საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, რუსეთში ბიზნესის კეთება პრობლემურია, კორუფციის მაჩვენებლით კი ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზეა.
ოკუპანტი რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი, – თუმცა მთავრობა სწორედ ამ ქვეყანაში რეკლამირებაზე ხარჯავს მილიონობით ლარს. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც საკუთარ ეკონომიკაზე დამოკიდებულებას პოლიტიკური ნიშნით იყენებს და ამის მაგალითები არამარტო საქართველოს უახლეს ისტორიაშია. რუსეთმა იცის, რომ შედარებით ღარიბი ქვეყნების მის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მარტივია. ის ფაქტი კი რომ რუსეთის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან, დღეს პრაქტიკულად, ყველასათვის ცხადია.
განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს. გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყველა ცდილობს რუსულ ბაზარზე დამკვირდებას და ის ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი არ გვინდა, ქვეყნის მტერია.
“რუსული ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არ არის არავისთვის, ევროპელებისთვის, მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო, რადგან პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა, არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი. იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, არიან ქვეყნის მტრები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სად უფრო მარტივია ბიზნესის გაფართოება – რუსეთში თუ ევროკავშირში? ამ კითხვაზე საპასუხოდ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მოყვანა შეგვიძლია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მონაცემებით, რუსეთში ბიზნესის კეთების მთავარ პრობლემად კორუფცია სახელდება, შემდეგ პრობლემად სახელდება მაღალი გადასახადები და ფინანსებზე წვდომა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობით მსოფლიოში 43-ე ადგილზეა და თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას ჩამოუვარდება. ერთ–ერთი ყველაზე ცუდი შედეგი მას ვაჭრობის კომპონენტში აქვს, – მსოფლიოში 115–ე ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში სავაჭრო ურთიერთობის დამყარება უფრო რთულია, ვიდრე ეს მსოფლიოს 114 ქვეყანის შემთხვევაშია.
რუსეთი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე კორუფციული ქვეყანაა, საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით, კორუფციის დონით ის 138–ე ადგილზეა, ანუ ამ ქვეყანაში კორუფციის დონე უფრო მაღალია ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ 137 ქვეყანაში. რუსეთს ამ ინდექსში 29 ქულა აქვს და ის ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთით გაუმჯობესდა.
ეკონომიკური თავისუფლებით კი რუსეთი მსოფლიოში 98–ე ადგილზეა, Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით. ეს ორგანიზაცია რუსეთში ვაჭრობას შემდეგნაირად ახასიათებს: ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტორებაზე ინფორმაცია დახურულია, ქვეყნის საფინანსო სექტორზე გავლენას კი მთავრობა ფლობს. რუსეთის სარეიტინგო ქულა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რუსეთშია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას ხელს უშლის საკუთრების უფლების ხელყოფა. ამასთან, ქვეყანაში დაცული არაა კანონის უზენაესობა, სასამართლო კი განიცდის ზეწოლას პოლიტიკოსების მხრიდან.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით კი რუსეთი მსოფლიოში 31-ე ადგილზეა. ამ შემთხვევაშიც რუსეთს ყველაზე ცუდი შედეგი ვაჭრობის კომპონენტში აქვს, – 99-ე ადგილი მსოფლიოში. რუსეთის საზღვარზე პროდუქციის შეტანის/ექსპორტის საშუალო დრო 66 საათია, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში არსებული მაჩვენებელი.
Freedom House-ის რეიტინგის მიხედვით კი რუსეთი არათავისუფალ ქვეყნებს შორისაა. ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა კრემლის მართულია. “ქვეყანაში ყოვლისმომცველი კორუფციაა, მას კი აძლიერებს მაღალი ბიუროკრატია და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების არსებობა”, – წერია ანგარიშში.
კანონის უზენაესობის რეიტინგით, რომელსაც World Justice Project ადგენს, რუსეთი მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 88-ე ადგილზეა. მას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აქვს რეგიონის ქვეყნებს შორისაც – მეთერთმეტე ადგილი 13 ქვეყანას შორის. ის მხოლოდ უზბეკეთსა და თურქეთს უსწრებს. ამ 13 ქვეყანას შორის პირველ ადგილს საქართველო იკავებს.
საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, – ჩვენ მეტ პროდუქციას ვყიდულობთ რუსეთისგან, ვიდრე ვყიდით. მხოლოდ 2018 წელს რუსეთიდან იმპორტმა 936 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის 10%–ია. რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი საწვავს უკავია, შემდეგ მოდის ხორბალი. ორივე პროდუქციის მთავარი იმპორტიორი დღეს საქართველოში რუსეთია.
მილიარდ 972 ათასი ლარი ტურიზმიდან, მილიარდ 2017 ათასი ლარი ფულადი გზავნილებიდან, მილიარდ 179 ათასი ლარი პროდუქციის ექსპორტიდან და 162 მილიონი ლარი ინვესტიციებიდან, – ჯამში 4,5 მილიარდზე ლარი მეტი მიიღო საქართველოს ეკონომიკამ 2018 წელს რუსეთის ბაზრისგან. გამოდის რომ რუსეთის წილი ქვეყნის ეკონომიკაში საშუალოდ 10-11%-ია ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება რამდენიმე წელია იზრდება. 2018 წელს რუსეთში 437 მლნ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ, რაც მთლიანი ექსპორტის 13%-ი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის კი 2.7%–ია. რუსეთში გასაყიდად გაგვაქვს ფეროშენადნობები, ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები.
დატოვე კომენტარი