ელექტროგუდასტვირი! გიჟურად ჟღერს? ასევე ეუბნებოდნენ კახა კუჭავას, როდესაც იგი თავის სამთამადნო გეგმას ამჟღავნებდა. საბოლოოდ მისმა Caucasus Minerals-მა 1,000,000 ლარით გაიკვალა გზა საბადოსკენ, სადაც 500,000,000 ლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მეტალოიდი ანტიმონიუმია დამარხული.
საათი 5:30-ს უჩვენებს. დილის. მაღვიძარამ ძილს ვერაფერი დააკლო, მაგრამ სატელეფონო ზარი სიზმრებს მიფრთხობს. თითქმის მძინარე, ავტოპილოტის რეჟიმში ვეშვები ფეხით ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე. ამ დროის ქალაქს ისე ვხვდები, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს. როგორი ნაცნობია და ამავდროულად სრულიად უცხო. ოპერასთან SUV-ს ვამჩნევ. მასთან მდგომი ადამიანების სახის გარჩევას აღარ ვცდილობ, სხვა ცოცხალი არაფერია გარშემო, ანუ სწორად მივდივარ. ერთ-ერთი მათგანი ზედმეტად ცოცხალია. იგი საჭესთან ჯდება და საგულდაგულოდ არჩევს გზად წასამძღვარებელ მუსიკალურ მენიუს. “მარტო რომ ვიყო, ვიმღერებდი”,– მხიარულად ამბობს ის. ორიოდ საათით კახა კუჭავას გადამდები ენერგია ითავსებს კოფეინის როლს. მერე, სადღაც ზესტაფონთან, მეძინება. ონში ისევ ვიღვიძებ. მანქანას ვიცვლით. ონიდან ღებამდე უნდა ვიაროთ, ღებიდან კი კიდევ 17 კილომეტრი ზევით, ზოფხითომდე, ოფროუდზე. 1600 მეტრზე ზღვის დონიდან. ამ მონაკვეთის გავლას საათზე მეტს ვანდომებთ. არ ვიცი, რა არ მაძინებს, პეიზაჟის სილამაზე, თუ მანქანის ხტომა ჯიხვივით. გზად ჯერ მეტრ-ნახევარი სიმაღლის “სახლები” გვხვდება, რომლებიც ჰობიტის საცხოვრებლებს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანისას, შემდეგ – ღებელები. 36 წლის კახა კუჭავას ყველა შორიდან ცნობს. აქაური მკაცრი კლიმატი მხრებში ჩამჯდარი, ტანმაგარი ადამიანების ბუნებაზეც ასახულია. ღმერთმა არ ქნას, რომელიმეს თვალში არ მოუხვიდე. მერე გინდა ანტრეპრენიორი იყავი, გინდა მანჯურიის იმპერატორი. უბრალონი და უმოწყალოები იქნებიან, როგორც მეწყერი. თუმცა კახა კუჭავას მიმართ ყველა შემხვედრი იშვიათ სითბოს ასხივებს. ვინც მთაში ყოფილა, იცის, აქ სითბო ნაჩუქარი არ არის. ცოტაა, მაგრამ კანონზომიერი. ამიტომ განსაკუთრებულად ფასობს.
ამსიშორეზე ჩემი სტუმრობის მიზეზი დმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მე-15 ჯგუფის ქიმიური ელემენტია, 51-ე ატომური ნომრით – ანტიმონიუმი, იგივე სტიბიუმი, იგივე სურმა. გეოლოგები ნუ მიწყენთ, მაგრამ უფრო ზუსტი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ნამდვილი მიზეზი კახა კუჭავას სიჯიუტე და მიზანდასახულობაა. გეოლოგიისგან შორს მყოფი პროფესიის, კორპორაციული სამართლის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა სპეციალისტმა დაინახა შანსი და გაჩარხა საქმე, რომელიც მის კომპანიას, Caucasus Minerals-ს, პოტენციურად 30,000 ტონა ანტიმონიუმს მოაპოვებინებს. დღეს ერთი ტონა ანტიმონიუმი $8,000 ღირს. მაგრამ პროგნოზებით ათ წელიწადში ფასი ორჯერ გაიზრდება. გამოდის, დასახელებული ოდენობის საბაზრო ფასი მინიმუმ $240 მილიონია. ბუნებრივია, კუჭავას სამთამადნო საქმიანობას საბაზრო ფასის ეკვივალენტური შემოსავალი არ ექნება, მით უმეტეს, რომ იგი, დიდი ალბათობით, მადანს გაყიდის (სავარაუდო ფასი $5,500-6,000 ერთ ტონაზე) და არა წმინდა ნივთიერებას – მოგებას კი შემოსავლისგან, მოგეხსენებათ, კაპიტალური და საოპერაციო ხარჯები აშორებს – მაგრამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის, სადაც, 2013 წლის მონაცემებით, მრეწველობაში პროდუქციის გამოშვება 6,800,000 ლარს არ აღემატება, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე რიგითი ბიზნესი – ბიზნესი, რომლის იდეასაც “გიჟურად” მიიჩნევდნენ. ბიზნესი, რომელიც უცხოელი ინვესტორისგან მოზიდული 1,000,000-ითა და რამდენიმე კარვით დაიწყო.
