ძველი ქართული გაზეთების გაყვითლებულ ფურცლებზე ტფილისის ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე არაერთ საგულისხმო ამბავს ამოიკითხავთ. ნახევრად აზიური, ნახევრად კი ევროპული ქალაქი ნაირგვარი ისტორიების უშრეტი წყარო უნდა ყოფილიყო, გაზეთების კორესპონდენტების მიერ აღწერილი ამბები კი XIX საუკუნის ტფილისს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად რომ სახავს, არა მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნე მოქალაქეების, თუ სალაყბოზე შეკრებილი „ამბავისტების“ და მათი მსმენელებისთვის იქნებოდა საინტერესო, არამედ დღესაც აქტუალურია ძველი თბილისის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევრებისა თუ რიგითი მკითხველებისთვის – ადამიანებისთვის, ვისაც ტფილისის ყოველდღიურობა ლეგენდებისა თუ შელამაზების გარეშე აინტერესებს.
ამ სტატიაში ძველ ქართულ გაზეთებში აღწერილ რამდენიმე ისეთ ამბავს მოვუყარეთ თავი, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მუშაობის დროს, რიგი მიზეზების გამო, „თამაშგარე მდგომარეობაში“ აღმოჩნდნენ, არადა, ტფილისში მომხდარ არაერთ საგულისხმო ფაქტს თუ მოვლენას ასახავენ.
„დამტარებლები“
რადგან გაზეთებში მოყვანილ ამბებს ეხება საქმე, გაზეთებზე საუბრითვე დავიწყოთ და ვთქვათ, რომ 1875 წლისთვის ქალაქის ქუჩებში პატარა ბიჭები გამოჩენილან, რომლებიც გაზეთებს ცალ-ცალკე ნომრებად ჰყიდდნენ და დღეში კარგა გვარიანი რაოდენობის გამოცემებსაც ასაღებდნენ.
ახალგაზრდების კვალდაკვალ, პრესის დისტრიბუციას საკუთარი ვეტერანებიც ჰყოლია. მაგალითად, გაზეთების ერთ-ერთი დამტარებელი, რომელიც ქართულ რედაქციებს 30 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა და „დროებას“, კრებულს“, „იმედს“ და „ივერიას“ დაატარებდა:
„როგორც კარგი მეომარი გზას არ უტევს მტერს და სიკვდილს არჩევს“, მოხუცი გაზეთის დამტარებელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამხდარა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვლილა.
„დამტარებლების“ თემასთან დაკავშირებით, 1881 წლის „დროების“ ერთ-ერთ ნომერში, ერთი „ინტერესის აღმძვრელი“ ინიციატივაც ყოფილა დაბეჭდილი. ჩვენი ქალაქის ერთ მცხოვრებს თფილისში „დამტარებელთა კანტორის“ დაარსება ჰქონია თურმე განზრახული, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული დანიშნულება ექნებოდა – „ჩაბარებული ნივთები, წიგნები და სხვა ყოველგვარი ნივთები თავის კაცებს წააღებინოს ქალაქის ერთის ადგილიდამ მეორეში. ამ მიზნით კანტორას ეყოლება დაყენებული კაცები დამტარებლები ქალაქის რამდენსამე ალაგას, გალავინის პროსპექტზე, ერევნის მოედანზე, სასახლის ქუჩაზე და სხვ.“.
ამ კანტორის დაარსების ინიციატორს „წინადადება“ ქალაქის გამგეობაშიც შეუტანია დასამტკიცებლად, თუმცა უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა მისი ეს მცდელობა. ერთი კია, თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ თბილისში მსგავს სერვისს ლამის ყოველდღიურად ვიყენებთ.
