კვირას, 10 მარტს, „ოსკარების“ რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, შვიდი ოსკარი კრისტოფერ ნოლანის კინოსურათმა „ოპენჰაიმერმა“ დაიმსახურა, მათ შორის ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა: საუკეთესო მხატვრული ფილმი, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი (კილიან მერფი), მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი (რობერტ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და ა.შ.
გამოშვების დღიდან, „ოპენჰაიმერმა“ დაახლოებით $1 მილიარდი გამოიმუშავა. შედეგად, ნოლანის კინოსურათი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმიცაა ბოლო 20 წლის განმავლობაში („ტიტანიკისა“ და „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“-ს გამოშვების შემდეგ), რომელმაც საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
Forbes-ის ინფორმაციით, ნოლანი მის მიერ გადაღებული კინოსურათიდან შემოსავალს „first-dollar gross“-ის პრაქტიკით გამოიმუშავებს. რაც გულისხმობს, რომ რეჟისორი პროცენტს ფილმის გაშვების პირველივე დღიდან, სალაროებში მიღებული შემოსავლიდან იღებს. შედეგად, ნოლანის წილის გადახდა ყოველი მიღებული ცენტიდან ხდება, სტუდიის მიერ სხვა ხარჯების დაფარვამდე. ამ შემთხვევაში, რეჟისორის „first-dollar gross“-ის პროცენტი „ოპენჰაიმერიდან“ 15%-ს შეადგენს.
სალაროების, ვიდეოგაყიდვებისა და პირველი სტრიმინგის ლიცენზირებიდან ნოლანი ჯამში $85 მილიონს გამოიმუშავებს – გადასახადების დაფარვის შემდეგ – $72 მილიონს, თუმცა ეს რიცხვი, სტრიმერებისთვის გადაყიდვისა და ლიცენზირების წყალობით, კიდევ უფრო გაიზრდება.
Warner Bros-სთან, 2002 წელს, „უძილობა“-ზე თანამშრომლობის შემდეგ, ნოლანის რეჟისორობით გადაღებულ ყველა სტუდიურ ფილმს სალაროებში სულ მცირე $100 მილიონის შემოსავალი აქვს მიღებული. ხოლო მისი ბოლო შვიდი ნამუშევრიდან ექვსის – განსაკუთრებით „ბნელი რაინდის“ ბოლო ორი ფილმის – შემოსავალმა $500 მილიონს გადააჭარბა. მეშვიდე ფილმი „პრინციპი“ პანდემიის პერიოდში გამოვიდა და მაინც შთამბეჭდავი, $350-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.