გზა, რომელსაც ვადგავართ, Caucasus Minerals-ის გაყვანილია. ამ 18 კილომეტრის უდიდეს ნაწილს სოფლის მოსახლეობა იყენებს, ბოლო 6 კილომეტრს კი – მეტწილად კომპანია. მისი გაკეთებულია რიონის ხიდიც, რომლის აშენებამდეც, ძლიერი დინების გამო, მდინარის გადაკვეთა შეუძლებელი იყო. რიონის შემდეგ კიდევ ერთი ხიდია მდინარე ზოფხითურაზე. “ხის საფარველმა შეცდომაში არ შეგიყვანოს, ქვეშ ქვა და რკინაა. 4-ტონიან მანქანებს უძლებს”, – მეუბნება Caucasus Minerals-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი. ეს ხიდიც მისი ნახელავია და აქვს კიდეც მიზეზი, იამაყოს, თუმცა თავისი თანამშრომლებით გაცილებით ამაყია. უკვე ჩამოქვეითებულები, ბაზამდე მივიკვლევთ გზას და ვისმენ ისტორიებს პატიოსან მამუკაზე, ნიჭიერ ლებოზე და კიკბოქსინგის ღებელ ჩემპიონზე, რომელიც კახას სიტყვებით “ქოლ მი” ემშვიდობება და მერე თვითონ იცინის საკუთარ ნათქვამზე.
ბაზაზე 22-მდე ადამიანის დასაბინავებელი კოტეჯებია. 2012 წლიდან Caucasus Minerals-ისთვის 30-მდე ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი ადგილობრივია, გარდა თბილისის ოფისის პერსონალისა. “აქ ჯერ პატარა კარვებით ამოვედით, შემდეგ წელს – სამხედრო კარვებით, ახლა კი უკვე კოტეჯებია”, – ხელებით მიხატავს ჩვენს წინ გადაშლილ რელიეფზე ყოველწლიურ პროგრესს კახა კუჭავა. კომპანიას 30-წლიანი ლიცენზია აქვს ანტიმონიუმის მოპოვებაზე, რომლის პირველი ხუთი წელი მოკვლევას უნდა დაეთმოს. შემდეგ წელს უკვე სატესტო წარმოება დაიწყება და თანამშრომელთა რიცხვი 70-მდე გაიზრდება, ხოლო სრული მასშტაბით მუშაობის დაწყებისას 300 ადამიანამდეც ავლენ. კოტეჯებიც სოკოებივით გამრავლდება. ერთ დროს ხალხმრავალ ღებში (რასაც სკოლის გიგანტური შენობა მოწმობს) ახლა სულ 350 ოჯახი ცხოვრობს. ათობით წელზე განაწილებული სამუშაო გეგმა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონისთვის ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, თუ მაღაროელების ხელფასი 1200 ლარს აღწევს.
გზას ვაგრძელებთ. ბაზიდან ერთ კილომეტრში უკვე ანტიმონიუმის საბადოა. მოვიქანცე, მაგრამ საბადომდე კიდევ 40 წუთის სავალია დარჩენილი, რომელიც ფეხით უნდა გავიაროთ. “რამდენ ხანში ერთხელ გიწევს თბილისიდან აქამდე სიარული?” – ვეკითხები “ყოველკვარტალური” პასუხისთვის განწყობილი. “ხანდახან კვირაში სამჯერაც, უამრავი საქმეა”, – მეუბნება კახა კუჭავა და ენერგიული ნაბიჯებით აგრძელებს სვლას ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარე საბადოს მიმართულებით, რომლის იქითაც უკვე რუსეთია. გასაგები ხდება – იმ მეთაურთაგანია, რომლებიც დაქვემდებარებულებს თავად მიუძღვიან “ფრონტის ხაზზე”. ალბათ სწორედ ამით განსხვავდება ლიდერი უფროსისგან. ღებელებს მოსწონთ თავიანთი საქმის ლიდერი. აბა, აქ უფროსობა ვის გაუვა. მთა უბატონოა.
