“მაგთი” საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ლიდერია. ის როგორც მობილური კავშირგაბმულობის, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის და მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზარზე ნომერ პირველ მოთამაშეს წარმოადგენს. კომპანიამ 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური შედეგები უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2019 წლის განმავლობაში “მაგთის” მთლიანი შემოსავალი 3%-ით გაიზარდა და მან 471.3 მილიონ ლარს მიაღწია. კიდევ უფრო მეტად, 47%-ით გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება და ის 171.3 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, “მაგთი” საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების მქონე კერძო კომპანიას წარმოადგენს.
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2019 წელს ყველაზე მეტად, 37 მილიონი ლარით მაგთისთვის ფიქსირებული ინტერნეტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ძირითადი მიმართულებების მიხედვით, “მაგთის” შემოსავლები ასე ნაწილდება:
მობილური კავშირგაბმულობა – 231 მილიონი ლარი, ზრდა 3%;
ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება – 174.3 მილიონი ლარი, ზრდა 27%;
შემოსავალი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან – 23.8 მილიონი ლარი, კლება 50%;
შემოსავალი სატელიტური ტელევიზიიდან – 12.6 მილიონი ლარი, კლება 21%;
შემოსავალი როუმინგის მომსახურებიდან – 11.2 მილიონი ლარი, კლება 28%;
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, კომპანიის წმინდა მოგების მატებას ფიქსირებული ინტერნეტიდან შემოსავლების 37-მილიონიანმა ზრდამ, ასევე, სხვადასხვა კატეგორიის ხარჯების შემცირებამ განაპირობა. მათ შორის 22.9 მილიონი ლარით შემცირდა კომპანიისთვის ურთიერთჩართვის ხარჯები, 15 მილიონით შემცირდა სატელიტური ტელევიზიის ხარჯი.
“მაგთიმ” 2019 წელს ჯგუფში დასაქმებულთა ხელფასებზე 46.9 მილიონი ლარი დახარჯა, კომპანიის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის ცვეთის ხარჯი 108 მილიონ ლარს, გაყიდვების ხარჯები 30.9 მილიონ ლარს, ფინანსური ხარჯები კი, 49.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, “მაგთის” ინტერნეტის ქსელს 458 ათასი აბონენტი ჰყავს და ბაზრის 47.5%-იანი წილი უჭირავს. მობილურ ქსელში კომპანიის აბონენტების რაოდენობა 1.96 მილიონია, რაც მობილური ბაზრის 40.4%-ია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ “მაგთიკომის” მესაკუთრეთა რიგებში ცვლილებებია. კერძოდ კი, კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი ჯოხთაბერიძის წილი 54%-დან 75%-მდე მცირდება, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების (ჰანიველ პარტნერსთან დაკავშირებული პირების) წილი კი, შესაბამისად იკლებს.
დღეს შპს “მაგთიკომში” წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
გიორგი ჯოხთაბერიძე – 54%,
ედვარდ სპენსერ ჩერჩილი – 15%,
ბენჟამინ ალბერტ მანზონი 4.34%,
იგორ ალექსეევი – 2.17%,
ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე – 9.3%,
ნათელა სახოკია – 9.3%,
ვლადისლავ ალექსეევი – 3.72%,
ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) – 2.17%
როგორი იქნება შპს “მაგთიკომის” მფლობელებში წილების განაწილება ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ:
გიორგი ჯოხთაბერიძე – 75 %,
ედვარდ სპენსერ ჩერჩილი – 15%,
ბენჟამინ ალბერტ მანზონი 1.4%,
იგორ ალექსეევი – 0.7%,
ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე – 3%,
ნათელა სახოკია – 3%,
ვლადისლავ ალექსეევი – 1.2%,
ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) – 0.7%
დღეს “მაგთიკომის” მფლობელელი 2 კომპანიაა: „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ – 51%; ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” – 49%. თავის მხრივ, “ტელსელ უაიერლეს კომპანის” სრულად ფლობს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”, რომლის საბოლოო ბენეფიციარები სწორედ ზემოთჩამოთვლილი პირები არიან. ცვლილებები და ტრანზაქცია კი, სწორედ ამ კომპანიებს შორის არის დაგეგმილი.
2019 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივების ღირებულება 941.6 მილიონ ლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი