ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ კომფორტული ცხოვრებისთვის მათ $10 მილიონი სჭირდებათ, – ეს არის ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარე სამი უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევის შედეგად გაკეთდა და რომლისთვისაც ექვსი კონტინენტის ოცდაცამეტ ქვეყანაში მცხოვრები რვა ათასი ადამიანი გამოიკითხა. აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში, ადამიანებს ჰკითხეს, თუ რა თანხა იქნებოდა მათთვის საკმარისი, ლატარიაში რომ მოეგოთ.
როგორც უკვე გაუწყეთ, $10-მილიონიან თანხაზე გამოკითხულ ადამიანთა 86% თანხმდება, მაგრამ ვითარება რადიკალურად განსხვავდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კვლევაში მონაწილეთა მესამედზე მეტმა განაცხადა, რომ იდეალური ცხოვრებისთვის, მათ, სულ მცირე, $100 მილიარდი სჭირდებათ. განსხვავებული შედეგებია არგენტინაში, ინდოეთსა და რუსეთში – ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ნახევარზე მეტს იდეალური ცხოვრებისთვის $1 მილიონი სჭირდებათ.
საინტერესოა, რომ ამ კვლევის შედეგები ირიბად ეწინააღმდეგება სხვადასხვა საზოგადოებაში გავრცელებულ ძველ ბერძნულ მოსაზრებას, თითქოს ადამიანების მოთხოვნილებები უსასრულოა. მკვლევრებს სჯერათ, რომ აღნიშნული კვლევით, ისინი ამ მოსაზრებას თავდაყირა დააყენებენ, რადგან მიღებული შედეგების თანახმად, ეს დასკვნა ქვეყნების უმეტესობაში არ დადასტურდა.
ბრიტანული უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიმდიდრის ლიმიტირებული და უსასრულო იდეალები დაკავშირებულია არა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური განვითარების დონესთან, არამედ ასაკთან, საცხოვრებელ ადგილთან და ზოგად ადამიანურ იდეალებთან. როგორც გაირკვა, უფრო მეტი ან სულაც ულიმიტო ფინანსური რესურსები ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს სურთ, ვისთვისაც ძალაუფლება, წარმატება და დამოუკიდებლობა მნიშვნელოვან იდეალებს წარმოადგენს. ამასთანავე, ისინი უფრო კოლექტიური აზროვნების მქონე ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ძალაუფლების დონეებს შორის განსხვავებები საკმაოდ მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად, საფრანგეთში უთანასწორობის შემსწავლელმა ორგანიზაციამ, L’Observatoire des Inégalités-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, ადამიანი მაშინ მიიჩნევა მდიდრად, თუკი მისი ყოველთვიური შემოსავალი, სულ მცირე, €3673-ს შეადგენს.
დატოვე კომენტარი