კახა კუჭავას სამუშაო ბიოგრაფია მისი მანქანის პლეილისტზე მეტად დატვირთულია. 2001 წელს იურიდიული ფაკულტეტის დამთავრებამდე, ჯერ კიდევ მეხუთე კურსზე მყოფი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში ირიცხებოდა. შემდეგ იყო კერძო იურიდიული პრაქტიკა. შემდეგ – სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში. პერიოდულად წითელ ჯვარშიც მუშაობდა. შემდეგ GEPLAC-ი – საკანონმდებლო რეფორმები ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით, შემდეგ პირველ სამსახურში შეძენილ მეგობარსა და ახლანდელ პარტნიორს, რეზო ბერიძეს შიდა რეორგანიზაციაში დაეხმარა, როცა ეს უკანასკნელი საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ დანიშნეს და 7 თვით ბათუმში გადაბარგდა. შემდეგ USAID-ი. “აქ ყველაზე ძლიერი ბოსი მყავდა, ამერიკელი, გვარად მაკგილი. სრულ თავისუფლებას გვაძლევდა და გვთხოვდა, ფანტაზია გამოგვეჩინა”, – მეუბნება იგი. ფრთაგაშლილ ფანტაზიას წვლილი მიუძღვის საჯარო რეესტრის რეფორმაში, საგადასახადო ბაზის პირდაპირ რეესტრთან მიერთებასა და ბიუროკრატიის შემსუბუქებაში. შემდეგ International Finance Corporation-ში ამოყო თავი ზუსტად მისი განხრით და კორპორაციული მართვის სპეციალისტი გახდა. “სხვა ცხოვრება დაიწყო. IFC-ი ისეთი ორგანიზაციაა, ძალიან ბევრს ხარჯავს შენზე, რომ უფრო მაგარი გახდე”, – ამბობს კახა კუჭავა. უფრო მაგრად გახდომა არ გასჭირვებია და უკვე წელიწად-ნახევარში პასუხს აგებდა ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აღმოსავლეთ აზიამდე გადაჭიმულ რეგიონზე: ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან – მონღოლეთამდე. “სულ ჰაერში ვიყავი”, – მხიარულად იხსენებს იგი. 2007-2010 წლები IFC-ში დაჰყო, შემდეგ კი: “სულ მქონდა ამბიცია, რაღაც ჩემი შემექმნა. მინდოდა, მთელი ცხოვრება კარგი ორგანიზაციის იურისტად არ დავრჩენილიყავი, რომელიც საბოლოოდ ვაშინგტონში მოხვდება”. ასე შეიქმნა კომპანია “ერისთავი და პარტნიორები”, დავით ერისთავთან და რეზო ბერიძესთან ერთად.
საკუთარ საქმეშიც გასაოცარი ალღო გამოიჩინა პარტნიორების მხარდამხარ. იურიდიული კომპანია თავიდანვე ბიზნესზე ორიენტირებული გახდა. 2009 წლის მძვინვარე კრიზისში პარტნიორებმა გაფართოებისთვის ძალიან ინოვატორულ გადაწყვეტილებას მიაგნეს. ისინი გაკოტრების პირას მყოფ კომპანიებს მომსახურების საფასურის სანაცვლოდ წილის გაღებას სთავაზობდნენ და სწორი მენეჯმენტით ფეხზე აყენებდნენ. შედეგად ხელში რჩებოდათ წარმატებული ბიზნესის ძვირად ღირებული აქტივები, კარგი ურთიერთობა ბანკებთან, რომელთაც არასოდეს უცრუებდნენ მოლოდინს და, რიგ შემთხვევაში, თუ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი კომპანია სახელმწიფო შეკვეთას ასრულებდა, გულითადი მადლობა დედასამშობლოსგან. ორიოდე ასეთი წარმატებული პროექტის შედეგია 130-ოთახიანი აპარტ-ოტელის 9-სართულიანი შენობა გუდაურში, პირველი ტრასის ქვემოთ, რომელიც სადაცაა, გაიხსნება.
