რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური ამბები

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – მთავარი ეკონომიკური ამბები

მიმდინარე კვირას აშშ-ში სამომხმარებლო ფასების განახლებული ინდექსი (CPI) გახდება ცნობილი, რაც საკვებსა და ენერგორესურსებზე ფასების ცვლილებას უჩვენებს. აღნიშნული მაჩვენებელი პარასკევს გამოქვეყნდება. როგორც ელოდებიან, წინა თვესთან შედარებით ინდექსი  0.2%-ით იქნება გაზრდილი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.6%-ით.

ფედერალური სარეზერვო სამსახურისთვის, რომლის მიზანსაც ინფლაციის დონის შენარჩუნება წარმოადგენს, როგორც ჩანს ინფლაციის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გადაჭარბება სანერვიულო მაინც და მაინც არ არის, ვინაიდან უწყება ხელს უწყობს დაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას.

ეს ასევე კარგი ამბავია საფონდო ბირჟებისა და სხვა სექტორებისთვისაც, რომლებიც იაფი ფულით ბუნებრივია სარგებლობენ.

თავის მხრივ ბირჟებზე გრძელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ტრეიდერები 7 სექტემბერს აშშ-ში შრომის დღის შემდეგ დაუბრუნდებიან თავიანთ მაგიდებს. გასული კვირის ხუთშაბათს კი მკვეთრი გაყიდვების შემდეგ, სამმა მთავარმა ინდექსმა გარკვეული ზრდა განიცადა პარასკევს საღამოსთვის, თუმცა, ვაჭრობის პროცესი საკმაოდ მერყევია ჯერ კიდევ.

რაც შეეხება ევროპას, მიმდინარე კვირას დაგეგმილია ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრა. შეხვედრაზე ევროპელ მაღალჩინოსნებს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ექნებათ განსახილველი. შეგახსენებთ, აგვისტოში 2016 წლის შემდეგ პირველად ევროზონაში ინფლაცია ნეგატიური გახდა. დეფლაციის ტენდენცია ცენტრალური ბანკისთვის ერთგვარი „წითელი ალამია“, ვინაიდან ინფლაციის წლიური მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-მდე უნდა იყოს. ამიტომაც შესაძლოა, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯების შესახებაც განაცხადოს. ასევე მიმდინარე კვირის ბოლოს მოსალოდნელია ევროჯგუფის ტრადიციული შეხვედრაც.

გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსითთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას უნდა აღდგეს. მოლაპარეკებები ჩიხშია შესული ბრიტანეთის მოთხოვნების გამო, მათ შორის თევზაობის კვოტების შესახებ. ცნობისთვის, ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად მიმდინარე წლის 31 იანვარს დატოვა, მას შემდეგ კი მხარეებს უწევთ გარკვეული შეთანხმებების მიღწევა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სამომავლო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. ევროკავშირსა და ბრიტანეთს 2 ოქტომბრამდე აქვთ ვადა მიაღწიონ ახალ სავაჭრო შეთანხმებას.

პარალელურად, მიმდინარე კვირას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნებას ელოდებიან რიგ ქვეყნებში. მათ შორის ჩინეთში, სადაც ორშაბათს იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთიდან ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, რაც მათივე მოსაზრებით, ამ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის მთავარი მამოძრავებელი იქნება.

ექსპორტ-იმპორტის და სავაჭრო ბალანსის ივლისის თვის მაჩვენებლები გამოქვეყნდება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც. ამ ორ ქვეყანაში და კიდევ იტალიაში ელოდებიან ივლისის თვის ინდუსტრიული წარმოების ინდექსის გამოქვეყნებასაც.

მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს იაპონია, რუსეთი, ევროკავშირი მთლიანად და დიდი ბრიტანეთი.

გარდა ამისა, უმუშევრობის დონის აგვისტოს თვის განახლებული მაჩვენებელი გამოქვეყნდება შვეიცარიაში, ევროკავშირში კი მეორე კვარტლის დასაქმების მაჩვენებელი. კვირის ბოლოს კი აშშ-ში ფედერალური საბიუჯეტო ბალანსის შესახებ აგვისტოს მონაცემებს გაასაჯაროებენ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *