საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისა და მათზე გაწეული ხარჯების საკითხი არაერთხელ გამხდარა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან გაკვირვებისა და კრიტიკის საგანი. ხშირად, სახელმწიფოს მიერ გაწეული დანახარჯების შემხედვარე, შესაძლოა სულ დაგავიწყდეს, რომ საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანაა. ბიუჯეტისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების კითხვა ვისაც ეზარება, facebook-ზე შეუძლია შეიხედოს. დღე არ გავა ისე, რომ ჩვენი კიბერ-მეგობრების მხრიდან ამ საკითხზე რაიმე კურიოზული სტატია არ ვნახოთ გაზიარებული. თუმცა სასაცილოდ გვაქვს საქმე? მოდი, ამ კითხვაზე პასუხი ერთად, ციფრებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის დახმარებით გავიგოთ.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით (2014 წელი), საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან დასაქმებულად 1,7 მილიონი ადამიანი ითვლება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მათგან კერძო სექტორში 1,5 მილიონი ადამიანი მუშაობს, საჯარო სექტორში კი 249 000 ათასი არის დასაქმებული. პროცენტულად აღნიშნული მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება: კერძო სექტორზე დასაქმებულთა 84,6% მოდის, საბიუჯეტო სექტორზე კი 15,4%. მაშინ როდესაც საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის კონტინენტზე და ეკონომიკური ზრდის ტემპით ძალიან ნელა მივიწევთ წინ, რამდენად მართებულია დიდი სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვა?
ამ კითხვაზე პასუხი ყველას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობასაც, ერთი გვაქვს – ცხადია, ხარჯები უნდა შევამციროთ, თუმცა პრაქტიკაში ოპტიმიზაციის პოლიტიკის განხორციელებას საშველი ჯერ არ დაადგა. მრავალგზის გამოცხადებული “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკისა და ბიუროკრატიის შემცირების პირობის მიუხედავად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ამ ნაწილში კლების მაგივრად ზრდის ტემპი ფიქსირდება. 2013 წელს საჯარო სექტორში სულ 247,3 ათასი ადამიანი მუშაობდა, 2014 წელს – 251,2 ათასი, 2015 წელს კი 274,9. მტკივნეული ცვლილების გატარებისა და საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცისგან თავის არიდების მიზეზი ცხადია, რომ დიდწილად პოლიტიკური ხასიათის არის, თავის ატკივება და ელექტორატის დაკარგვა არავის არ უნდა, პირველ რიგში კი ეს ხელისუფლებას ეხება. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ბიუროკრატიულ აპარატში დასაქმებული მუშაკების ხარჯები მხოლოდ ხელფასში არ გამოიხატება და ის არაერთ ძვირად ღირებულ ფინანსურ განშტოებას მოიცავს. ყველაზე ხშირად დანამატებს, პრემიებს, სატელეფონო, სამგზავრო და ინვენტარისთვის განკუთვნილ დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. დასახელებული ხარჯები ხშირად განხილვის მიღმა რჩება ხოლმე, არადა ბიუჯეტიდან ფული დიდწილად სწორედ ამ სერვისებზე იხარჯება.
საქართველოში არსებული მაჩვენებლებისა და უკანასკნელი წლების ტენდენციების გარდა, მეტი სიცხადისთვის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაგება დაგვეხმარება. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით აპრობირებულია, რომ საჯარო სექტორში მომუშავე პირების რაოდენობის გამოსათვლელად, დასაქმების საერთო მაჩვენებელთან მიმართებით ბიუროკრატიის პროცენტულ წილს გამოყოფენ, შესაბამისად, შესადარებლად ჩვენც აღნიშნული მეთოდი გამოვიყენეთ.
მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს რამდენიმეჯერ აღემატება, პროცენტულად უფრო პატარა ბიუროკრატიულ აპარატს ფლობს. მაგალითისთვის იაპონია გამოგვადგება, რომლის მოსახლეობაც 128 მილიონ ადამიანს შეადგენს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 37,8 ათასი აშშ დოლარია, ბიუროკრატიის ზომა კი 3,5 მილიონი ადამიანით არის განსაზღვრული. იაპონური ბიუროკრატია, დასაქმებულთა საერთო მაჩვენებლთან მიმართებით, 7,9%-ს “იწონის”, რაც ქართულ ანალოგიურ მონაცემეზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD ) 2013 წლის კვლევის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული მუშაკების მხრივ საქართველოზე დაბალი პროცენტული მაჩვენებლები შემდეგ ქვეყნებს აქვთ: 1) თურქეთი – 12, 9%, 2) ახალი ზელანდია – 12,4%, 3) მექსიკა – 11,8%, 4) ჩილე – 10,7 %, 5) იაპო ნია – 7,9%, 6) კორეა – 7,6 , 7) ბრა ზილია – 12,1%, 8) კოლუმბია – 4,1% 9) ეკვადორი – 9,8%. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 14,4% იყო, რაც უკანასკნელი კვლევის შედეგად 15,4%-მდე არის გაზრდილი. დასახელებულ ეკონომიკურ ორგანიზაციაში კი 35-ი სახელმწიფო არის გაერთიანებული.