„ამერიკული ქალაქი“ და „კოტრები“
„დამტარებლების“ კანტორის გახსნის რა გითხრათ, მაგრამ, როგორც XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს წერდნენ, ჩვენი ქალაქი თანდათან ამერიკულ ქალაქს ემსგავსებოდა! დღე არ გაივლიდა ისე, „ან ერთი ახალი ბანკი, ან რომელიმე კომისიონერის, ვექსილის, თუ ფულის-სასესხებელი კანტორა და სხვა ამ გვარები“ არ გაჩენილიყო:
„ისე იბადებიან ამ გვარი სხვა-და-სხვა სავაჭრო და საწარმოო კანტორები, ბიუროები, როგორც სოკო წვიმის შემდეგ. და ყველა ამ კანტორებს რომ ჰკითხოთ, მარტო და მხოლოთ საზოგადოების სასარგებლოდ, გაჭირებულ ხალხის ხელის-მოსამართავად იმართებიან, სხვა არავითარის მიზნით. ყველას საზოგადო საჭიროების დაკმაყოფილება, ღარიბთა შეწევნა, ქვეყნის წარმოებისა და კეთილდღეობის წარმატება აქვთ მხედველობაში, სხვა არაფერი!“
მაგრამ საეჭვოა, რომ ამ „სოკოსავით დაბადებულ“ კანტორებს იმ ადამიანებისთვის გაემართათ ხელი, რომლებმაც „ვაჭრობაში კარგად ვერა სცადეს ბედი“. სხვაგვარად, აბა, რა საქმე უნდა ჰქონოდათ „ფიქრის გორაზე“ – იქ, სადაც გაზეთ „დროების“ 1885 წლის ცნობით, ქალაქის „კოტრები“ იყრიდნენ თავს:
„იცი, მკითხველო, სად არის ეს ფიქრის გორა? თუ არ იცი, ღმერთმა კვლავაც დაახლოვებით ნუ გაცოდინოს და შორიდამ კი მე გაგაცნობ. ეს გორა ვერაზეა და თითქმის ყველა გაკოტრებულის საკუთრებას შეადგენს. რომელი გაკოტრებული ვაჭრის ნახვაც გინდოდეს, აქ მონახე, უსათუოდ იპოვი, მეტადრე თუ ზაფხულიც არის. ქალაქში რომ სასამართლოს ბოქაულებისგან მოსვენება არა აქვთ – აქ მოდიან, მცირე ხანსაც არის აქ მოასვენონ გაკოტრებული გული.
კარგი ალაგი კი ამოურჩევიათ. ისეთი მშვენიერი გადასახედი აქვს ამ გორას, რომ უკეთესი არ შეიძლება: როგორც ხელის გულზედ, ისე დასცქერი იქიდამ მუშტაიდის ბაღებს, რომელთ გვერდითაც „ნელა მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა და მის ზვირთებში ჰკრთის ლაჟვარდი ცისა კამარა“.
იმდენი მუშტარი კი არაოდეს არა ჰყოლია ამ ფიქრის გორას, რამდენიც ამ უკანასკნელს დროს. ამდენი მუშტარი რომ თვითონ ვაჭრებსა ჰყავდეთ, ასეთი კოტრობაც აღარ იქნება. ერთს შუბლ-გახსნილ ვაჭარს ვეღარ ნახავ, ყველა წარბ-შეკრულია, ყველა რაღაცას ფიქრობს. ნეტა გაჩვენა მათი მდგომარეობა, მკითხველო, როდესაც სასამართლოს ბოქაული თავის დავთრებით ბაზარში ჩაივლის. ისე განაბვენ ხოლმე სულსა, როგორც მწყერი, როდესაც მას თავზედ ალალი დასტრიალებს. ყველა ქვეშ-ქვეშ გამოიცქირება და გულში ჰფიქრობს – შორს ჩემგან, შორს ჩემგანაო!“
ბაზარი და ვაჭრობა
ცალკე ამბავია თბილისური ბაზარი და იქ გამეფებული ვაჭრობის წესები, ამ ჩვენი „კოტრების“ „უბედურების წყარო“. ტფილისურ ბაზრებში მომხდარი ამბები და „უწესობანი“, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ხვდებოდა ძველი ქართული გაზეთების ფურცლებზე. ყველაზე ხშირად ბაზრებში გამეფებულ სიძვირეზე, სიბინძურეზე, ჩარჩ-ვაჭრების უწესობაზე, პროდუქციაზე ხელოვნურად გაზრდილ ფასსა და კინტო-ჯიბგირების ქმედებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას:
„ბაზრებში დილაზე ადრე მყიდველს აღარ აცლიან სოფლიდამ ჩამოტანილის ხორაგის ყიდვასაო. კაცს და მეტადრე დედაკაცს ბაზარში ვეღარ გაუვლია ამ კინტო ვაჭრებისაგან ურცხვის, საძაგელის სიტყვა-პასუხისა და ყოფა-ქცევის შიშითაო; ამა და ამ ბაზარში ქალს თავსაკრავიდამ ძვირფასი ქინძისთავი ამოაცალესო…“.
