რას უნდა ველოდეთ 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკასა და საქართველოში?

რას უნდა ველოდეთ 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკასა და საქართველოში?

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა Forbes Georgia-ს 2023 წლის თებერვლის ნომერში.

2023 წელს მსოფლიო ეკონომიკას 2022 წლის პრობლემები გადმოჰყვა. პირველ რიგში, ეს პრობლემებია: მაღალი ინფლაცია და რუსეთ-უკრაინის ომი.

იანვარში მსოფლიო ბანკმა „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1.7%-მდე შეამცირა. რამდენიმე თვის წინ ბანკი 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3%-ით ზრდას პროგნოზირებდა. ძველ და ახალ პროგნოზებს შორის არსებული -1.3 პროცენტული პუნქტი მსოფლიო ეკონომიკისთვის 1 ტრილიონი დოლარის დანაკლისს ნიშნავს.

განვითარებული ქვეყნების 2023 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მათ შორის, აშშ-ის და ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა, იაპონიის – 0.3 პროცენტული პუნქტით. მიმდინარე წელს აშშ-ის ეკონომიკა 0.5%-ით გაიზრდება, იაპონიის – 1%-ით, ხოლო ევროკავშირის ზრდა 0%-თან ახლოს იქნება. განვითარებული ქვეყნები ფაქტობრივად სტაგნაციაში შედიან, რისი მთავარი მიზეზი მაღალი ინფლაცია და მის შესაჩერებლად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ძირითადად ცენტრალური ბანკების გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებში გამოიხატა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბოლო ერთ წელიწადში მონეტარული განაკვეთი 0.25%-დან 4.75%-მდე გაზარდა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი 0%-დან 2.50%-მდე. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში წლიური ინფლაცია 6.5%-ია, ხოლო ევროზონაში – 9.2%. აღნიშნულ ქვეყნებში ინფლაციას უკვე კლების ტენდენცია აქვს.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამცირებს ქვეყნების ეკონომიკის დაკრედიტებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მოსახლეობის შესაძლებლობას (მოთხოვნას), შეიძინოს საქონელი და მომსახურება. შემცირებულ მოთხოვნას კი, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის დონის კლება მოჰყვება. თუმცა მოთხოვნის კლება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს და აქედან გამომდინარე შემცირდა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ფასების სტაბილურობა ეკონომიკურ ზრდაზე მეტად პრიორიტეტული გახდა, რაც გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის სწორი მიდგომაა.

დიდი ეკონომიკის მქონე განვითარებად ქვეყნებს რაც შეეხება, ჩინეთის ეკონომიკა წელს 4.3%- ით გაიზრდება, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია რამდენიმე თვის წინ არსებულ პროგნოზზე. ინდოეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.6%-ს შეადგენს. თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.7%-ით გაიზრდება. ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკა 1.3%-ით გაიზრდება, აფრიკის ქვეყნების კი 3.6%-ით.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და პროგნოზი 2023 წლისთვის
წყარო: Global Economic Prospects, 2023, World Bank

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა და 2023 წელს 3.3%-ით შემცირდება. რუსეთის პროგნოზიც გაუარესდა. ივნისის პროგნოზით, 2023 წელს მისი ეკონომიკა 2%-ით უნდა შემცირებულიყო. რომ არა უკრაინის მიმართ აგრესია და მისი უარყოფითი შედეგები, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.4% იყო. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთმა თავისი ეკონომიკური მდგომარეობა პროპაგანდის ნაწილად აქცია და რეალურად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში ჩანს. კრემლმა უნდა აჩვენოს, რომ სანქციები მის ეკონომიკას მნიშვნელოვნად ვერ აზარალებს, რათა სანქციების მიმართ სკეპტიციზმი გააძლიეროს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს, რომ რუბლის კურსი სტაბილური იყოს და უმუშევრობა არ გაიზარდოს. ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში უმუშევრობა არ გაზრდილა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, ფორმალურად კი უხელფასო შვებულებებში გაუშვეს, რომ უმუშევრების რიცხვი არ გაზრდილიყო, ან ქვეყანა დატოვეს და ამიტომ არ აღირიცხებიან რუსეთის შიდა უმუშევრობაში. სხვადასხვა დაკვირვებით, ახლა რუსეთში უმუშევრობა 10%-მდეა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1990-იანი წლების შემდეგ. სავარაუდოდ, აყალბებენ ეკონომიკის კლებისა და ინფლაციის მაჩვენებლებსაც. „რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვით, 2022 წელს მოსახლეობის 35% იძულებული იყო, სურსათზე დანახარჯები შეემცირებინა, ხოლო საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას „კარგად“ მოსახლეობის მხოლოდ 23% ასახელებდა.

