თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს კრიპტოაქტივებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა – მსოფლიოს უდიდესმა ალგორითმულმა სტეიბლკოინმა, TerraUSD-მ (UST) კოლაფსი განიცადა, ბიტკოინის ღირებულება $30-ათასიან ფსიქოლოგიურ ნიშნულს ჩამოსცდა და ინვესტორთა 40% აზარალა, ხოლო მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა სამ დღეში $1 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს.
საინტერესოა, რომ ამ მოვლენების პარალელურად ცნობილმა ინვესტორებმა კრიპტოვალუტების შესახებ საკუთარი შეხედულებების გაზიარება დაიწყეს – ზოგიერთი მათგანი კრიპტოვალუტებს კვლავაც სკეპტიკურად უყურებს, ზოგიერთმა კი პოზიცია შეიცვალა და საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიო კრიტპოაქტივებით გაამრავალფეროვნა.
პიტერ ტილი
ქონება: $5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: PayPal, Facebook
ქვეყანა: აშშ
PayPal-ის თანადამფუძნებელი და Facebook-ის ერთ-ერთი ინვესტორი, პიტერ ტილი ერთ-ერთი პირველი კრიპტოენთუზიასტია – სწორედ მის მიერ დანიშნული პრემიის დახმარებით შექმნა 2014 წელს ვიტალიკ ბუტერინმა ეთერიუმი. პიტერ ტილი საკუთარ შეხედულებას არც კრიზისის ფონზე იცვლის: მისი აზრით, კრიპტოვალუტების გავრცელება, დროთა განმავლობაში, უეჭველად გამოიწვევს ქაღალდის ფულის რეჟიმის დამხობას. – ამის შესახებ ინვესტორმა აპრილში, მაიამიში გამართულ Bitcoin Conference 2022-ზე განაცხადა.
პიტერ ტილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკები გაკოტრების პირას არიან და საინტერესო იქნება, თუ როგორ განვითარდება ბიტკოინი მას შემდეგ, რაც ეს მოხდება – ინვესტორი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი დოლარი გახდება. ამასთანავე, ტილის აზრით, კრიპტოვალუტების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე გულახდილი და ეფექტიანი ბაზარია მსოფლიოში, რომელსაც ერთი მთავარი პრობლემა აქვს – ფინანსური გერონტოკრატები, რომლებიც ბიტკოინის მიერ ოქროს ჩანაცვლებას ეწინააღმდეგებიან.
ბიტკოინის მთავარ მტრად პიტერ ტილი ომაჰის ორაკულად წოდებულ ლეგენდარულ ინვესტორს, უორენ ბაფეტს მიიჩნევს, რომელსაც ტილი „ომაჰელ სოციოპატ ბაბუად“ მოიხსენიებს. თუმცა ბაფეტის გარდა „ახალგაზრდთა რევოლუციური მოძრაობის“ წინააღმდეგობის წევრებად პიტერ ტილი JPMorgan-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ჯეიმი დაიმონს და BlackRock-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ლარი ფინკს მიიჩნევს. საინტერესოა, რომ ორთავე მათგანმა კრიპტოვალუტების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2017 წელს გაილაშქრეს – ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებით მოვაჭრე ტრეიდერებს სამსახურიდან გაათავისუფლებდა, ხოლო ლარი ფინკმა – ბიტკოინი ფულის გათეთრების ინდექსად მოიხსენია.
უორენ ბაფეტი
ქონება: $118 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ქვეყანა: აშშ
რაც შეეხება Berkshire Hathaway-ის მფლობელსა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, უორენ ბაფეტს – პიტერ ტილი მართალია, რადგან ომაჰელი ორაკული კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა. ბაფეტის თქმით, ბიტკოინი – „კვადრატში აყვანილი ვირთხის შხამია“, ხოლო კრიპტოვალუტების ბაზარი – ადგილი, სადაც „საეჭვო პირები იმ ადამიანების გაცურებას ცდილობენ, რომლებსაც ისევე სურთ გამდიდრება, როგორც მათ მეზობლებს, რომლებმაც ისეთი რაღაცები იყიდეს, რაშიც ვერც ერთი მათგანი ვერ ერკვევა“.
აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ორი თვის წინ უორენ ბაფეტმა ბიტკოინის წინააღმდეგ კიდევ უფრო აქტიურად გაილაშქრა – მისი თქმით, ის $25 დოლარსაც კი არ გადაიხდის ყველა ბიტკოინში ერთად, რადგან ეს არის აქტივი, რომელიც მოგებას არ აგენერირებს, ხოლო მისი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, რომ ყოველი მომდევნო მყიდველი მზადაა, მის სანაცვლოდ წინამორბედზე მეტი თანხა გადაიხადოს. ამასთანავე, ბაფეტის აზრით, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ვალუტა შეიძლება იყოს და დოლარის ჩანაცვლებას აშშ არასდროს დაუშვებს.
