მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ერთი ბარელი (159 ლიტრი) ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 76 აშშ დოლარი იყო. შემდეგ ნავთობმა სწრაფი გაიაფება დაიწყო და 26 ნოემბრისთვის ერთი ბარელის ფასმა 50.4 აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, ნავთობი 34%-ით გაიაფდა და 2017 წლის ზაფხულის ფასებს დაუბრუნდა. ასეთი სწრაფი ტემპით ნავთობი 2014 წლის შემდეგ აღარ გაიაფებულა.
2016 წლის მეორე ნახევრიდან ნავთობის მსოფლიო ფასმა ზრდა დაიწყო და პიკს (76 აშშ დოლარი) დაახლოებით ორი თვის წინ მიაღწია. საინტერესოა, რა მოხდა შემდეგ? რა იყო 34%-იანი გაიაფების მიზეზები?
რთულია, გამოყო, ფასების შემცირების რომელი მიზეზია უფრო მნიშვნელოვანი, რადგან ფასები წინმსწრებად ყალიბდება. მაგალითად, თუ დამაჯერებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ადგილი ექნება ისეთ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მოვლენას, რაც ნავთობის ფასის შემცირებას გამოიწვევს, ნავთობის ბაზარი ამ კონკრეტული მოვლენის თარიღს არ ელოდება და ინფორმაციის გავრცელებისთანავე ნავთობის ფასი კლებას იწყებს. ნავთობის ბაზრის ასეთ მუშაობას ნავთობის ბირჟა განაპირობებს, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ტონა ბარელზე იდება გარიგებები, მათ შორის სპეკულაციური გარიგებები, რომელთა ერთადერთი მიზანი ნავთობის ფასის ცვლილებიდან მოგების ნახვაა.
ბოლო პერიოდის ფასის კლების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტის დაპირება მიიჩნევა, რომ ნავთობის ფასები მაღალია და ის მომავალში უნდა შემცირდეს. დონალდ ტრამპმა ეს დაპირება უკვე რამდენიმეჯერ დაწერა ტვიტერზე. ამ დაპირებას მხარდამჭერი ფაქტებიც ახლავს, ნოემბრის ბოლოს აშშ-ში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ რეკორდულ ნიშნულს – დღეში 11.6 მლნ ბარელს მიაღწია და არის რეალური წინაპირობები, რომ 2019 წელს 12 მლნ ბარელს გადასცდება.
გარდა იმისა, რომ დღეს აშშ ნავთობის მოპოვებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და მის მიერ მოცულობების ცვლილებას მსოფლიო ფასზე გავლენის მოხდენა შეუძლია, აშშ-სთვის ნავთობის მსოფლიო ფასი პოლიტიკური ბერკეტია რუსეთისა და არაბული ქვეყნების წინააღმდეგ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნავთობის ფასი (რაც ძირითადად მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის მოცულობიდან და მასზე მოთხოვნიდან გამომდინარეობს) გარკვეული პოლიტიკური გარიგებების ნაწილია. დიდი ალბათობით, ასეთ შემთხვევასთან გვაქვს დღეს საქმე.
ნავთობის ფასზე უდიდეს გავლენას ახდენს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) და რუსეთის გადაწყვეტილებები, რადგან ისინი ძირითადად შეთანხმებულად მოქმედებენ. როდესაც ნავთობის ფასი კლებულობს, ნავთობის მიწოდების რაოდენობას ამცირებენ, ფასში ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ და ნავთობი ძვირდება. სწორედ ეს შედეგი უნდა მოჰყვეს ახლა ნავთობის ფასის კლების ტენდენციას, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო, გაჩნდა რეალური მოლოდინი, რომ ოპეკი ნავთობის მიწოდებას არ შეამცირებს. ეს გარკვეული მიზეზი საუდის არაბეთის (აშშ-ის მერე ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის) ჩიხში შეყვანაა.
ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ თურქეთში ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, ჯამალ ხაშოგი მისი ქვეყნის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. ამას შედეგად დასავლეთის ქვეყნებიდან საუდის არაბეთზე სანქციების დაწესება უნდა მოჰყვეს, რაც ნავთობს გააძვირებს. თუმცა, უფრო დამაჯერებელი გახდა მოლოდინი, რომ აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ სანქციებს ნავთობის დაბალ ფასში გაცვლის, ანუ აიძულებს საუდის არაბეთს, ნავთობის მოპოვება არ შეამციროს და დაბალ ფასში გაყიდვა განაგრძოს. ესეც, თავის მხრივ, სანქციაა და არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთის მმართველები საკუთარი დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად ამ დათმობაზე წავიდნენ.