ინოვატორული იყო, საათობრივის ნაცვლად, ყოველთვიური ანაზღაურების პრაქტიკის დანერგვაც. ამან “ერისთავი და პარტნიორებს” საშუალება მისცა, წინასწარ დაეგეგმათ ბიუჯეტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამშრომლების რაოდენობით ყველაზე დიდი იურიდიული კომპანიაც იყვნენ.
კომპანია თავიდანვე მეტი დივერსიფიკაციისკენ ისწრაფოდა. სწორედ მაშინ გაახსენდა კახა კუჭავას საბადო, რომლითაც 10 წლის წინ “მადნეულში” მომუშავე მისი ერთ-ერთი ავსტრალიელი კლიენტი იყო დაინტერესებული. 2004 წელს ავსტრალიელები “მადნეულიდან” გავიდნენ და ზოფხითოც უყურადღებოდ დარჩა.
“2010 წელს მოვიკითხე და აღმოჩნდა, საბადო ისევ თავისუფალი იყო. მანამდე ორმა კომპანიამ ვერ აამუშავა და ჩამოართვეს. 2005 წლის კანონის მიხედვით, მოკვლევის ვადა 5 წელია. ვინაიდან კომპანიას სერიოზული სამუშაოები არ ჰქონდა ჩატარებული, საბადო კვლავ ბაზარზე აღმოჩნდა”, – იხსენებს კახა კუჭავა. ამ დროს გადაწყვიტა სამთამადნო ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი და გეოლოგიის შესწავლა დაიწყო. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა ალმაცერად დაუწყებდნენ ყურებას წარმატებულ იურისტს, რომელმაც თავი გეოლოგიისთვის, კვირაში 32-საათიანი გზისა და იმ ბიზნესისთვის გადადო, რომელიც 1930 წლიდან ვერავინ ააწყო. პარტნიორებიც ხაზს უსვამდნენ იდეის “სიგიჟეს”, მაგრამ ბოლოს მაინც ენდნენ მეგობარს. “ერისთავი და პარტნიორების” სამშენებლო მიმართულება დათო ერისთავმა გადაიბარა, რეზო ბერიძე იურიდიულ ფირმაზე კონცენტრირდა, კახა კუჭავამ ალპური ზონის ველურ ბუნებაში ამოყო თავი.
უცხო სტიქიის პირისპირ აღმოჩენილი არ დაბნეულა. ჩვეული გულმოდგინებით მოაწესრიგა დოკუმენტები, ინფორმაცია რამდენიმე ორგანიზაციას გააცნო და პასუხმაც არ დაახანა. მარტინ ჩერჩჰაუსმა იგი ლონდონში დაპატიჟა პროექტის განსახილველად. შეხვედრა სულ 15 წუთს გაგრძელდა. ზუსტად ამდენი დასჭირდა კახა კუჭავას, რომ მომავალი პარტნიორი დაერწმუნებინა, მისთვის მილიონი მიეცა. ჟამთაღმწერლებისთვის უცნობია, ასეთი რა ჩაატარა მან ლონდონში, მაგრამ გამაოგნებელი რამ მოხდა. ჯერ კონტრაქტზეც კი არ ჰქონდათ ხელი მოწერილი, რომ მის ანგარიშზე 1,000,000 ლარი დაჯდა. ნდობის სანიმუშოდ ამაზე კარგი მაგალითი იშვიათია. 990,000 მაშინვე წინასწარი გადახდისთვის გადარიცხა, რათა აუქციონში მონაწილეობის მიღება შესძლებოდათ და მოიგეს კიდეც. “ახლა რომ ვუფიქრდები, შესაძლოა ავანტიურისტული დასაწყისიც ყოფილიყო, – ამბობს კახა კუჭავა. – სულ ტყუილად ვნერვიულობდი. ისეთი ვალდებულებები იყო, რომ ბევრი კომპანია, უბრალოდ, შეშინდა”.
