საქართველოში ლუდის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია “ზედაზენმა” ანუ სს “ქართული ლუდის კომპანიამ” 2019 წლის აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა.
2019 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 83.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ამასთან, 2018 წლისგან განსხვავებით კომპანია 2019 წელს ზარალზე იყო, რაც 3.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზედაზენის 83.8-მილიონიანი შემოსავლის 93% ადგილობრივ ბაზარზე არსებული გაყიდვებიდან ჰქონდა, 7% კი პროდუქციის ექსპორტირებიდან მიღებული შემოსავალი იყო. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კომპანიის ექსპორტი უფრო დიდი იყო და ის მთლიანი შემოსავლის 14%-ს შეადგენდა.
ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიისთვის რეალიზებული საქონლის ღირებულებამ 48.4 მილიონი ლარი შეადგინა.
გაყიდვების ხარჯმა “ზედაზენისთვის” 16.9 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან რეკლამისა და მარკეტინგის ხარჯები 4.76 მილიონი ლარი, დისტრიბუციის ხარჯები კი 2.6 მილიონი ლარი იყო. კომპანიის ფინანსურმა ხარჯებმა კი 6.5 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანიის მესაკუთრეები:
2019 წლისა და 2018 წლის 31 დეკემბრისთვის “ქართული ლუდის კომპანიის“ უშუალო და საბოლოო მშობელი კომპანია იყო შპს „მიქსორი“ (63.5%). ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დანარჩენ აქციებს ფლობს შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგი“ (24.11%) და შპს „პსპ ფარმა“ (12.39%).
2019 წლისა და 2018 წლის 31 დეკემბრისთვის შპს „მიქსორის“ მფლობელები, ბატონი ცეზარ ჩოჩელი, ქალბატონი იზოლდა ჩარიგოგდიშვილი და ს.ს. “ქიისთოუნ ინვესთმენთს“, ფლობდნენ ამ კომპანიის აქციების 42.12%-ს, 42.13%-სა და 15.75%-ს, შესაბამისად. კომპანიას არ გააჩნია საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი,”- ნათქვამია PWC-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ზედაზენის”, ანუ სს “ქართული ლუდის კომპანიის” აქტივების მოცულობა 2019 წლის 31 დეკემბრისთვის 131.9 მილიონ ლარს შეადგენდა.