ცოტა ხნის წინ, „ლოს-ანჯელეს ლეიკრესის“ ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა NBA-ში კარიერის განმავლობაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. მან კარიმ აბდულ-ჯაბარის შედეგი, 38,387 ქულა გააუმჯობესა. მოცემული დროისთვის, ჯეიმსის მონაგარი და შესაბამისად, სარეკორდო ქულა 38,390-ს უდრის.
საინტერესოა, რომ მსგავსი შედეგის დაფიქსირება ლებრონ ჯეიმსმა 38 წლის ასაკში შეძლო. მიღწეული წარმატება იმაზე მეტყველებს, რომ კალათბურთელი ამ ასაკშიც კი შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს, რასაც ბევრი ლებრონის მიერ საკუთარ ჯანმრთელობასა და სხეულზე განსაკუთრებულ ზრუნავს უკავშირებს.
სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NBA-ის ვარსკვლავი ჯანმრთელობასა და სხეულის მოვლაზე ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს. ეს მოიცავს მისი სახლის სპორტული დარბაზის, ტრენერების, მასაჟისტების, ტექნიკისა და სხვა სახის ხარჯებს.
ჯეიმსის ყოფილი თანაგუნდელის, მაიკ მილერის თქმით, ლებრონი საკუთარ სხეულს ისე უყურებს, როგორც ინვესტიციას, ამიტომ, ფორმის შესანარჩუნებლად თანხას არ იშურებს.
„ის ბევრ ფულს ხარჯავს თავის სხეულზე. ბევრი ფიქრობს, რომ ეს დიდი ხარჯია, თუმცა სწორედ ამ დიდმა ხარჯმა მას საშუალება მისცა, გამოემუშავებინა მეტი თანხა დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა მაიკ მილერმა Bleacher Report-ისთვის ადრე მიცემულ ინტერვიუში.
ჯეიმსი ვარჯიშთან ერთად სხვადასხვა სახის მკურნალობასაც მიმართავს, რომელსაც ის თამაშებისთვის მოსამზადებლად და მის შემდეგ ძალების აღსადგენად იყენებს. ამაში კი კალათბურთელს სპეციალისტები ეხმარებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ლებრონი იყო ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი, რომელმაც წლების წინ ინვესტიცია ჩადო კრიო-კამერაში. ეს უკანასკნელი თხევად აზოტს იყენებს, რათა, არსებითად, ყინულის აბაზანის უფრო ეფექტიან ვერსიად იქცეს.
ცნობისთვის, კრიოთერაპია არის ფიზიოთერაპიული პროცედურა, რომელსაც ძირითადად სხეულის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების სამკურნალოდ მიმართავენ.
გარდა კრიო-კამერისა, როგორც ირკვევა, ლებრონ ჯეიმსს ჰიპერბარიულ კამერაც აქვს, რომლის დახმარებითაც სხეულისთვის მეტი ჟანგბადის მიწოდებაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელს ასევე შეუძლია გონებრივი მუშაობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ჯეიმსი სისხლის ნაკადის სტიმულირებისთვის სპეციალურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ატარებს.
როგორც ირკვევა, კალათბურთელი დიდ ყურადღებას აქცევს ჯანსაღ კვებას და საკმაოდ მკაცრ დიეტას იცავს.
საინტერესოა, რამდენს გამოიმუშავებს სპორტსმენი, რომელიც ჯანმრთელობასა და სხეულის მოვლაზე ყოველწლიურად ამდენ თანხას ხარჯავს.
ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის, ლებრონ ჯეიმსის ქონება $1 მილიარდს შეადგენს. ჯეიმსმა მილიარდერის სტატუსი ოფიციალურად გასული წლის ზაფხულში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ის პირველია NBA-ის მოქმედ მოთამაშეებს შორის, ვინც ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა.
ლებრონ ჯეიმსი გასულ წელს გამოცემის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ჩამონათვალშიც შევიდა. მან, გამომუშავებული $121.2 მილიონით, რეიტინგში მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის ჩამორჩა, რომელმაც 130 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.
Forbes-ის ინფორმაციით, ჯეიმსის შემოსავლიდან $41.2 მილიონი პარკეტზე გამომუშავებულ თანხაზე, დანარჩენი $80 მილიონი კი მის მიღმა აქტივობებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის.
დატოვე კომენტარი