ბუნებრივია, ამას ემატებოდა ქალაქური ვაჭრობის ხასიათი, ტყუება და სასწორ-საზომის გამრუდება, ამიტომაც, ტფილისში ყველანი იმას ჩიოდნენ, „ვაჭრობა ვაჭრობას არა ჰგავსო“:
„ჩვენებური ვაჭრობა სხვა ქვეყნების ვაჭრობას არ წააგავს. ჩვენებური ვაჭრობა – ვაჭრობა არ არის, რადგანაც ჩვენს ეგრედ წოდებულს ვაჭრებს არ ესმით რა არის ნამდვილი აღებ-მიცემობა; ჩვენი ვაჭრები ჰფიქრობენ, რომ ვაჭრობა იმაში მდგომარეობს, რომელიმე საქონელი რაც შეიძლება უფრო იაფად იყიდონ და ძვირად გაასაღონ…“.
თუმცა ერთი იყო საქონლის ფასი, მეორე კი – მისი ხარისხი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქალაქში „ფომინობა“ – მასშტაბური „იაფფასიანი ვაჭრობა“ იმართებოდა:
„ეს კვირა, როგორც მოგეხსენებათ, „იაფობის კვირაა“ და ამიტომაც ამ ჟამად განსაკუთრებული მოძრაობაა ჩვენს ქალაქში: ავლაბრიდამ, ნავთლუღიდამ, კუკიიდამ და სხვა უბნებიდამ შუა ქალაქში გროვდებიან იაფ საქონლის ყიდვის მოწადინე ქალები და ქარვასლებში და მაღაზიებში დაფარფარებენ.
„იაფობის კვირა“ ჰქვიან ამ კვირას, მაგრამ გამოცდილი ხალხი კი „დამპლობის კვირას“ ეძახის, რადგან რაც წლის განმავლობაში ჩვენებურ ვაჭრებს დავარდნილი, დამპალი საქონელი აქვთ, სულ ახლა ცდილობენ გასაღებასაო…“, – „ფომინობის“ შესახებ წერდა გაზეთი „დროება“ 1882 წელს.
„დროების“ შეფასებას, ამა თუ იმ სადღესასწაულო, „ქართული ფასდაკლებებით“ იმედგაცრუებული მყიდველი, ალბათ დღესაც მოაწერდა ხელს, ისევე როგორც იმ სამწუხარო გამოცდილებას, რაც შაქარსა და სხვადასხვა მედიკამენტის „ბაზაზე დაყენებული“ ღვინით ვაჭრობას უკავშირდება.
ღვინო იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფართო მოხმარების პროდუქტი, რომლის უვარგისობაზე ძველ თბილისში გამუდმებით ჩიოდნენ. ქართული პრესა ცალკე სირაჯებს, ანუ ღვინით მოვაჭრეებს ამათრახებდა, ცალკე კი იმ ღვინის ხარისხს აკრიტიკებდა, რომელიც ქალაქში ჩამოტანამდე შესაძლოა, სულაც „კარგი თვისებისა“ ყოფილიყო, მაგრამ „ვაჭრების ხელში ფუჭდებოდა“. აბა, ქალაქელი სირაჯები შანსს როგორ გაუშვებდნენ, რომ ერთიორად და სამად არ ენახათ მოგება?!
ღვინის ხარისხთან ერთად, ამ მოგებას, როგორც წესი, მყიდველების ჯიბე და რაც მთავარია – მათი ჯანმრთელობა ეწირებოდა, რაზეც საჯაროდ, ძირითადად, მხოლოდ პრესა გამოთქვამდა წუხილს. იწერებოდა, „ტფილისში არცერთი ღვინის სარდაფი არ მოიპოვება, სადაც ღვინოს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას არ ურევდნენო“.
ამ ტიპის შენიშვნებს იშვიათად, მაგრამ, როგორც ჩანს, ხანდახან მაინც აქცევდა ვინმე ყურადღებას. მეტიც, საკუთარი პროდუქციის ხარისხში დარწმუნებულ, ღვინის სარდაფ „ალაზნის“ პატრონ – ს. დ. ანდრონიკაშვილს სამედიცინო გამგეობისთვისაც კი მიუმართავს, ჩემი ღვინოები ქიმიურად „გასინჯეთო“.
„ალაზნის“ ღვინოები ქიმიკოსებს მართლაც შეუმოწმებიათ და აღმოჩენილა, რომ „სრულიად კახურს ღვინოებს ჰგვანან და ნამდვილი შეურეველი და ბუნებითი ღვინოებიაო“.
ანდრონიკაშვილი კი, რომელიც, ჩანს, რომ კარგად აცნობიერებდა ბეჭდური სიტყვის ძალას, ამით არ დაკმაყოფილებულა და ქიმიკოსების დასკვნა იმავე გაზეთში გამოუქვეყნებია, სადაც „ალაზნის“ ღვინოებსა და თბილისელი სირაჯების ანილინით შეღებილ, მომწამვლელ სითხეს „ერთ ქვაბში ხარშავდნენ“.
