ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამ, როგორც ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა მოვლენამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, უზარმაზარი ემოციური ტალღა გამოიწვია. დიდ სიხარულთან ერთად დიდი იმედიც გაჩნდა – ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას აწი ამ სტატუსს ვუკავშირებთ. გამონაკლისი არც განათლებისა და მეცნიერების სფეროებია – ევროკავშირის საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის უკვე მრავალწლოვანი გამოცდილებით დატვირთულები იმედიანად ველით სიახლეებს და მსუყე შესაძლებლობებს. რეალობა ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ოდნავ განსხვავებულია: განათლება და მეცნიერება ის სფეროებია, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ყველაზე ნაკლებ ცვლილებას მოგვიტანს – ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, გაიზრდება წვდომა ევროპულ დაფინანსებაზე, სხვა ყველაფერი კი ჩვენს შნოსა და მარიფათზე იქნება დამოკიდებული. აქ შეგვეძლო ამ თემაზე საუბარი დაგვესრულებინა, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია, და ამ ახალ მოცემულობაში ალბათ საინტერესო უნდა იყოს სწორედ ჩვენი შნოსა და მარიფათის, და ჩვენი ამბიციების სათანადო შეფასებაც.
ის, რაც ევროკავშირის საერთო რეგულაციებს და კანონმდებლობას ეხება, მაგალითად, წარმოების, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში, უმაღლესი განათლების სფეროში ბოლონიის პროცესითაა ჩანაცვლებული, პროფესიული განათლების სფეროში ევროპული რეგულაციების როლს კოპენჰაგენის პროცესი ასრულებს, მეცნიერების სფეროში კი – „ჰორიზონტის“ პროგრამის მიერ მოცემული შესაძლებლობები. თავად ევროკავშირში განათლება და მეცნიერება რეგულირებულია წევრი სახელმწიფოების ეროვნულ დონეებზე და ევროკავშირის როლი მხოლოდ მხარდამჭერი ქმედებებით შემოიფარგლება (ხარისხის უზრუნველყოფა, აღიარება, ინკლუზია, მობილობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და ა.შ.). შესაბამისად, კანდიდატის სტატუსი ჩვენ არ გვავალდებულებს საკანონმდებლო ცვლილებებს ან დამატებითი წესების შემოღებას – ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, რა გვჭირდება განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ასამაღლებლად და ჩვენი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად და საამისოდ გამოვიყენოთ მათ შორის ის ინსტრუმენტებიც, რომლებსაც ევროკავშირი გვთავაზობს.
საქართველოს შემთხვევაში 2004 წლიდან დაწყებული უმაღლესი განათლების სისტემაში ჩატარებული ყველა რეფორმა ცდილობდა ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებთან ჩვენი სისტემის შესაბამისობაში მოყვანას. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რამდენად კარგად განხორციელდა ეს რეფორმები (spoiler: ბევრი რამ მხოლოდ ფორმალურად განხორციელდა), მაგრამ პრინციპული მიდგომა სწორი, პროევროპული იყო და საქართველომ ბოლონიის პროცესის მოთხოვნების დიდი უმრავლესობა შეასრულა: აკადემიური ხარისხების ისეთი სისტემა შემოვიღეთ (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი), რომელიც იოლად გასაგები და მისაღებია ევროპის განათლების სივრცისა და შრომითი ბაზრისთვის; დავნერგეთ კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემა; ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა; ყველა პირობა შევქმენით მობილობის ხელშეწყობისათვის და ა.შ. ჩატარებული სტრუქტურული ცვლილებები უცებ არ ითარგმნება ხარისხობრივ მაჩვენებლებში, მაგრამ საამისო წინაპირობას ქმნის.
საქართველოს ენთუზიაზმს ბოლონიის პროცესის განხორციელებაში ძალიან წაადგა ევროკავშირის პროგრამები, პირველ რიგში Erasmus+-ის პროგრამა (2014 წლამდე Tempus-ის სახელით ცნობილი). Erasmus+ ჩვენში უკვე ძალიან პოპულარული პროგრამაა, ის 1995 წლიდან მოქმედებს.