მსოფლიო ბანკი მოელის, რომ 2023 წელს ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 88 აშშ დოლარი იქნება, რაც 4 დოლარით ნაკლებია წინა პროგნოზზე. დანარჩენ ძირითად სამომხმარებლო საქონელზე კი ფასების 13.7%-ით ზრდას მოელის, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ წინა პროგნოზთან შედარებით 7.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ბოლო გამოკითხვებით, აშშ-სა და ევროკავშირში შემცირებულია ინფლაციის მოლოდინები, ანუ გამოკითხვები უჩვენებს, რომ მომავალში მოსახლეობა და ბიზნესი უფრო ნაკლებ ინფლაციას მოელის, ვიდრე წინა პერიოდში მოელოდა. ინფლაციის მოლოდინების შემცირება ფასების ზრდას ამცირებს, რადგან მოსახლეობა პანიკით და აჟიოტაჟით გამოწვეულ ხარჯვას ამცირებს და ფულის დაზოგვას ამჯობინებს. ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვნად გაიაფება აჩენს იმედს, რომ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მონეტარული პოლიტიკის შერბილებას (საპროცენტო განაკვეთების დაწევას) მოსალოდნელზე ადრე დაიწყებენ, რაც ინფლაციის დონის ზრდის გარეშე მოიტანს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ მიმართულებით მთავარი გაურკვევლობა ისევ რუსეთ-უკრაინის ომია, რადგან ზუსტად არავინ იცის, ეს ომი წელს დასრულდება, თუ პირიქით, მეტი ესკალაცია იქნება და მეტი ქვეყანა ჩაერთვება ომში პირდაპირ თუ ირიბად.

2023 წელს მსოფლიო ბანკი უკრაინის ეკონომიკის 3.3%-ით ზრდას პროგნოზირებს. 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 35%-ით შემცირდა.

2022 წლის ბოლოს ისევ COVID-19- მა შეგვახსენა თავი, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკმაოდ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დააწესეს. თუმცა 2022 წელი მაინც პოსტპანდემიური წელი იყო და ომის მიუხედავად, მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკები ძირითადად გაიზარდა. განსაკუთრებით სწრაფი აღდგენის ტემპი იყო საგარეო ვაჭრობასა და ტურიზმში.

საქართველოს მცირე ეკონომიკა აქვს, მაგრამ საკმაოდ გახსნილი და ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან. ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველო 192 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, რაც ზრდის მაღალი მაჩვენებელია. ეს ზრდა ნაკლებად უკავშირდება 2020 წელს პამდემიის გამო დაფიქსირებულ 6.8%-იან ვარდნას, რადგან 2021 წელს 10.5%-იანი ზრდა იყო, რამაც საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ნიშნულზე მაღლა დააბრუნა. 2022 წელს დაფიქსირებული ზრდა საგარეო ვაჭრობის 32%-ით ზრდამ, ტურიზმიდან შემოსავლების 3-ჯერ ზრდამ და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების 2-ჯერ ზრდამ განაპირობა. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც გაიზარდა 2-ჯერ, მაგრამ ინვესტიციებს ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი მყისიერი გავლენა არა აქვს, ის უფრო გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. 2020-2021 წლებში კი ინვესტიციები პანდემიის გამო შემცირდა.

გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექსპორტი 1.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა, იმპორტი 3.4 მილიარდით გაიზარდა და საბოლოოდ ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი 2.1 მილიარდი დოლარით გაუარესდა. გაზრდილი დეფიციტი ტურიზმიდან შემოსავლების 2 მილიარდით და ფულადი გზავნილების ასევე 2 მილიარდით ზრდამ გადაფარა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, უცხოური ვალუტის ასეთ მაღალ შემოდინებას ლარის გამყარება მოჰყვა შედეგად, რომელიც 2022 წელს 13%-ით გამყარდა.