პრესაც, თავის მხრივ, იწონებდა ამგვარ ნაბიჯებს: „ბატონ ანდრონიკაშვილის საქციელი მეტადრე საგულისხმოა იმით, რომ მან პატივი სცა გაზეთის სიტყვას და სხვებს იმის მაგალითი უჩვენა, თუ როგორ უნდა ეპყრობოდნენ მყიდველთა ინტერესებს და ჯან-მრთელობასო“.
უშუალოდ თბილისურ ბაზრებს რომ დავუბრუნდეთ, 1890 წელს მათ შესახებ გაზეთი „ივერია“ წერდა:
„სხვა უცნაურ მოვლენათა შორის, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი ტფილისი, უნდა შევნიშნოთ აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მთელს ტფილისს მხოლოდ სამი ნამდვილი ბაზარი აქვს: ერთი – ავლაბარში, მეორე – თათრის მოედანზე და მესამეც – იარმუკაში.
ყოველი მეცადინეობა ქალაქისა, რომ გაუჩინოს საკუთარი ბაზარი ვერას, კუკიას, მთაწმინდას და სხვ. თითქმის უნაყოფოდ რჩება. მაგალითად, კუკიას ისეთი ვრცელი ადგილი უჭირავს, რომ ლამის ნახევარს ქალაქს უდრის, მაგრამ მაინც ვერ გაიკეთა საკუთარი ბაზარი. კუკიელი მკვიდრი მიეჩქარება ან იარმუკისაკენ, ან არადა თათრის მეიდანზე. ასევე იქცევა ვერის მცხოვრები. შესანიშნავი ის არის, რომ იარმუკისა და თათრის მეიდნისთანა ვიწრო, ბინძური და ცუდი ადგილი მგონი მთელს ქალაქში იშვიათია…“.
ამ დროს იარმუკას სახელი გვარიანად ჰქონია გატეხილი. იმავე „ივერიის“ ცნობით, ეს იყო საწყობი ყოველგვარი უვარგისი, დამპალი, გადასაყრელი ხორაგისა და სხვადასხვა „ბარგი-ბარხანისა“, სადაც ხეირიანს ვერას შეხვდებოდა ადამიანი – „როცა რაიმეს ჰყიდულობენ ტფილისში, „იარმუკაზედ ნაყიდიაო“, ეტყვიან ხოლმე დაცინვით ერთი-ერთმანეთს“.
რაც შეეხება „თათრის მეიდანს“, მოედნის სივიწროვესთან დაკავშირებით, ქალაქის გამგეობაში თურმე არაერთხელ აღძრულა სჯა-ბაასი: „რადგანაც მეიდანი აქაურ ვაჭრებისაგან დაჭერილია, სოფლის მომტანს ადგილი ვეღარ უშოვნია და სულ თავსა და ბედს იწყევლის. მოძრაობა აღარ არის. ურემი, ფურგონი, ფაეტონი სულ ღონის-ძიებას აღარ აძლევს მუშტარსა, რომ მომტანს შეევაჭროს, რადგან მომტანებს სხვა ადგილი აღარა რჩებათ მეიდანზე გასავლელ ქუჩის მეტიო“.
მიუხედავად ამისა, ამბობდნენ „კუკიელები, ჩუღურეთელები და ვერის მცხოვრებნი თავებს მიიკლავენ თათრისა და იარმუკის ტალახიან ბაზრებისაკენ“-ო.
ვორონცოვის დრო და მეტივეები
ამგვარი ისტორიების გარდა, ძველ ქართულ გაზეთებში ტფილისში მოქალაქეთა სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებული არაერთი საგულისხმო ცნობა ხვდებოდა. ამგვარი ისტორიები ხშირად არა მხოლოდ კონკრეტულ ამბავს ჰყვებოდა, არამედ მნიშვნელოვან და სანდო ინფორმაციას იტევდა.
