გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა. 700-მილიონდოლარიანი პაკეტი მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს, რომელთაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეეძლებათ.
ბაიდენმა უკრაინისათვის ნანატრი HIMARS-ის საარტილერიო სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევმა გარანტია მისცა, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისათვის არ გამოიყენებს. აღნიშნული გარანტია ჯო ბაიდენმა სიტუაციის ესკალაციისაგან თავის ასარიდებლად მოითხოვა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, უკრაინას 4 ერთეული HIMARS საარტილერიო სისტემა უკვე გადაეცათ. თუმცა, არტილერისტების სრულად მოსამზადებლად დაახლოებით სამი კვირა იქნება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემებს უკრაინელები აშშ-ისგან უკვე დიდი ხანია ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში საუბარი ორ სისტემაზე, M270-სა და M142 HIMARS-ზე მიდიოდა. ორივე მათგანი Lockheed Martin-ის წარმოებული შეიარაღება გახლავთ.
აღნიშნული სისტემების სროლის დიაპაზონი რაკეტების კომპლექტაციის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესაბამისად, ესკალაციის თავიდან ასარიდებლად უკრაინისათვის უფრო მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა გადაწყდა.
სარაკეტო სისტემების გარდა, 700 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი სხვადასხვა სახის სადაზვერვო რადარების, ჯაველინების დამატებითი რაკეტებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების გადაცემას ითვალისწინებს. სამხედრო ექსპერტებისა და მკვლევრების აზრით, HIMARS საარტილერიო სისტემებს ომში გადამწყვეტი ცვლილების შეტანის შესაძლებლობა და პოტენციალი აქვთ.
დატოვე კომენტარი