რომში, მე-18 საუკუნის ტრევის შადრევნის მოსანახულებლად მისულ ტურისტთა ერთგვარი ტრადიცია მის წყალში მონეტების გადაყრაა. შედეგად, ყოველწლიურად შადრევანში €1 მილიონზე მეტის თანხა გროვდება, თუმცა წყალში არ რჩება და სხვადასხვა მიზნით იხარჯება. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომში, სპეციალური ჯგუფი შადრევანში გადაყრილ მონეტებს აგროვებს, თანხა კი საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება.
1732-1762 წლებში აგებული ტრევის შადრევანი ნიკოლა სალვის მიერაა დაპროექტებული და იტალიის დედაქალაქის საკულტო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. შადრევანი სასახლის ფონზეა წარმოდგენილი, რაც მას ბევრად მასშტაბურ შესახედაობას აძლევს. ტრადიციისამებრ, ტურისტები ძეგლთან ზურგით დგანან და მარჯვენა ხელით წყალში მონეტებს ყრიან.
რიტუალი პოპულარული 1954 წელს გადაღებული ფილმის – „სამი მონეტა შადრევანში“ – შემდეგ გახდა. ლეგენდის თანახმად, მონეტის წყალში გადაგდება ნიშნავს, რომ ტურისტი იტალიის დედაქალაქში დაბრუნებას კვლავ მოახერხებს. ყოველდღიურად ტრევის შადრევანში მნახველები ჯამურად €3,000-ს ყრიდან, ყოველწლიურად კი ეს თანხა ზოგჯერ €1.5 მილიონსაც აღწევს.
მონეტების შესაგროვებლად ქალაქი წელიწადში რამდენჯერმე სპეციალურად შექმნილ ჯგუფს გზავნის. ისინი მონეტებს ჯერ ერთ ადგილას აგროვებენ, შემდეგ კი, შლანგის საშუალებით, წყლიდან იღებენ. შადრევნიდან მონეტების ამოღების პროცესს პოლიციელებიც აკვირდებიან.
ქალაქის მერის 2001 წლის დადგენილებით, ტრევის შადრევნიდან შეგროვებული თანხა ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი შადრევნიდან მონეტების მოპარვის მცდელობების შეჩერება იყო. ამის შემდგომ, თანხა ყოველწლიურად რომის კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ში იგზავნება.
შედეგად, ტრევის შადრევნიდან მიღებული თანხა უკვე წლებია, საქველმოქმედო ფონდისთვის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს და ახლა უკვე მისი ყოველწლიური ბიუჯეტის 15%-ს შეადგენს. ორგანიზაცია კი მიღებული თანხით უფასო სასადილოებსა და სუპერმარკეტებს, უსახლკაროთა თავშესაფრებს და სხვა პროექტებს ეხმარება.
ამასთან ერთად, თანხა რომის გარეუბანში მდებარე კომპლექსის მოვლაზეც იხარჯება. კომპლექსი მოხუცთა სახლს, სასადილოსა და სტომატოლოგიურ მომსახურებას აერთიანებს, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ქალაქის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.