სიმდიდრის მენეჯმენტის ჯგუფ Wrise Group-ის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს 28,420 სენტიმილიონერი ჰყავს, რაც ჯამში გლობალური მოსახლეობის მხოლოდ 0.001%-ს შეადგენს. სენტიმილიონერები ის ადამიანები არიან, რომელთა ქონებაც $100 მილიონს აღემატება.
Wrise Wealth Management Singapore-ის აღმასრულებელი დირექტორის, კევინ ტენგის შეფასებით, მათი სიმდიდრის ზრდაში მნიშვნელოვან როლს მათ მიერ საცხოვრებლად შერჩეული ქალაქებიც თამაშობს. მათი უმეტესობა ნიუ-იორკში, ლონდონში, სან-ფრანცისკოში, ლონდონსა და პეკინში ცხოვრობს. ეს ქალაქები ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურით, სამეწარმეო ეკოსისტემითა და უძრავი ქონების მოგებიანი ბაზრებით გამოირჩევიან, რაც მათ ულტრამდიდრებისთვის მიმზიდველ ტერიტორიებად აქცევს.
როგორც Dandrew Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი სალვატორე ბუსკემი ამბობს, მსოფლიოს უმდიდესი ადამიანები სწრაფად გამდიდრებაზე ორიენტირებულნი სულაც არ არიან და შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, თუმცა მათთვის კრიპტოვალუტაც ნაკლებად მიმზიდველია. რასაც ისინი მუდმივად ეძებენ – ეს მათი სიმდიდრის შენარჩუნებაა.
ამ მხრივ უძრავი ქონება სენტიმილიონერებისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მათი პორტფოლიოს საკმაოდ დიდი წილი სწორედ უძრავ ქონებაზე მოდის, მათი უმეტესობა კი უპირატესობას A-კლასის ე.წ. „trophy asset“-ის კერძო საკუთრებებს და საინვესტიციო დონის აქტივებს ანიჭებს, რომლებიც მაქსიმუმ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაშია აშენებული.
Tiger 21-ის დამფუძნებლისა და თანათავმჯდომარის, მაიკლ სონენფელდტის განცხადებით, როგორც წესი, უძრავი ქონების ინვესტიციები სენტიმილიონერთა პორტფელის 27%-ს წარმოადგენს.
სენტიმილიონერებისთვის მიმზიდველობას არ კარგავს საოჯახო ოფისებიც, როგორც საინვესტიციო საშუალებები. ასობით მილიონიანი სიმდიდრის მქონე პირები, ძირითადად, მათ ქონებას ერთ კონკრეტულ საოჯახო ოფისს ანდობენ სამმართავად. ეს მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო გადასახადებს, ასევე საკრედიტო ბარათებს, საოჯახო ხარჯებსა და მემკვიდრეობასაც კი.
გასულ წელს, მსოფლიოში საოჯახო ოფისების რაოდენობამ 4,500-ს მიაღწია, რაც სამჯერაა გაზრდილი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. საოჯახო ოფისები კოლექტიურად, $6 ტრილიონის ღირებულების აქტივებს აკონტროლებენ.
სიმდიდრის დასაგროვებლად კიდევ ერთი გავრცელებული პრაქტიკა – ალტერნატიული ინვესტიციებია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ინვესტიციებს ხშირად ვხვდებით სხვადასხვა პროფესიონალურ სპორტულ გუნდში. „ეს არის ძალიან იზოლირებული ჯგუფი, რომელშიც მოხვედრა რთულია და მოითხოვს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ თქვენი ფულია“, – აცხადებს Dandrew Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე შეფასებით, ამ შემთხვევაშიც ექსკლუზიურობა უმნიშვნელოვანესია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები მათივე სტატუსის მქონე პირებთან ირჩევენ ურთიერთობას, სპორტულ გუნდში წილის ფლობა კი სტატუსის ლეგიტიმაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომაა.
Wrise-ის შეფასებით, მოსახლეობის უმდიდრესი 0.001% უპირატესობას ფიქსირებულ შემოსავალს, კერძო კრედიტებსა და ალტერნატიულ ინვესტიციებს ანიჭებს. მისივე თქმით, კერძო კრედიტების როლი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ინვესტორები შემოსავლის წყაროს სტანდარტული ბაზრების გარეთაც ეძებენ.