აღმოჩნდა, საბჭოთა გეოლოგებს საბადო ისე კარგად ჰქონდა ნაკვლევი, რომ Wardell Armstrong-ის მონაცემებს თითქმის ერთი-ერთში დაემთხვა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 1930 – 1980 წლებში ჩატარებული სამუშაოების დღევანდელი საფასური $45-დან $60 მილიონამდე იქნებოდა. 27 კილომეტრის სიგრძის გვირაბები, კვლევითი მასალის 8 ტომი, რომელიც ჯამში 3,000 გვერდზე მეტს მოიცავდა, 11,000-ზე მეტი აღებული ნიმუში, დეტალური ტოპოლოგიური რუკები – ეს ის ისტორიული აქტივებია, რომლებიც საბადოს თან დაჰყვა. კვლევების JORC-ის სტანდარტზე გადაყვანამ და დამოუკიდებელ ექსპერტიზასთან შეზავებამ მიმზიდველი სურათი წარმოაჩინა: 60 ძარღვიდან მხოლოდ 17-ია შესწავლილი და, Kernow Geological Consulting-ის 2012 წლის დასკვნის მიხედვით, შესაძლოა ზოფხითოს დეპოზიტი 125,000 ტონა ანტიმონიუმს აჭარბებდეს. ამ მასშტაბის გასააზრებლად, დროულია, ხსენებულ მეტალოიდზე და მის მსოფლიო მარაგებზე მოგითხროთ.
დაივიწყეთ ოქრო! ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო გადაღეჭილი მეინსტრიმია. სამთამადნო ანდერგრაუნდის ამომავალ ვარსკვლავს ანტიმონიუმი ჰქვია. რაჭველები შესაძლოა არ არიან ყველაზე სწრაფები მსოფლიოში, მაგრამ ზოფხითოში არსებული ანტიმონიუმის მარაგით, რომლისთვისაც ოქრო უბრალოდ თანმხლები პროდუქტია, საქართველოს ადგილს მსოფლიოს ქვეყნების წამყვან ხუთეულში უსაკუთრებენ.
ეს მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო მადანი ნელ-ნელა უფრო მკაფიოდ ელვარებს ინვესტორთა რადარებზე მისი მარაგების დეფიციტურობის გამო. USGS-ის ვარაუდით, მსოფლიოში ამ ნივთიერების მხოლოდ 1.83-მილიონტონიანი რეზერვია შემორჩენილი. აქედან ლომის წილი – ნახევარზე მეტი – ჩინეთზე მოდის: დაახლოებით 950,000 ტონა. შემდეგ არის რუსეთი 350,000-ით, ბოლივია 310,000-ით, ტაჯიკეთი 50,000-ით და სამხრეთი აფრიკა 21,000-ით. 60-დან 17 შესწავლილ ძარღვში აღმოჩენილი 30,000 ტონით საქართველო უკვე უსწრებს სამხრეთ აფრიკას. “დანარჩენს დამატებითი კვლევა სჭირდება და ამისთვის კანონით დადგენილი მთელი 5 წელი გვაქვს, სანამ წარმოებას დავიწყებდეთ”, – მეუბნება კახა კუჭავა.
თუმცა ჩინეთზეც არ ითქმის, რომ თავი ქუდში აქვთ. მათი წარმოება მცირდება და ეს საზღვარგარეთული კომპანიებისა და არაჩინელი ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობას აჩენს. ჩინეთში ანტიმონიუმის მარაგის 17% პატარა, არალეგალური, გარემოს დამაბინძურებელი მაღაროებიდან მოდის, რომელთაც ჩინეთის სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა. შედეგად, მცირდება გლობალურ ბაზარზე ჩინური ანტიმონიუმის ექსპორტიც. აკრძალვებთან ერთად, სახელმწიფო სხვა მხრივადაც ამცირებს ჩინური ანტიმონიუმის წილს მსოფლიო ბაზარზე. სახალხო რესპუბლიკა ადგილობრივ მარაგს საკუთარი ინდუსტრიალიზაციის საკვებად ინახავს. მარაგი კი წლიდან წლამდე იწურება.
ამის შედეგია, რომ ანტიმონიუმი 2002 წლიდან მოყოლებული რამდენიმეჯერ გაძვირდა, რამაც მისი მოპოვება საქართველოში მოგებიანი გახადა. 21-ე საუკუნის დასაწყისში ერთი ტონის საბაზრო ფასი $2,000 დოლარი იყო, 2011 წლისთვის კი უკვე $15,000-ს აღწევდა. მართალია, ამის შემდეგ ფასი თითქმის განახევრდა, მაგრამ, ექსპერტთა გათვლებით, სამომავლოდ ფასი წელიწადში 5%-ით მოიმატებს და 2020 წლისთვის $20,000-ს მიაღწევს – სწორედ იმ დროს, როდესაც კახა კუჭავა სრულმასშტაბიან წარმოებაზე გადავა.