საინტერესოა ჩვენს კონტინენტზე არსებული მდგომარეობაც. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატია ძირითადად მცირედით აღემატება ქართულ მაჩვენებელს. მაგალითისთვის, ესპანეთში ეს რიცხვი 16,2%-ს შეადგენს, პორტუგალიაში – 16,4%-ს, იტალიაში – 17,3%-ს, ავსტრიაში – 18,2%-ს, საფრანგეთში – 19, 8%-ს და ა.შ. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპულ პრაქტიკასთან შედარებით საქართველოში ბიუროკრატიის უფრო მცირე ზომა ფიქსირდება და, შესაბამისად, სიტუაცია სულაც არ არის კრიტიკული. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული სახელმწიფოები სიმდიდრის მაჩვენებლით მნიშვნელოვნად წინ არიან ჩვენზე, შესაბამისად, საჯარო სექტორში გაწეული დანახარჯიც მათი ეკონომიკური განვითარების ტენდენციით არის გამოწვეული. რამდენიმე ათეული წლის წინ, მაშინ როდესაც დასახელებული ქვეყნები ეკონომიკური პროგრესის საწყის ეტაპზე იმყოფებოდნენ, საჯარო სექტორსა და მათ შორის ბიუროკრატიაში დასაქმებულ პირებზე გაცილებით უფრო ნაკლებ რესურსებს ხარჯავდნენ. საქართველომ სწორება მკაცრ რეფორმებსა და საჯარო ხარჯების მაქსიმალურ შეკვეცაზე უნდა აიღოს, როგორც ეს გასული საუკუნის ევროპული ქვეყნების უმრავლეს შემთხვევაში ხდებოდა. OECD-ის მონაცემების მიხედვით, ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში – 28.1%, ლატვიაში – 31,2 %, ნორვეგიაში – 34,6% და დანიაში – 34,9% ფიქსირდება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასურველ ეკონომიკურ მოდელებზე საუბრის დროს ხშირად ესტონეთს ახსენებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ესტონეთის საჯარო სექტორში არსებული მდგომარეობაც მოკლედ მიმოგვეხილა.
ესტონეთში დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბიუროკრატიის ზომა კი 26%-ს შეადგენს. აღნიშნულ მონაცემს უფრო ვიწროდ თუ ჩავშლით, ვნახავთ, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი 134 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივ თვითმმართველობებში არიან გადანაწილებულები. ცენტრალურ აპარატში დასაქმებული პირების საშუალო ანაზღაურება 1,338 ევროა, ლოკალურ თვითმმართველობებში კი ეს რიცხვი 1,077 ევროს შეადგენს. საქართველოსთან შედარებით მნიშვნელოვნად დიდი ბიუროკრატიული აპარატის მიუხედავად, საგულისხმოა, რომ ხელისუფლებამ ახალი სამოქმედო გეგმა გაწერა, რომლის მიხედვით ბიუროკრატიის ზომა აუცილებლად უნდა შემცირდეს. გეგმის ავტორების ჩანაფიქრით, ესტონური საჯარო სექტორი ყოველწლიურად 700 – 1000 ადამიანით უნდა შემცირდეს. აღნიშნული ცვლილების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ცენტრალურმა მთავრობამ უკანასკნელ წლებში დაქირავებული საჯარო მოხელეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. კარგი იქნება, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ ნაწილშიც მიბაძავს ესტონეთს და აღნიშნულ რეფორმას ჩვენს ქვეყანაშიც გაატარებს.
მოზრდილი საჯარო სექტორის მიზეზი გარკვეულწილად მთელი რიგი ქვეყნების სოციალისტური წარსულია, რომელიც ერთგვარ ზეგავლენას ახლაც ახდენს ეკონომიკაზე. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, 1989 წლის მონაცემების მიხედვით, დასაქმებულთა 90% საჯარო სექტორზე მოდიოდა, რაც ინერციით მოგვიანებითაც გაგრძელდა – უკრაინა და ბელორუსია ამის ნათელი მაგალითია. ამ მხრივ საინტერესოა ჩინეთის შემთხვევაც, სადაც 1978 წლის ცნობილ რეფორმებამდე დასაქმებულთა 100% სახელმწიფოზე მოდიოდა. მოგვიანებით აღნიშნულმა მაჩვენებელმა ცვლილებები განიცადა და 2003 წლისთვის 32,8%-მდე ჩამოვიდა. ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი რადიკალურ რეფორმასა და გაბერილი ხარჯების კონფისკაციაზე გავაკეთოთ, ვინაიდან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. დღეს არსებული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, საქართველოს ამხელა დანახარჯის გაწევის ფუფუნება არ გააჩნია, რასაც ციფრებიც ამტკიცებს.
P.S. – სტატიას სანამ დავასრულებდი, ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს თემასთან. NDI-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით (16 იანვარი, 2017 წელი), გამოკითხულთა უმრავლესობისთვის გასული თვის შემოსავალი 261-დან 400 ლარამდე მერყეობდა. ამის პარალელურად, მონიტორინგის ცენტრ “მედიატორმა” მორიგი ანგარიში წარმოადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, მხოლოდ 22 სსიპ-ში, პრემია-დანამატის სახით 34,6 მლნ ლარი არის გაცემული. ასე ვერ გავფრინდებით.
დატოვე კომენტარი