“ბარამბო” საქართველოში საკონდიტრო ნაწარმის – შოკოლადის, კანფეტების, ნაყინისა და ვაფლის უმსხვილესი მწარმოებელია. 2019 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 48.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 3 მილიონი ლარით მეტი იყო.
“ბარამბოს” აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაყიდვების მოცულობის გაუმჯობესების მიუხედავად, გლობალურად კაკაოპროდუქტების გაძვირების გამო კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება გაიზარდა, ხოლო 2019 წელი კი მოგების ნაცვლად 1 მილიონი ლარის წმინდა ზარალით დასრულდა. შედარებისთვის, 2018 წელს “ბარამბოს” მოგებამ 2.15 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმართულებების მიხედვით, “ბარამბოს” პროდუქციის გაყიდვები 2019 წელს ასეთი იყო:
- ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი – 45.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 8.7%;
- საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი – 3.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 13.6%.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მთავარი ხარჯები ნედლეულისა და მასალების შეძენას უკავშირდებოდა, რაზეც “ბარამბომ” 28.9 მილიონი ლარი დახარჯა. მეორე ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები, რამაც 3.15 მილიონი ლარი შეადგინა, ელექტროენერგიისა და კომუნალური ხარჯები 1.26 მილიონი ლარი, ხოლო ცვეთის ხარჯები კი 1.22 მილიონი ლარი იყო.
კომპანიამ 2019 წელს პროდუქციის მარკეტინგსა და დისტრიბუციაზე 4.4 მილიონი ლარი დახარჯა.
“ბარამბოს” მმართველობითი ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ კომპანიას 2020 წლისთვის საექსპორტო ბაზრებზე საკუთარი გაყიდვების გაფართოვების მიზნით მნიშვნელოვანი გეგმებბი ჰქონდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო კომპანიამ აღნიშნული პროექტები დროებით შეაჩერა.
“კომპანია ბარამბო მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქტების განვითარებაზე. 2019 წელს როგორც საკონდიტრო, ასევე ნაყინის მიმართულებით დაემატა რამდენიმე ახალი პროდუქტი. წარმატებით დაინერგა ახალი საწარმოო მეთოდები და კომპანიამ აწარმოა სხვადასხვა ტიპის ვაფლი დაფასოებული სხვადასხვა მოცულობის ფლოუპაკში, რათა უფრო მორგებული იყოს ახალ კანონმდებლობას და გაამარტივოს ქსელურ მაღაზიებში გაყიდვების პროცესი.
ბარამბოს უნდა დაემატებინა ახალი ნაყინის პროდუქტების 2020 წლის ზაფხულის სეზონისთვის, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა ახლად შეძენილი საწარმოო ხაზების მონტაჟი და ახალი პროდუქტების წარმოება 2021 წლისათვის გადაიდო.
კოვიდ 19-ს გავრცელების გამო, ბარამბოს მოუწია განვითარებისკენ მიმართული თითქმის ყველა აქტივობის შეჩერება და მიმდინარე პროცესების მართვაზე კონცენტრირება. კომპანია განვითარების გეგმებს გადახედავს შემოდგომის ბოლოს და სიტუაციის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებებს,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
2019 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივები 67.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
“2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 66.25%-ს ფლობდა ქალბატონი მარი ჩოჩელი, 22.5%-ს – ბატონი უჩა კაპანაძე, ხოლო 11.25%-ს – ბატონი ნიკოლოზ შაქარიშვილი. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა ქალბატონი მარი ჩოჩელი,”- ნათქვამია PWC-ის მიერ მომზადებულ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.
დატოვე კომენტარი