Erasmus+ სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამების გარდა ზოგადად განათლების ხარისხის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს და საქართველოში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, კონკრეტულად – უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში. Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების პროგრამები პრაქტიკულად ერთადერთი დონორი პროგრამაა, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზაციულ ზრდასა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას უწყობს ხელს. Erasmus Mundus-ის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია საქართველოსა და ევროპული უნივერსიტეტების ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. ცხადია, ყველაზე უფრო მოთხოვნადი და პოპულარული Erasmus+-ის სასტიპენდიო პროგრამებია, რომლებითაც როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორები და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც სარგებლობენ.
Erasmus+-ის პროგრამაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 80%-ზე მეტი მონაწილეობს. ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ პროგრამაში მონაწილე ყველა ევროპულ ქვეყანასთან და გვაქვს ერთობლივი პროექტები პარტნიორ უნივერსიტეტებთან აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. მოპოვებული პროექტებისა და სტიპენდიების რაოდენობის მხრივ საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს წარმატებული ქვეყნების პირველ ათეულში. რეგიონში პირველად სწორედ ქართული უნივერსიტეტები გახდნენ Erasmus+-ის პროექტების კოორდინატორები, სწორედ ჩვენთან განხორციელდა პირველი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები, ამუშავდა ჟან მონეს პირველი ცენტრი და ა.შ.
საქართველომ ყველაფერი მიიღო Erasmus+-ის პროგრამისგან, რისი მიღებაც ჩვენს ქვეყანას შეეძლო. შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილე ქვეყნები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნები (ევროკავშირის წევრები + თურქეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და ისლანდია), რომლებსაც სრული წვდომა აქვთ Erasmus+-ის პროგრამის ყველა სფეროზე და რომლებიც ასევე ამ პროგრამას აფინანსებენ, და ე.წ. არაასოცირებული ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, რომელსაც ჯერჯერობით Erasmus+-ის პროგრამის ზოგ აქტივობაზე ხელი არ მიუწვდება, სამაგიეროდ, არანაირი ფინანსური ვალდებულება არა აქვს. პირველი კატეგორიის (Erasmus+-პროგრამასთან ასოცირებული) ქვეყნების შემთხვევაში იგულისხმება, რომ მათ გამოცდილების გაზიარება სხვა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებისათვის შეუძლიათ, ხოლო Erasmus+- პროგრამასთან არაასოცირებული ქვეყნები გარკვეულწილად ამ გამოცდილების მიმღებ მხარედ მოიაზრება. მთელი რიგი პროგრამებისა ისეა აწყობილი, რომ სწორედ საქართველომ და ჩვენნაირმა ქვეყნებმა მიიღონ დაფინანსება უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, უფრო მაღალი სტიპენდიები და ა.შ. ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს „Erasmus+-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შეფასების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა“, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ რამდენადაა მზად ჩვენი ქვეყანა, გახდეს პროგრამასთან ასოცირებული, ანუ დადგეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით. ეს ამბიცია სრულიად გასაგებია პროგრამაში მრავალწლიანი წარმატებული მონაწილეობის შემდეგ. მართალია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და Erasmus+-თან ასოცირებული ქვეყნის სტატუსი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ ცხადია, რთული წარმოსადგენი იქნება, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ დროს თავისი ევროპელი პარტნიორებისგან კვლავინდებურად „დახმარების“ მიღების ფორმატში მონაწილეობდეს Erasmus+-ის პროგრამაში.
კიდევ ერთხელ კარგად უნდა ავხსნათ, რას გულისხმობს Erasmus+- პროგრამასთან ასოცირება: სტატუსის შეცვლა ხსნის წვდომას პროგრამის ყველა სფეროზე, მაგრამ ვიღებთ ვალდებულებას, ხარჯებიც გავიზიაროთ. წვდომა პროგრამის სრულ სპექტრზე ნიშნავს, რომ უნივერსიტეტების გარდა Erasmus+-ის პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიც ჩაერთვება, გაჩნდება შესაძლებლობები ზრდასრულთა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით და ა.შ. ამავე დროს, თუ დღემდე Erasmus+-ის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს არცერთი თეთრი არ უჯდებოდა, პროგრამასთან ასოცირება ნიშნავს, რომ მის ბიუჯეტში საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. თანხის კონკრეტული მოცულობა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება, მაგრამ საშუალოდ მშპ-ის 1%-ის ფარგლებში იქნება. ასევე საქართველომ თავად უნდა დააფინანსოს Erasmus+-ის ეროვნული სააგენტო (ამჟამად არსებული ეროვნული ოფისისგან განსხვავებით). შეიცვლება სტუდენტთა სტიპენდიების მოცულობაც – თუ დღეს მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის სტუდენტები Erasmus+-ის სტიპენდიის სახით თვეში 800, 850 ან 900 ევროს იღებენ (მასპინძელი ევროპული ქვეყნის მიხედვით), შემდგომში ეს სტიპენდია 400 ევრომდე შემცირდება და საქართველოს ეროვნულ სააგენტოს მოუწევს დანამატის დაფინანსება, როგორც ამას სხვა ევროპული ქვეყნები აკეთებენ. ამ მაგალითით კარგად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსი და მასთან გარკვეულწილად დაკავშირებული Erasmus+-თან ასოცირებული ქვეყნის სტატუსი ფინანსური ნაკადების მხოლოდ გაზრდას არ გულისხმობს – სტატუსის შეცვლას მეტ შესაძლებლობებთან ერთად მოაქვს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მეტი კონკურენციაც.