ნავთობის ფასის მატება უნდა გამოეწვია აშშ-ის მხრიდან ირანზე სანქციების განახლებას, თუმცა ცნობილი გახდა, რომ სანქციები ირანული ნავთობის ექსპორტზე თანდათანობით აისახება და ასევე, ევროპის ქვეყნები არ შეუერთდნენ სანქციებს. მეტიც, განაცხადეს, რომ ირანული ნავთობის გაყიდვას გაზრდიან.
ნავთობზე ფასის კლების კიდევ ერთი მიზეზი ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზირებული მოცულობების შემცირებაა. ნავთობის მსოფლიო ფასების ცვლილება როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე, ასევე თითოეული ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს მაკროეკონომიკურ გავლენას. თუმცა, ახლა ამის ანალიზისგან თავს შევიკავებთ და ვიწრო, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესო თემით გავაგრძელებთ – როგორ აისახება ნავთობის მსოფლიო ფასის ცვლილება ბენზინის ფასებზე საქართველოში?
ხშირად არის მოლოდინი და საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ბენზინი იმდენივე პროცენტით უნდა გაიაფდეს, რამდენითაც ნავთობის მსოფლიო ფასი შემცირდა. ანუ, რადგან ბოლო თვეებში ნავთობის მსოფლიო ფასი 34%-ით შემცირდა, საქართველოში ბენზინიც უნდა გაიაფდეს 34%-ით – 2.5 ლარი თუ ღირდა ლიტრი ბენზინი, 1.65 ლარამდე უნდა გაიაფდეს. ეს მიდგომა არასწორია ორი მთავარი შეცდომის გამო: 1. საქართველოში გაყიდული ბენზინის თვითღირებულებას მხოლოდ ბენზინის შესყიდვის (იმპორტის) ფასი არ წარმოადგენს და 2. ბენზინის გამყიდველს არაფერი არ ავალდებულებს, ერთი და იმავე მოგების მარჟაზე გაყიდოს ბენზინი. მას სურს, ყოველი ლიტრიდან რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს. ორივე გარემოება უფრო ფართოდ განვიხილოთ.
ბენზინი ნამდვილად ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება და ნავთობის მსოფლიო ფასის შემცირება ბენზინს აიაფებს, მაგრამ საქართველოში ბენზინის ფასზე ასევე გავლენა აქვს ლარის კურსს (რადგან პროდუქტი იმპორტირებულია), გადასახადებს, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, კომპანიებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯებს და ა.შ.
ბოლო პერიოდში საქართველოში შემოტანილი ერთი ტონა ბენზინის საშუალო ფასი 555 დოლარია. ერთი ტონა საწვავი 1376 ლიტრ ბენზინს უდრის, ანუ 1 ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 0.4 დოლარი, 1.10 ლარი გამოდის. ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 500 ლარია, რაც ლიტრზე 36 თეთრია. გამოდის, რომ 1 ლიტრი ბენზინის იმპორტის ღირებულებას დამატებული აქციზის გადასახადი ერთად 1.46 ლარია. ამის შემდეგ მოდის სხვა ხარჯები და მოგების ნორმა, რაც ბენზინის საბოლოო საცალო ფასს აყალიბებს. ეს ინფორმაცია კომპანიების მიხედვით განსხვავებულია და საჯარო არ არის. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია დადასტურებით, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ნავთობზე მსოფლიო ფასისა და ლარის კურსის ცვლილებას საცალო ფასის დაახლოებით 45%-ზე აქვს გავლენა. აქედან გამომდინარე, თუ დავუშვებთ, რომ ნავთობის ბოლოდროინდელი გაიაფება სრულად აისახება საქართველოში ბენზინის საცალო ფასზე, მაშინ ლიტრი ბენზინი დაახლოებით 35 თეთრით უნდა გაიაფდეს. 2.50-ლარიანი ბენზინი 2.15 ლარი უნდა გახდეს. თუ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება, ეს ეფექტი შემცირდება.
