უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ უფრო რეალურია, ბიტკოინის ფასი $10 ათასამდე შემცირდეს, ვიდრე $30 ათასამდე გაიზარდოს, – ამის შესახებ MLIV Pulse-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილეობა უოლ-სტრიტზე მომუშავე 950-მა ინვესტორმა მიიღო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანალიტიკოსების ამგვარი პოზიცია კრიპტოაქტივების „დათვის ბაზარს“ უკავშირდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი უდიდესი ალგორითმული სტეიბლკოინის, UST-ის კოლაფსის შედეგად დაიწყო – მას შემდეგ არაერთი ცნობილი კრიპტობირჟა გადახდისუუნაროდ იქცა. ცნობისთვის, გასული წლის ბოლოდან, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია $2 ტრილიონით შემცირდა.
საბოლოო ჯამში, კრიპტოვალუტების ინდუსტრია დღემდე მაპოლარიზებელ სფეროდაა მიჩნეული, რაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ დაფიქსირებული პოზიციიდანაც ჩანს: გამოკითხულთა 28%-ს სჯერა, რომ კრიპტოვალუტები ფინანსების მომავალია, ხოლო 20%-ს მიაჩნია, რომ მათ არანაირი ღირებულება არ აქვთ. ისე კი, ინსტიტუციური ინვესტორები კრიპტოაქტივების მიმართ უფრო გახსნილები არიან, ვიდრე მათი ინდივიდუალურად მომუშავე კოლეგები, რომელთა მეოთხედი, კრიპტოვალუტებს მდარე აქტივად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებული მაქსიმუმამდე – $69 ათასამდე გაზრდის შემდეგ, ბიტკოინმა საკუთარი ღირებულების ორ-მესამედზე მეტი დაკარგა.
დატოვე კომენტარი