ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანია „ეისითიმ“ გასულ წელს „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა“ და „მწერალთა სახლისთვის“ ქართული წიგნის ბაზრის კვლევა მოამზადა, რომელიც 2016-2020 წლის მონაცემებს აერთიანებს. კვლევაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილებულ იქნა ქართველ მკითხველთა გემოვნებაზე – იმაზე, თუ რას კითხულობენ ჩვენს ქვეყანაში.
წიგნის მკითხველთა კვლევა საქართველოს დედაქალაქ თბილისსა და რამდენიმე დიდ რეგიონულ ქალაქში, კერძოდ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის ნახევარი წიგნებს გარკვეული სიხშირით კითხულობდა, მეორე ნახევარს კი ბოლო 12 თვის განმავლობაში სრულად არც ერთი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული.
ქართველ მკითხველთა გემოვნების დასადგენად ჯამში 1,000 ისეთი რესპონდენტი გამოიკითხა, რომელთაც 2020 წლის განმავლობაში მინიმუმ ერთი წიგნი მაინც ჰქონდათ წაკითხული. როგორც ირკვევა, მათი უმეტესობა საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას ყურადღებას ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციებზე, ანოტაციასა და ავტორის შესახებ ადრე შექმნილ წარმოდგენაზე ამახვილებს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2020 წელს მკითხველთა 97%-ს მხატვრული ლიტერატურიდან მინიმუმ ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს. აღნიშნულ მიმართულებას უპირატესობას გამოკითხულთა 86,5% ანიჭებს. რაც შეეხება არამხატვრულ ლიტერატურას, მას 2020 წლის განმავლობაში მკითხველთა 34% გაეცნო.
მხატვრული ლიტერატურიდან ქართველი მკითხველები ერთნაირი სიხშირით კითხულობდნენ როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ ნაწარმოებებს. ისინი ძირითად საკითხავს მკითხველთა 57%-ისთვის წარმოადგენს. რაც შეეხება სხვა პოპულარულ კატეგორიებს, ძირითად საკითხავად დეტექტივს, ჰორორსა და მისტიკას გამოკითხულთა 11%, საბავშვო წიგნებს – 6%, პოეზიას – 3%, კომიქსსა და გრაფიკულ რომანს – 3%, სამეცნიერო ფანტასტიკას, ფენტეზისა და უტოპიას – 2%, ლიტერატურას მოზარდებისთვის – 2%, დრამატურგიას კი 1% ასახელებს.
დარჩენილი 13% არამხატვრული ლიტერატურის კატეგორიებზე შემდეგნაირად ნაწილდება: ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის შესახებ ტექსტები ძირითად საკითხავს კვლევაში მოაწილეთა 4%-ისთვის წარმოადგენს, პროფესიული / სასწავლო წიგნები – 2%-ისთვის, სამეცნიერო-პოპულარული – 2%-ისთვის, ბიოგრაფიები, მემუარები და წერილები – 1%-ისთვის, წიგნები ხელოვნებაზე / ალბომები – 1%-ისთვის, რელიგიური წიგნები – 1%-ისთვის, კულინარიული წიგნები – 1%-ისთვის, წიგნები თვითგანვითარებისთვის – 0.3%-ისთვის, ენციკლოპედიები, ლექსიკონები და გზამკვლევები – 0,2%-ისთვის, ესეისტიკა და კრიტიკა – 0,1%-ისთვის, სხვა დანარჩენი 0,2%-ისთვის.
კვლევიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით რომანის ჟანრი სარგებლობს, რომელიც, 2020 წლის მონაცემებით, ყოველი 10 მკითხველიდან 8-ს წაუკითხავს.
საგულისხმოა, რომ 2020 წლის განმავლობაში საქართველოში მკითხველთა თანაბარ რაოდენობას წაუკითხავს ქართული და თარგმნილი წიგნები. რაც შეეხება უცხოენოვან ლიტერატურას, უცხო ენაზე მკითხველთა რიცხვი კვლევაში მონაწილეთა მეოთხედს, 25%-ს შეადგენს.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა ტოპ ხუთი წიგნი და ავტორი, რომლებიც მკითხველებს 2020 წლის განმავლობაში წაუკითხავთ. მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ ლიდერობს. მეორე ადგილს თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“, მესამე ადგილს კი ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ იკავებს. მეოთხე პოზიციაზე ია კარგარეთელის „სხვა უდაბნო“, მეხუთე პოზიციაზე კი ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესია“.
რაც შეეხება ყველაზე წაკითხვად ტოპ ხუთ ავტორს, მათ შორის პირველ ადგილზე ფიოდორ დოსტოევსკია. მეორე პოზიციაზე ნოდარ დუმბაძე, მესამე პოზიციაზე კი ერიხ მარია რემარკია. მეოთხე ადგილს კონსტანტინე გამსახურდია იკავებს, მეხუთე ადგილზე კი ჭაბუა ამირეჯიბია.
დატოვე კომენტარი