ზოგადად, ნავთობის მსოფლიო ფასის დაცემა საქართველოში ბენზინის ფასზე აისახება. ამის მაგალითი იყო 2014-2015 წლებში ნავთობის 70%-იანი გაიაფების შედეგები, სანამ ლარი გაუფასურებას, ხოლო ნავთობის მსოფლიო ფასი ზრდას დაიწყებდა. 2014 წელს საქართველოში ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 2.20 ლარი იყო, 2016 წლის დასაწყისში კი ფასი 1.5 ლარამდე შემცირდა. დღეს, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით, ნავთობის მსოფლიო ფასი 36%-ით არის შემცირებული, მაგრამ ამავე დროს ლარი დოლარის მიმართ 60%-ით არის გაუფასურებული. გამოდის, რომ ბოლო 5 წელიწადში ნავთობის გაიაფების ეფექტი ლარის გაუფასურებამ გადაფარა და ლოგიკურია, რომ დღეს უფრო ძვირი ღირს, ვიდრე 2013 წლის ბოლოს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2017 წლიდან ბენზინზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა.
დაახლოებით ორი თვის წინ ნავთობის მსოფლიო ფასსა და ბენზინის ადგილობრივ ფასებს შორის კავშირზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები ბლოგის სახით გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, თუ ლარის კურსისა და გადასახადების ცვლილების ეფექტს გამოვრიცხავთ, გრძელვადიან პერიოდში ნავთობის მსოფლიო ფასის ცვლილება ქართულ ბაზარს ერთი-ერთში გადაეცემა. თუმცა მოკლევადიან (ერთთვიან) პერიოდში 1 ლიტრი ნავთობის 1 აშშ დოლარით გაიაფება საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასს 0.35 დოლარით ცვლის. გამოდის, რომ ნავთობის ფასის ბოლოდროინდელ დაცემას, ერთი თვის პერიოდში, საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის დაახლოებით 15 თეთრით გაიაფება უნდა მოჰყვეს (თუ ლარის კურსი არ შეიცვლება).
მეორე საკითხია, საერთოდ რატომ უნდა გაიაფდეს საქართველოში ბენზინი, თუ ნავთობის მსოფლიო ფასი მცირდება? დავუშვათ, ლარი არ უფასურდება. ამ გაიაფების ერთადერთი გარანტი საქართველოში ბენზინის გამყიდველ კომპანიებს შორის კონკურენცია უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ფასს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. თუ კომპანია ფასს არ აკლებს და გაყიდვები არ უმცირდება, არანაირად არ არის ვალდებული, ფასი შეამციროს. ამას საქართველოში მოქმედი არც ერთი კანონი არ ავალდებულებს. ლიტრ ბენზინზე ფასწარმოქმნა ისევე თავისუფალია, როგორც სასტუმროს ოთახზე, საოფისე ავეჯზე, ერთ ცალ ხინკალზე ან ნაყინზე.
მაგრამ, თუ ბენზინის თვითღირებულება მცირდება და ამ დროს ფასი არ იცვლება ან პირიქით, მატულობს, გამოდის, რომ ბენზინის გამყიდველი კომპანიების მოგება იზრდება. აქ უკვე თავისუფალი, კონკურენტული ბაზრის თვისება ირთვება: კომპანიები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ფასის შემცირებით და უფრო მეტის გაყიდვით, რომ საბოლოოდ ჯამური მოგება გაეზარდოთ. სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოში. საქართველოს და განსაკუთრებით თბილისის ბაზარზე მომუშავე ხუთი მსხვილი ნავთობკომპანია რამდენად უწევს ერთმანეთს კონკურენციას და ხომ არ უთანხმებს ერთმანეთს გასაყიდ ფასებს? ანუ საქმე ხომ არ გვაქვს ე.წ. ხელოვნურად შეზღუდულ კონკურენციასთან, რაც დასჯადია. თანაც, ბენზინი ე.წ. არაელასტიკური პროდუქტია, რაც ნიშნავს, რომ მასზე ფასის გარკვეული მატება მოთხოვნას არ ამცირებს, ან ფასის მატების ეფექტზე ნაკლებად ამცირებს.
კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის შესწავლა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის ივლისში კომპანიები “კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. “სოკარი”, “ვისოლი”, “ლუკ ოილი”, “გალფი” და “რომპეტროლი” ჯამში 52 მლნ ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება კომპანიებმა სასამართოლში გაასაჩივრეს და სასამართლო დავების შედეგად ჯარიმა 3 მლნ ლარამდე შემცირდა. 2018 წლიდან კი კონკურენციის სააგენტომ ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო.
დატოვე კომენტარი