კანდიდატის სტატუსი და მასთან ასოცირებული ყველა სხვა სტატუსის მიღება, სულ მცირე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში გულისხმობს პირველ რიგში ხარისხის სათანადო სტანდარტისა და შესაბამისი შიდა დაფინანსების არსებობას. მხოლოდ ევროკავშირისაგან მიღებული დახმარების იმედად ვერ ვიქნებით, შიდა ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზაცია და უფრო ეფექტიანი მართვაა საჭირო იმისათვის, რომ თუნდაც Erasmus+-ის პროგრამაში აღგვიქვან „ძველი ევროპის“ ქვეყნების ტოლად და სწორად. განათლების ხარისხი თუ არ გაუმჯობესდა, შეცვლილი სტატუსის სრულად გამოყენებას ვერ შევძლებთ.
აქ ყურადსაღებია მეცნიერების სფეროში „ჰორიზონტის“ პროგრამაში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება: საქართველომ უკვე მიაღწია იმავე სტატუსს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ – 2021 წლის დეკემბერში ჩვენ გავხდით პროგრამა „ჰორიზონტის“ასოცირებული წევრი, შეგვიძლია ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანაბარი სტატუსით მონაწილეობა, სათანადო საწევრო გადასახადსაც ვიხდით, მაგრამ გვიწევს მწვავე კონკურენცია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან, რომელთა სიძლიერე დიდწილად მრავალწლოვანი სერიოზული დაფინანსებითაა განპირობებული. შესაბამისად, პროგრამა „ჰორიზონტის“ ფარგლებში მოპოვებული სამეცნიერო პროექტების რაოდენობით ვერ დავიკვეხნით. უნდა აღინიშნოს, რომ მხარდამჭერი სერვისებიც შეიქმნა და სახელმწიფო ცდილობს, დახმარება აღმოუჩინოს ქართველ მეცნიერებს პროექტების მომზადების, პარტნიორების მოპოვების საქმეში, მაგრამ ცხადია, რომ ამას დრო სჭირდება. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მეცნიერებისა და განათლების შიდა დაფინანსების გაზრდა! წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენციას ვერ გავუძლებთ. ამის მაგალითები არსებობს იმავე ბალკანეთის რეგიონში და ყურადღებით უნდა შევისწავლოთ სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წარმატებისა და წარუმატებლობის ისტორია Erasmus+-ისა და „ჰორიზონტის“ პროგრამებში.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ბევრ ახალ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს. ზემოთ არაერთხელ ნახსენები სრული პროგრამული წვდომისა და გაზრდილი დაფინანსების გარდა, ესაა ქვეყნის რეპუტაციის სერიოზული ცვლილება: გაიზრდება საქართველოსადმი ნდობა და მისი მომხიბვლელობა როგორც ევროპელი, ისე სხვა პოტენციური პარტნიორებისთვის, მათ შორის – ევროპის ფარგლებს გარეთ. ამას მოჰყვება ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამებისა და, შესაბამისად, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის ზრდა, რაც უნივერსიტეტების შემოსავლის ზრდაშიც უნდა აისახოს.
სადღეგრძელო რომ არ გამოგვივიდეს, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ კანდიდატის სტატუსი არის ჯილდოც, შანსიც და ვალდებულებაც და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა ამ შესაძლებლობას რამდენად კარგად გამოვიყენებთ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, რა რთული ვითარებაცაა დღეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოში, პირადად მე იმედიანად ვარ.
დატოვე კომენტარი