Caucasus Minerals-ის დირექტორი არ აძლევს საშუალებას ოცნებებს, მისი სკეპტიციზმი ალაგმონ. იგი მყარად დგას მადნით მდიდარ მიწაზე. “ფასი შეიძლება დავარდეს. შეიძლება შემცვლელი ნივთიერება იპოვონ, რაც ფასს შეამცირებს, ან რაღაც საბადო აღმოაჩინონ, რითაც მარაგი გაიზრდება”, – ამბობს იგი.
როდესაც Caucasus Minerals-ისთვის ამ შესაძლო საფრთხეზე მასალის მოძიება ვცადე, რაჭისთვის მეტად ოპტიმისტურ მოლოდინებს გადავაწყდი. “ვფიქრობ, ანტიმონიუმი გაძვირდება”, – ამბობს კრის ეკლსტონი, Hallgarten & Company-ის მთავარი ანალიტიკოსი და მის დასაბუთებულ ვარაუდს ოფიციალური ანგარიშებიც იმეორებენ: ეს მეტალოიდი, 2011 წლის ანგარიშში, ევროკავშირისთვის კრიტიკულ ნედლ მასალად დასახელდა. Roskill-ის ანგარიშის მიხედვით, უახლოეს წლებში ჩინეთში წარმოება არ გაიზრდება, USGS-ის სტატისტიკით, ამჟამად არსებული რესურსები 13 წელიწადში გამოილევა (თუმცა ახალი მარაგების აღმოჩენაც მოსალოდნელია), ხოლო British Geological Survey-მ ანტიმონიუმი სარისკო სიაში შეიყვანა. ამ სიაში შედის შემცირებადი მარაგის ქიმიური ელემენტები, ან ელემენტთა ჯგუფები, რომლებიც თანამედროვე ბრიტანული ეკონომიკისა და ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
ნივთიერების გამოყენების დიაპაზონი წვრილად მიზნობრივი, მაგრამ ფართოდ გავრცელებულია – 60% ცეცხლმაქრობს ხმარდება, 20% კი სხვადასხვა შენადნობს აკუმულატორების თუ ეკრანების დასამზადებლად. ახლახან დაიწყო მისი გამოყენება მეხსიერების ჩიპებში, რომლებიც ინფორმაციის მიმოცვლის სისწრაფეს დრამატულად ზრდიან. მოკლედ, ნივთიერებას, რომელსაც შემცვლელი არა აქვს, თანამედროვე სამომხმარებლო პროდუქტების ეკონომიკაში ფესვი მყარად აქვს გადგმული. და ხანძარიც მანამდე იარსებებს, სანამ კაცობრიობის სანთელი არ ჩაქრება. ამ ფონზე, მარაგების შემცირების ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება პროდუქტის გაძვირებაა.
Caucasus Minerals-ს არსად ეჩქარება. როდესაც სამთო სექტორში კრიზისი დაიწყო, პარტნიორებმა ინგლისელებისგან 50%-იანი წილი უკან გამოისყიდეს. ცოტა ხანში პროექტით დაინტერესდა ბანკირი ნიკოლოზ ენუქიძე და კომპანიის 27% შეიძინა. 70% ისევ კახა კუჭავას, რეზო ბერიძისა და დავით ერისთავის ხელში რჩება. კიდევ სამ ადამიანს 1%-ის მიდამოს მინორიტარული წილები ეკუთვნის. “გადავწყვიტეთ, ბოლომდე ქართულ პროექტად დარჩენილიყო, – მიმჟღავნებს კახა კუჭავა. – ასეთ პროექტებთან მიმართებით პატრიოტიზმი საჭიროა. ასეა თუ ისე, ჩვენ უფრო შეგვტკივა გული ქართულ სოფელზე, ვიდრე უცხოელს”.
