კიევის ეკონომიკის სკოლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანამ 600 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. აქედან 92 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მხოლოდ ინფრასტრუქტურას მიადგა. კვლევა ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას რუსეთის ქვეყანაში შეჭრა უკვე ნახევარი ტრილიონი დოლარი დაუჯდა.
მკვლევარების დათვლებით, ომის დაწყებიდან დღემდე საერთო ზარალი 564-დან 600 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს. აღნიშნული რიცხვის მისაღებად კვლევაში რამდენიმე მაჩვენებელი გაერთიანდა. საერთო ზარალის შეფასება პირდაპირი ინფრასტრუქტურული დანახარჯების შედგენის, მოქალაქეების, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებით მოხდა. გარდა ამისა, მკვლევარებმა დაიანგარიშეს არაპირდაპირი ხარჯებიც, მათ შორის მშპ-ს შემცირება, სოციალური მხარდაჭერის ხარჯები თუ შეჩერებული ინვესტიციებისაგან მიყენებული ზარალი.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 195 ქარხანა და საწარმო, 230 სამედიცინო დაწესებულება და 940 საგანმანათლებლო სივრცე დაზიანდა, განადგურდა ან ოკუპირებულია.
ყველაზე დიდი მატერიალური ზარალი საცხოვრებელი სახლებისა და გზების ინფრასტრუქტურას მიადგა. ამ მხრივ დანაკარგებმა 60 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კვლევის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 23 800 კილომეტრი სიგრძის გზები დაზიანდა ან განადგურდა. უკრაინული ბიზნესებისათვის მიყენებული ზარალი კი 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
თუმცა, მიუხედავად მატერიალური დანაკარგებისა, აუცილებლად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი იმ ადამიანების სიცოცხლეა, რომლებიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.
დატოვე კომენტარი