Facebook-მა თავისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მგზავრობაში 2019 წელს $23 მილიონზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის ფინანსურ დოკუმენტში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.
უფრო დეტალურად, დაახლოებით $10,463,717 მხოლოდ პირადი უსაფრთხოების ხარჯებია, როგორც სახლში, ასევე მოგზაურობისას. დამატებით $10 მილიონი კი მისი ოჯახის დასაცავად დაიხარჯა.
ასევე როგორც ფინანსურ დოკუმენტში წერია, ცუკერბერგმა $2.95 მილიონი კერძო თვითმფრინავის ხარჯებისთვის მოითხოვა.
შედარებისთვის, 2018 წელს ცუკერბეგრმა უსაფრთხოებისა და მოგზაურობისთვის ჯამში $20 მილიონი დახარჯა, ხოლო 2017 წელს $9,1.
Facebook-ის მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა შერილ სენდბერგმა კი 2019 წელს პირადი უსაფრთხოებისთვის $4.37 მილიონი დახარჯა, 2018 წელს კი $2.9 მილიონი. ხოლო სენდბერგის მიერ კერძო თვითმფრინავის გამოყენება გასულ წელს Facebook-ს $1.3 მილიონი დაუჯდა, 2018 წელს კი $908,677. აღსანიშნავია, რომ შერილ სენდბერგის ხელფასი 2019-ში $875,000 იყო, მან ასევე მიიღო $902,740 ბონუსის სახით.
შეგახსენებთ, 29 იანვარს Facebook-ის აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს $224.20-ს მიაღწია, თუმცა, კორონვირუსის გამო, შემდეგ კლება დაიწყო და 18 მარტს $137.10 შეადგინა. გასული პარასკევის მონაცემებით, Facebook-ის აქციის ფასი $175.19-ია.
დატოვე კომენტარი