ალბათ ამითაა მოტივირებული კომპანიის გადაწყვეტილება, მადნის გადასამუშავებლად ქარხანა არ ააშენოს, რომელიც გარემოს აუცილებლად დააბინძურებდა, და ხელით გადარჩევის შედარებით ძვირად ღირებულ მეთოდს მიმართოს. შედეგად Caucasus Minerals-ი 50-55% შემცველობის მადანს გაყიდის, რომელსაც, სავარაუდოდ, წელიწადში 4,000 ტონის ფარგლებში აწარმოებს. ამგვარად იგი მეტ ადამიანს დაასაქმებს. გაყიდული მადანი სხვაგან გადამუშავდება.
2012 წელს ლიცენზიის აღებიდან, წელიწადში დაახლოებით $1,000,000-მდე იხარჯებოდა. მომავალ წელს სატესტო წარმოება იწყება და ხარჯი ალბათ $1,500,000-მდე გაიზრდება. ხოლო მოკვლევის დარჩენილ პერიოდს ამჟამინდელი გათვლებით $4,000,000 მოხმარდება, თუმცა ეს თანხა შეიძლება $15,000,000-მდეც გაიზარდოს. “მეტი იმ შემთხვევაში დაიხარჯება, თუ შედეგები წამოვიდა. ნეტავ შედეგები წამოვიდეს”, – მეუბნება კახა კუჭავა. სატესტო წარმოება მადნის ერთი წერტილიდან მოპოვებას გულისხმოს, რათა შეფასდეს, რას შეიძლება ელოდნენ მასშტაბებზე გასვლის შემდეგ. მადანში ამოღების პროცენტის დადგენასთან ერთად, დაზუსტდება ფინანსური მოდელიც. კომპანიას ეცოდინება, რა დანადგარები სჭირდება, რა ხარჯები ექნება, რა ვადებში ჩაეტევიან, უსაფრთხოების რა ზომები იქნება დასაცავი და რა მეთოდოლოგიით მოხდება მოპოვება. ვინაიდან მადანში ანტიმონიუმის მაღალი შემცველობაა, იზრდება ალბათობა, რომ ტექნოლოგიური პროცესი იოლი იქნება და ქარხნის აშენება საჭირო არ გახდება.
მოკვლევის შემდეგ ისიც ეცოდინებათ, რა ჯდება თანამდევი პროდუქტის, ოქროს მოპოვება. ცალკეული შემცველობა სინჯებში მაღალია, ტონაზე 11 გრამი მოდის. “დასათვლელია, რამდენად ღირს ოქროზე აქცენტის გაკეთება, რამდენად დაფარავს მისი მოპოვების ხარჯს, – მეუბნება კახა კუჭავა. – ანტიმონიუმის მწარმოებლისთვის ოქრო ზედმეტი ტვირთია. თუმცა შემცველობა საინტერესოა. ამოღების პროცენტი საკმაოდ მაღალია. 80%-ზე ზევით კარგად ითვლება, ჩვენ კი 94% გვაქვს”.
სატესტო წარმოებამდე ძნელი სათქმელია, რას უქადის რაჭულ ანტიმონიუმს მომავალი, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი კარგ ხელშია. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა სანიმუშოა როგორც ეკოლოგიური, ისე შრომითი ურთიერთობების მიმართულებით. მუშახელი ექსკლუზიურად ადგილობრივია. კომპანია მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტს მოიხმარს, ბენზინსაც კი ონში ყიდულობს. ეს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე თბილისში შეძენა და ტრანსპორტირება, მაგრამ ასეა საჭირო.
ამოქმედებიდან სამ წელიწადში, Caucasus Minerals-ი მეორე კომპანია გახდა საქართველოში, რომელსაც საბადოს 3D მოდელი აქვს შექმნილი. და, როგორც ჩანს, იგი პირველი კომპანია იქნება, რომელიც ე.წ. “გრინ-ფილდის” დონიდან წარმოებაზე გავა. “მე მიყვარს სირთულეები. სირთულეები იმისთვისაა, რომ გადალახო. თუ რამეს დავიწყებ, ვიცი, ბოლომდე მივიყვან. ამ პროექტზეც ასე ვთქვი. პირველი საბადო ვიქნებით საქართველოში, ვინც ნულიდან დაწყებულ პროექტს წარმოებაზე გაიყვანს. ეს ქვეყნისთვის საამაყო პროექტი იქნება. საამაყო იქნება ისიც, რომ ჩვენ ამას JORC-ის სტანდარტით შევძლებთ”.
დატოვე კომენტარი