მაგალითად, ცნობა ვორონცოვის დროს მეტივეების საქმიანობის შესახებ არსებული, ერთი „ფრიად მოსაწონ წესის“ შესახებ, რომლის გაუქმებასაც ამ საქმიანობით დაკავებული ხალხი „დიდ გაჭირვებაში ჩაუგდია“:
„ვორონცოვის დროს, თუ წყალი მოიტაცებდა ტივის ხეებს, მეტივეს შეეძლო ადვილად დაებრუნებინა თავისი ხეები, ოღონდ ერთი აბაზი კი უნდა მიეცა თითო ხეში იმისთვის, ვისთანაც იპოვნიდა ტივს. ეს წესი დღეს აღარა ჰმოქმედობს და ამის გამო დიდს ჭირში არიან ჩვენი მეტივეები. წყალდიდობაზე მრავალი ტივი მიაქვს მტკვარს. გზაზე იჭერენ ზოგგან მალაკნები, ზოგან მეწისქვილეები და სხვანი. პატრონმა რომ იპოვნოს თავისი ტივი, ვერ დაიბრუნებს, თუ არ მომრიგებელ-მოსამართლის განაჩენით. შეიძლება ერთი ტივი წაიღოს წყალმა და ხეები სხვა-და-სხვა კაცს ჩაუვარდეს ხელში. მეტივემ ყველას უნდა უჩივლოს სასამართლოში. რასაკვირველია, ამ ოცს ქალაქელ კაცს ერთი სოფლელი მეტივე ვერ გაუბედავს შეჭიდებას, ადგება და დაღუპული დაბრუნდება თავისს სოფელში“.
ამბის ბოლოს „ივერიის“ კორესპონდენტი იმასაც დასძენდა, ურიგო არ იქნება, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ იშუამდგომლოს და, ამ სფეროს დასარეგულირებლად, როგორმე ვორონცოვისდროინდელი წესი აღადგინოსო…
ახირებული ბატონი აუფერმანი
ალბათ, ასე შეიძლება დავასათაუროთ ის უცნაური ნაბიჯები, რაც 1883 წელს, ტფილისში გახსნილი „თოკის ქარხნის“ მეპატრონემ გადადგა.
როგორც „დროება“ წერდა, „ამ ცოტას ხანში ჩვენს ქალაქში გაიხსნა თოკის ქარხანა. ამ ქარხნის პატრონს, ბატონ აუფერმანს დაუვლია მრავალი ადგილები ჩვენს მხარეში, მაგრამ ვერსად ვერ უშოვნია კანაფი. შემდეგ გამგზავრებულა ბაქოში, ყუბაში, გეორგიევსკში და იქ ძლივ-ძლივობით მოგუროვებია 1000 ფუთამდე კანაფი, რომლითაც დაუწყვია მუშაობა. იმის გაკეთებული სხვა-და-სხვა ზომის თოკები დიაღ მშვენიერი ხელოვნებაა, მაგრამ რას იქმს, თუ კი საკმაო მასალას ვერ იშოვნის?!“
შექმნილი ვითარებიდან აუფერმანს გამოსავლის ძებნა დაუწყია და ნედლეულის დამზადების საქმეში იმ ხალხის ჩართვა განუზრახავს, ვისაც კანაფს მოშენების სურვილი ჰქონდა:
„აძლევს კანაფის თესლს და თან დარიგებასაც, თუ როგორ მოიყვანონ. ეჭვი არ არის, რომ ეს ჩინებული საქმეა და მსურველებიც გამოჩნდებიან კანაფის წარმოებისა, მით უმეტეს, რომ კარგ ფულს იძლევა თურმე“, მაგრამ ვინ იცის, რამდენი მსურველი გამოეხმაურებოდა აუფერმანის შეთავაზებას.
საბოლოო ჯამში, მოთხრობილი ისტორია, ისე, როგორც ამ სტატიაში გაერთიანებული სხვა ამბები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დაუჯერებელი, ზღაპრული და რაც მთავარია – რეალური და ინფორმაციული ცნობებისა, ძველ გაზეთებში რომ ამოიკითხავთ. XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პრესის კვლევისას, დროთა განმავლობაში, იმასაც აღმოაჩენთ, რომ აქა-იქ გაბნეული, საინტერესო ისტორიები ერთი გრძელი, ლოგიკური ჯაჭვის პატარ-პატარა რგოლებია, ამ ჯაჭვის მიზანი კი ტფილისისა და ტფილისური ყოფის გაცოცხლებაა – იმ ქალაქის, სადაც „კოტრებთან“ ერთად, მახვილგონიერი საქმოსნებიც ცხოვრობდნენ, თუნდაც ყავახანის ის მეპატრონე, რომლის „რიტორიკული“ საგაზეთო განცხადება, რომ „ყავახანა, რომელიც ბარიატინსკის ქუჩაზედ იმყოფებოდა, გადავიდა მიხეილის ქუჩაზედ, ფინკის საკანდიტერო მაღაზიის პირდაპირ“, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.
დატოვე კომენტარი