ჩარლი მანგერი
ქონება: $2.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ქვეყანა: აშშ
უცნაური სულაც არ არის, რომ Berkshire Hathaway-ის ვიცე-პრეზიდენტი და უორენ ბაფეტის მარჯვენა ხელი, ჩარლი მანგერი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მისი დიდი ხნის მეგობრის პოზიციას იზიარებს. თუმცა მანგერი ზოგჯერ უფრო რადიკალურიც კი არის – ამა წლის თებერვალში მანგერი კრიპტოვალუტების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა და ჩინეთის ხელისუფლებას კომპლიმენტიც კი გაუკეთა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამასთანავე, მანგერმა ბიტკოინი ვენერიულ დაავადებას შეადარა და თქვა, რომ ბედნიერია, ბიტკოინში ინვესტიცია რომ არ განახორციელა.
ჯეიმი დაიმონი
ქონება: $1.6 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ბანკინგი
ქვეყანა: აშშ
ისე კი, ომაჰის ორაკულისგან განსხვავებით, ბიტკოინის სხვა ტრადიციული მოწინააღმდეგეები ნელ-ნელა პოზიციებს იცვლიან – ასეა პიტერ ტილის მიერ ფინანსურ გერონტოკრატად წოდებული ჯეიმი დაიმონის შემთხვევაშიც. ცოტა ხნის წინ დაიმონმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების მიმართ მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით საბანკო სისტემების მოუქნელობით გამოწვეული გარკვეული პრობლემების აღმოფხვრა არის შესაძლებელი: „თუ, მაგალითად, საზღვარგარეთ მყოფი მეგობრისთვის $200-ის გაგზავნა გსურთ – ამისთვის რამდენიმე კვირა დაგჭირდებათ და $40 დაგიჯდებათ. ციფრული ვალუტის შემთხვევაში კი ამ ტრანზაქციის განხორციელება რამდენიმე წამში არის შესაძლებელი“, – განაცხადა დაიმონმა და დასძინა, რომ დროთა განმავლობაში ბანკები ციფრული ვალუტების გამოყენებას დაიწყებენ.
ლარი ფინკი
ქონება: $1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფინანსური მენეჯმენტი
ქვეყანა: აშშ
რაც შეეხება პიტერ ტილის სიის კიდევ ერთ წევრს, BlackRock-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელ ლარი ფინკს – ცოტა ხნის წინ აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში მან აღნიშნა, რომ BlackRock-ი დეტალურად სწავლობს ციფრულ ვალუტებს, სტეიბლკოინებსა და მათ ტექნოლოგიებს, რათა გაიგოს, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება კლიენტთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია, რომ ლარი ფინკის კრიპტოვალუტების მიმართ ოდნავ შერბილებული პოზიცია გარკვეულწილად რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა შეცვალა – ფინკის თქმით, რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები შეეცდებიან, რომ გლობალურ ფიატ-ვალუტებზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები. „კარგად გათვლილი გლობალური საგადასახადო სისტემით საერთაშორისო ოპერაციების შესაძლებლობების გაზრდა ისე არის შესაძლებელი, რომ მან ფულის გათეთრებისა და კორუფციის რისკების შემცირებაც გამოიწვიოს“, – ვკითხულობთ ლარი ფინკის წერილში.
რეი დალიო
ქონება: $22 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
ქვეყანა: აშშ
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით საინტერესო პოზიცია აქვს Bridgewater Associates-ის დამფუძნებელ რეი დალიოს, რომელიც კრიპტოვალუტებში ხედავს როგორც შესაძლებლობას, ასევე საფრთხეს. გასულ კვირას რეი დალიომ განაცხადა, რომ ბიტკოინი ინფლაციის საწინააღმდეგოდ კარგი სადაზღვევო აქტივია, რომელიც ამ თვისებით ოქროს ჯერჯერობით ვერ ჯაბნის. თუმცა ფულის შენახვის ერთეულად კრიპტოვალუტების გამოყენებას რამდენიმე საფრთხეც სდევს: „კრიპტოვალუტების ტრანზაქციების შემთხვევაში შესაძლებელია როგორც მათი თვალთვალი და აღრიცხვა, ასევე გაუქმება და საერთოდ, არალეგალურად გამოცხადება“, – აღნიშნა რეი დალიომ. რაც შეეხება ოქროს, ის ამგვარი პრობლემების წინაშე არ დგას.
თუმცა რეი დალიო ინვესტორებს ურჩევს, რომ საკუთარ პორტფელებში ჰქონდეთ როგორც ოქრო, ასევე ბიტკოინი, რადგან, მისი თქმით, წლის განმავლობაში კრიპტოაქტივების ბაზარი საგრძნობლად განვითარდება.
მარკ ქიუბანი
ქონება: $4.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ონლაინმედია, Dallas Mavericks
ქვეყანა: აშშ
ამერიკელი მარკ ქიუბანი ერთ-ერთი იმ ინვესტორთაგანია, რომელმაც, დროთა განმავლობაში, კრიპტოვალუტების შესახებ საკუთარი წარმოდგენა შეიცვალა: ჯერ კიდევ 2019 წელს, ქიუბანი ამბობდა, რომ ბიტკოინს ბანანი ურჩევნია, რადგან მისი ჭამა მაინც არის შესაძლებელი. თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიამ ინვესტორის კრიპტოვალუტების მიმართ დამოკიდებულება საფუძვლიანად შეცვალა, რადგან დღეს მარკ ქიუბანი ერთ-ერთი ცნობილი კრიპტოენთუზიასტია, რომელსაც კრიტპოვალუტასა და რამდენიმე კრიპტოპროექტში აქვს თანხა დაბანდებული.
დატოვე კომენტარი