მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ენერგიის ეფექტურობის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 114 ქვეყანას აფასებს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მზად არიან ისინი უსაფრთხო, მდგრად, ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ ენერგოსისტემაზე გადასასვლელად. WEF აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ენერგოსისტემა დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად მხოლოდ სახელმწიფოს ან კერძო სექტორს არ შეუძლია. მთავარი გამოწვევა ენერგიის გამოყენების ეფექტურობის ზრდაა. სწორედ ამიტომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ქვეყნებს ენერგოპოლიტიკის დახვეწისკენ მოუწოდებს.
კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წელში მსოფლიო ქვეყნების 80%-მა საკუთარი ენერგოსისტემები განავითარა, თუმცა სექტორში კვლავ რჩება გამოწვევები. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაუმჯობესდა ელექტროენერგიაზე წვდომა, თუმცა მილიარდზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიაზე წვდომა დღესაც არ აქვს.
WEF აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ტექნოლოგიურმა განვითარებამ და განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდამ მნიშვნელოვნად შეცვალა ენერგეტიკის სფეროს მიმართ დამოკიდებულება. მხოლოდ 2016 წელს განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს 9.8 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული.
ენერგოსისტემის მუშაობის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა. აღნიშნული კრიტერიუმი სამი კატეგორიისგან შედგება. მათგან ერთ-ერთია ეკონომიკური ზრდა და განვითარება, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 114 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა. აღნიშნული კრიტერიუმი ფარავს როგორც ელექტროენერგიის ფასებს ქვეყანაში, ასევე მის კონკურენტუნარიანობას. ამასთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ფასებს.
52-ე ადგილს იკავებს საქართველო გარემოს მდგრადბის კრიტერიუმში, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ჰაერის დაბიძნურებას, ნახშირბადის ინტენსივობას ჰაერში და სხვა.
ენერგიაზე წვდომა და მისი მდგრადობა – აღნიშნული კრიტერიუმი ზომავს თუ რამდენ ადამიანს აქვს კონკრეტულ ქვეყანაში წვდომა ელექტროენერგიაზე, რამდენად დივერსიფიცირებულია ენერგიის საიმპორტო წყაროები და რამდენად ხარისხიანად ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში 69-ე ადგილზეა.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია ადამიანური კაპიტალის კატეგორიაში აქვს, რომელშიც 109-ე ადგილზეა. აღნიშნული კრიტერიუმი ითვლის თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული კონკრეტულ ქვეყანაში დაბალი-ნახშირბადის ინდუსტრიებში – ამ კუთხით საქართველო მსოფლიოში 105-ე ადგილზეა.
რაც შეეხება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობას, ამ კუთხით საქართველო მსოფლიოს 114 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილზეა.
დატოვე კომენტარი