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდა იმედის მომცემი და მდგრადი იქნებოდა, რომ არა ერთი აშკარა გარემოება – აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში შემოსულმა რუსმა ემიგრანტებმა შეიტანეს. 2020 წელს 2 მილიარდი დოლარით გაზრდილი ფულადი გზავნილებიდან 1.7 მილიარდი დოლარი რუსეთიდან გზავნილებზე მოდის, ხოლო ტურიზმიდან 2 მილიარდი დოლარით გაზრდილი შემოსავლიდან 700 მილიონი დოლარი რუსეთის მოქალაქეების წილია. აღნიშნული ორი წყაროს ჯამი 2.4 მილიარდი დოლარია და არ მოიცავს იმ თანხას, რაც რუსეთის მოქალაქეებმა ჯიბით, კრიპტოვალუტით ან სხვა გზით შემოიტანეს ან ბანკის მეშვეობით გადმორიცხეს ანგარიშიდან ანგარიშზე (რუსეთში მხოლოდ დიდი ბანკებია სანქცირებული). ამასთან ერთად, ომმა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაზარდა და ბევრი ტვირთი, რაც წინა წლებში საქართველოს გვერდს უვლიდა, ახლა საქართველოს გავლით გავიდა სხვადასხვა ქვეყანაში. ტრანზიტის ზრდამ კი საქართველოს შემოსავლები გაზარდა. 2022 წლის მარტ-დეკემბერში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 10 ათასზე მეტი ახალი კომპანია დაარეგისტრირეს, რომელთა 10%-იც რომ იყოს აქტიური, მაინც მაღალი მაჩვენებელია.

გარდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებთან და რუსეთთან დაკავშირებული შემოსავლებისა, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთომომპოვებელი მრეწველობის და ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდამ.

2023 წლისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4%-ით ზრდას პროგნოზირებს. 2022 წლის ივნისში გაკეთებული პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით უნდა გაზრდილიყო, ანუ ზრდის პროგნოზი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საქართველოზე მცირედით მეტი ზრდის პროგნოზი აქვს სომხეთს – 4.1%. 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა 14%-ით გაიზარდა. იქაც ზრდის მთავარი ფაქტორი რუსეთიდან ფულადი გზავნილები და რუსი ემიგრანტები იყო. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-ით ზრდას პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფაქტობრივი და პროგნოზირებული მაჩვენებლები
წყარო: საქსტატი და ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაიზარდოს. მთავრობის მიერ მომზადებული ალტერნატიული, ე.წ. ოპტიმისტური სცენარით, ეკონომიკა შესაძლოა, 6.3%-ით გაიზარდოს, ხოლო პესიმისტური სცენარი თუ განვითარდება, ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება.

2021-2022 წლებში დაფიქსირებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ 2023 წლის პროგნოზის 5%-მდე დაწევა (განახევრება), მიანიშნებს, რომ საჯარო პოპულისტური რიტორიკის მიღმა, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ 2022 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა ერთჯერადმა ფაქტორებმა განაპირობეს, მათ შორის, ყველაზე მეტად რუსეთიდან გაზრდილმა ფულადმა გზავნილებმა. წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები ან 2022 წლის დონეზე შენარჩუნდება, ან შემცირდება. შესაბამისად, მას ეკონომიკის ზრდაში დადებითი როლი აღარ ექნება. ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ არა 3-ჯერ, როგორც ეს 2022 წელს მოხდა. წელს ზრდა გაცილებით ნაკლები იქნება. საგარეო ვაჭრობის ზრდის 2022 წელს დაფიქსირებული ტემპიც (32%) რთული მისაღწევი იქნება.

ამჟამად არსებული 5%-იანი ეკონომიკის ზრდის პროგნოზი რეალური და მიღწევადია, მაგრამ ისევე, როგორც მსოფლიო ეკონომიკაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის საქართველო დამოკიდებული, საქართველოს ეკონომიკაშიც მაღალია მომავლის გაურკვევლობის დონე რუსეთ-უკრაინის ომის გამო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და რუსეთის ეკონომიკის სულ უფრო ღრმა კრიზისში შესვლის გამო, საქართველოს ეკონომიკაც დაზარალდება. ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის გამოსარჩევია ინფლაციის შემცირებადი დონე, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების და ამ გზით ეკონომიკის ზრდაზე ხელშეწყობის საშუალებას მისცემს. ასევე, ომი როგორც არ უნდა დასრულდეს, საქართველოს სატრანზიტო როლი გაზრდილი დარჩება, რამაც ტრანსპორტში, ლოგისტიკაში, ენერგეტიკასა და კომუნიკაციებში მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაწყება უნდა განაპირობოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *