიუღია.
ვითარება მას შემდეგ მწვავდება, რაც Binance-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჩანგპენგ ჟაო საჯაროდ აცხადებს, რომ ის FTX-ის კრიპტოტოკენის, FTT-ის ლიკვიდირების ანუ მის ბაზარზე ერთბაშად გაყიდვის გადაწყვეტილებას იღებს. ბუნებრივია, ბირჟაზე დიდი რაოდენობით აქტივების ერთბაშად გატანა ფასის მკვეთრ შემცირებას იწვევს, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური საბაზრო პრინციპია და მასში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა საკითხავი თავად Binance-ის მოტივებია – რატომ მიიღო კომპანიამ FTX-ის ტოკენების ლიკვიდირების გადაწყვეტილება ან საიდან ჰქონდა Binance-ს ამ რაოდენობის FTT?
საქმე ისაა, რომ Binance-ი კომპანია FTX-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო, 2019 წელს FTX-ის 20%-იანი წილის სანაცვლოდ Binance-მა 100 მილიონი დოლარი გადაიხადა. ჩანგპენგ ჟაო მაშინ აცხადებდა, რომ ბაზარზე კონკურენციის ზრდა ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობდა ხელს. რამდენიმე წელში FTX-ის ზრდის ტემპმა Binance-ის დირექტორის მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, კომპანია FTX-ი კი სტარტაპიდან Binance-ის უმთავრეს კონკურენტად იქცა.
კორპორაციული კონკურენციის გაძლიერების ფონზე, ბენკმენ-ფრიდსა და ჟაოს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა, 2021 წელს კი FTX-მა Binance-ისგან 20%-იანი წილი 2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ გამოისყიდა. თავად ეს ტრანზაქცია კი სწორედ კრიპტოვალუტა FTT-ში განხორციელდა, რომელიც ამ დრომდე Binance-ის რეზერვში ინახებოდა.
მიმდინარე კვირას ჟაომ სწორედ ამ კრიპტოაქტივის ლიკვიდირების შესახებ განაცხადა, რაც საზოგადოებისთვის სრული პანიკის საფუძვლად იქცა. უმოკლეს პერიოდში FTT-ის საბაზრო ღირებულება თითქმის 90%-ით დაეცა, კრიპტობირჟა FTX-დან საკუთარი თანხის გატანის მსურველთა რაოდენობამ კი რეკორდულად იმატა, სულ რაღაც 72 საათში ბირჟიდან დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის აქტივები განაღდდა. FTX-ის სალაროების გადატვირთვამ კრიტიკულ დონემდე შეამცირა ისედაც ამოწურვის პირას მყოფი რეზერვები, კომპანია კი სრულმასშტაბიანი ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ანუ მდგომარეობისა, როდესაც ორგანიზაციას კლიენტებისთვის თანხის დაბრუნება ფიზიკურად არ შეუძლია.
ჩანგპენგ ჟაოს განცხადება FTX-ისთვის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა, თუმცა რაც არ უნდა ირონიული იყო, სწორედ Binance-ი აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ FTX-ს შეიძენდა და მას გაკოტრებისგან გადაარჩენდა. ჟაოს ამ პირობამ 24 საათზე ნაკლები გასტანა, რადგან მეორე დღესვე Binance-მა განაცხადა, რომ FTX-ის ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ, ამიტომაც კომპანიამ FTX-ის ყიდვაზე უარი თქვა.
ჟაოს ეს გადაწყვეტილება ბენკმენ-ფრიდისთვის მეორე სასიკვდილო ჭრილობად იქცა, რადგან ახლა უკვე FTX-ს ფინანსურთან ერთად, კოლოსალური რეპუტაციული ზიანიც ჰქონდა მიღებული, საზოგადოებამ კი კრიპტობირჟის მიმართ ნდობა სრულად დაკარგა.
გასული კვირის ბოლოს FTX-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა, ბირჟამ საქმიანობა გაურკვეველი ვადით შეწყვიტა, კლიენტების კუთვნილი მილიარდობით დოლარის კრიპტოაქტივები კი გაიყინა. გარდა ამისა, სემ ბენკმენ-ფრიდმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაც დატოვა.მისი განცხადებით, ის ამჟამად აქტიურად ცდილობს ახალი ინვესტორების მოზიდვას და კლიენტებისთვის თანხის დაბრუნებას. FTX-ის კოლაფსის მიზეზად კომპანიის დამფუძნებელი საკუთარ შეცდომებს ასახელებს, თუმცა გრძელ წერილის ბოლოს ბენკმენ-ფრიდი მთავარ კონკურენტს, ჩანგპენგ ჟაოს მიმართავს ფრაზით: „ყოჩაღ, შენ გაიმარჯვე“.
დატოვე კომენტარი