რამდენი დახარჯეს საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ II კვარტალში?

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის II კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საერთო ჯამში ქვეყნის რეზიდენტი* მოგზაურების 715.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა. ეს 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

მათ შორის, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების** მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 564.3 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა. ეს წლიურ ჭრილში 7.1%-იანი ზრდაა.

ვიზიტების უმრავლესობა, 48.3%, საქართველოს რეზიდენტ 31-50 წლის ვიზიტორებზე მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა – შესაბამისად, 201.3 ათასი და 106.3 ათასი ვიზიტი.

რაც შეეხება ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს, გასულ კვარტალში ეს მაჩვენებელი 582.8 მილიონ ლარს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.9%-ით ჩამორჩა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.3%-ით, 1 032.7
ლარამდე შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტებისას გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე, ასევე განთავსებაზე მოდის.

ხარჯების კატეგორიახარჯი (მლნ ლარი)წილი (%)საშუალო ხარჯი ვიზიტზე (ლარი)
საყიდლები229.939.5407.5
საკვები და სასმელი155.526.7275.5
განთავსება78.613.5139.4
ადგილობრივი ტრანსპორტი63.510.9112.5
გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები23.94.142.3
სხვა31.35.455.5
სულ582.8100.01 032.7

წყარო: საქსტატი

 

*ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

**ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).